ინტერვიუ

მარიამ მურღულია

თინათინ ასანიშვილი

 სტუმრად ბატონ ვახტანგ ჯავახაძესთან

 

ვახტანგ ჯავახაძე - ეს სახელი და გვარი ჩვენ ცნობიერებაში გალატიონთან და ,,უცნობთან ასოცირდება. ამავე დროს, დიდი სურვილი გვქონდა, ბატონ ვახტანგს მის არაჩვეულებრივ ლექსებზე გავსაუბრებოდით და ცოტა რამ შეგვეტყო შემოქმედებით პროცესზე, შემოქმედებით ლაბორატორიაზე, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

როცა ნინო მასწავლებელმა გვითხრა, რომ ბატონ ვახტანგ ჯავახაძეს ესუბრა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და ის უკვე გველოდა, ცოტა არ იყოს ავფორიაქდით, თითქოს არ ვიცოდით, რა და როგორ გვეთქვა, ჩვენ ხომ დიდი ხანია გვინდოდა მასთან შეხვედრა.

ბატონ ვახტანგს მის სამუშაო გარემოში - რედაქციაში ვეწვიეთ. მთელი გზა გალაკტიონზე ფიქრები არ გვასვენებდა. იგი თითქოს მიგვიხვდა, რომ საუბრის დაწყება სწორედ გალაკტიონით გვსურდა: რაზე ვისაუბროთ, გალაკტიონზე? - გვკითხა მან ისე, რომ ჩვენგან მხოლოდ დასტურს ელოდა. ჩვენც დავიწყეთ...

- ბატონო ვახტანგ, როდის დაიწყეთ ,,უცნობზე მუშაობა და როგორ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა?

- მე გახლდით გალაკტიონის უკანასკნელი რჩეულის შემდგენელი და რედაქტორი. რედაქციაში მუშაობა 1956 წელს დავიწყე, 1957 - ში კი გალაკტიონი რედაქციაში მოვიდა და მთელი თავისი მასალები მოიტანა. სურდა ყველაფერი ერთ ტომად გამოეცა. ძალიან უყვარდა დიდი წიგნები, მისი ოცნება იყო, ძალიან დიდი წიგნის გამოცემა - სრული კრებულის. 1958 წელს მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავი სრულდებოდა (პირველი ლექსი ხომ 1908 წელს გამოაქვეყნა!) და სურდა საიუბილეოდ გამოეცა წიგნი.

გაკალტიონს სურდა ცხრა ტომის მასალა ერთ წიგნში მოექცია, რაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო. რჩეულის შედგენა მე, ახალბედა რედაქტორს დამავალეს.

...გალაკტიონს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად შემხვედრია ქუჩაში. ერთხელ უნივერსიტეტში საღამო მოვუწყვეთ. მე ლქსი წავუკითხე, მან კი მეც და სხვა დანარჩენებსაც შუბლზე გვაკოცა (ძალიან უყვარდა პოეზიის საღამოები, სიამოვნებდა ყურადღება).

ნოდარ ტაბიძე ჩემზე ორი კურსით წინ იყო უნივერსიტეტში. მას კარგად ვიცნობდი. ერთხელ ნოდარი მოვიდა რედაქციაში და მას გალაკტიონი მოჰყვა. ასე გავიცანი გალაკტიონი. მას შემდეგ რედაქციაში ხშირად მოდიოდა, ეჩქარებოდა წიგნის გამოცემა: დამიჩქარე, ძამიკო, დამიჩქარე და მე ვიცი შენი პატივისცემაო, - მეტყოდა ხოლმე და მერე წელზე დაიდებდა ხელს, თითქოს ჯანმრთელობის გამო წუხდა.

ძალიან დიდ მასალასთან მომიხდა შეხება, ბევრი გამორჩენილი, გამოუქვეყნებელი ლექსი მოვიძიე და კრებულში შევიტანე. მოუთმენლად ველოდი გალაკტიონის შეფასებას, მის აზრს, როგორ მოეწონებოდა ჩემი შედგენილი რჩეული. გალაკტიონს შევთავაზე, რომ ლექსები ციკლებად დაგვეყო და პირველი ციკლის სათაური რომ ვუთხარი, ფეხზე წამოდგა ხელი ჩამომართვა და მითხრა: მომილოცავს, ძამიკო! ასე განმეორდა, როცა სხვა ციკლთა სათაურები გავაცანი. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდი, მართლა კმაყოფილი იყო. მას არც კი გადაუხედავს, რომელი ლექსები შევიტანე კრებულში და რომელი - არა, თითქოს ამბობდა: რაც არ უნდა შეიტანოთ, ცუდი მაინც არ გამოვაო. გარდა ამისა არ დაობდა თარიღებზე. მივხვდი, რომ გალაკტიონი პასიური ავტორი იყო ამ საკითხში და გამომცემლებს დიდ თავისუფლებას აძლევდა, რითიც ცუდად სარგებლობდა კიდეც.

...50 წლის იუბილე ჩატარდა - საკმაოდ მკრთალი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ნახევრადსავსე დარბაზში. გალაკტიონი მაინც ძალიან კმაყოფილი იყო, თუმცა წიგნმაც ვერ მოუსწრო.

შემდეგ გალაკტიონი ხშირად ავადმყოფობდა და 1959 წლის თებერვალში უკანასკნელად იყო მოსული რედაქციაში. მალე გალკტიონმა თავი მოიკლა. წიგნი გაზაფხულზე გამოვიდა, მაგრამ გალაკტიონი ამას ვეღარ მოესწრო.

მე მინდოდა დამეწერა წერილი - გალაკტიონი, როგრც ავტორი, რათა გამეფრთხილებინა გალაკტიონის მომავალი ტექსტოლოგები, რომ არ დაყრდნობოდნენ შემდგენელთა და რედაქტორთა არჩევანს, რადგან ზოგი მათგანი თარიღს ცვლიდა, ზოგი რაღაცას აკლებდა, ასწორებდა და ა.შ. თანაც მე მინდოდა ჩემ მიერ შერჩეული ლექსების დედნები მენახა. ამ მიზნით მივედი ლიტერატურის მუზეუმში, მაგრამ მისი არქივი იმდენად დიდი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ შემიტყუა და წიგნის დაწერა გადავწყვიტე.

- რამდენი ხანი მუშაობდით ,,უცნობზე, როდის დაიბეჭდა იგი პირველად და რამდენი რედაქცია გამოიცა მას შემდეგ?

- წერა 1983 წელს დავიწყე. 1985 წელს ვაჩვენე ჩემს მეგობარ მწერალს, ბესიკ ხარანაულს, რომელიც ჩემი მეზობელი იყო. ერთი კვირის შემდეგ, როცა წიგნის შესახებ აზრი ვკითხე, ბესიკმა მითხრა, რომ წიგნი სულაკურთან მიეტანა და უკვე გამოსაცემად მზადდებოდა. რაღას ვიზამდი? ცოტა ხანში შეაჩერეს წიგნის ბეჭდვა, ალბათ ვიღაცის პირადი მოსაზრების გამო... ალბათ ვიღაცას არ სურდა, დაბეჭდილიყო სიმართლე გალაკტიონის მძიმე ცხოვრებაზე.

ორი წელი ,,უცნობი სახლში მედო. 1987 წელს ქუთაისში, ჟურნალ ,,განთიადის რედაქტორად დანიშნეს რეზო ჭეიშვილი. მან შემომთავაზა მასალის ,,უცნობის ჟურნალში გამოქვეყნება. გადავწყვიტეთ, პირველივე ნომერში მთლიანად დაგვებეჭდა, რათა კიდევ ვინმეს არ შეეშალა ხელი.

1988 წელს ,,ნაკადულმა გამოსცა წიგნად - 4000-იანი ტირაჟით.

წიგნზე მუშაობას ვაგრძელებდი, ვაგროვებდი მასალას, მოგონებებს...

1991 წელს გამოვიდა განახლებული და შევსებული გამოცემა.

1996 წელს ,,უცნობი მესამედ გამოიცა, მაგრამ ვინაიდან ტექსტი დიდი იყო, ნახატები აღარ შევიტანე... I და II გამოცემებში ნახატები დავბეჭდე, რაც მკითხველისთვის მოულოდნელი იყო, არავინ იცოდა, რომ გალაკტიონი თავისთვის ხატავდა კიდეც.

დღემდე  (ოცდახუთი წელია უკვე) ვმუშაობ გალაკტიონის არქივზე და ,,უცნობზე. ლიტერატურის მუზეუმმა გალაკტიონის ოცდახუთტომეულის გამოცემა ჩაიფიქრა და მე კონსულტანტად მიმიწვიეს. გარდა ამისა, გაისად უნდა გამოვიდეს უცნობის ახალი, შევსებული რედაქცია (გამომცემლობა ,,საარის მიერ) და ამით ალბათ ჩემი ოცდახუთწლიანი მუშაობაც დამთავრდება.

- გალაკტიონზე ბევრი წიგნია შექმნილი. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ,,უცნობის პოპულარობა?

- ეს იყო საზოგადოებისთვის უცნობი გალაკტიონი. გარდა ამისა, პირველად ითქვა სიმართლე მისი ცხოვრების შესახებ. როგორც მოგახსენეთ, მანამდეც ვიცნობდი გალაკტიონს, მაგრამ მისი არქივის გაცნობამდე, არ ვიცოდი, თუ როგორი ტრაგიკული პიროვნება იყო იგი. გავბედე, სიმართლე მეთქვა მისი ცხოვრების, მისი თვითმკვლელობის დეტალებისა თუ იმის შესახაბ, თუ რა უსამართლოდ ექცეოდნენ მას. ალბათ ამიტომაა ეს წიგნი საინტერესო.

- გალაკტიონის ხსენებისას, პირველად რა ფიქრი იბადება თქვენ გონებაში?

- დიდი პოეტი, ტანჯული პოეტი, გენიალური პოეტი...

- ის ხომ უყვარდა ხალხს? მაშ რატომ იტანჯებოდა?

- სომხებს ჰყავდათ ერთი სახალხო პოეტი, ავეტიკ ისააკიანი, რომელსაც ემსახურებოდა მანქანა, მძღოლი, ჰყავდა მდივანი. გალაკტიონს ყურადღება მუდამ აკლდა. ხალხს თითქოს უყვარდა, თითქოს ყველა აფასებდა, მაგრამ სათანადოდ არასოდეს ყოფილა დაფასებული. გარდა ამისა, მას არ ჰქონდა ცხოვრების ნიჭი, თითქოს განგებამ სხვა ნიჭით დააჯილდოვა და სამაგიეროდ პრაქტიკული ცხოვრებისთვის საჭირო უნარი მოაკლო.

...ერთხელ ნათურა გადაეწვა და ამაზე მთელი ,,ტრაქტატი აქვს დაწერილი: რატომ ჩაქრა, რა იყო მიზეზი და ა.შ.  ეს უბრალო მოვლენა ტრაგედია იყო მისთვის.

- ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო...

- მართლაც რომ არ იყო... თავად ამბობდა: შეშლილივით ვიყურებიო... არანორმალური იყო, ამ სიტყვის პირდაპირი და კარგი გაგებით, ამოვარდნილი იყო ჩვეულებრიობის ჩარჩოებიდან, ნორმიდან. ნეტა ღმერთი კიდევ ერთ-ორ მასეთ არანორმალურს გვაღირსებდეს!..

- გალაკტიონის რომელი ლექსი გიყვართ ყველაზე მეტად?

- გალაკტიონს სამასამდე შედევრი აქვს დაწერილი. ძნელია ამოარჩიო საუკეთესო ლექსი... ,,ლურჯა ცხენები, ,,ეფემერა...

სამწუხაროა, რომ ლექსები, რომლებიც სახელმძღვანელოებში შეჰქონდათ, არ არის ნამდვილი გალაკტიონი. მისი ტკივილი, მისი გენიალობა სხვა ლექსებშია...

კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, რომ გალაკტიონის შედევრებს თვით ვაჟა და რუსთაველიც ვერ დაწერდაო. ძალიან მაღალი შეფასებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ლექსი მუსიკალურ სამყაროსთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ეს გალაკტიონის შედევრებშია. გალაკტიონი აზრისა და მუსიკის საზღვარზე გადის... გალაკტიონმა ყველას ასწავლა უკეთესად წერა, თუმცა ყველა ამას არ აღიარებდა.

- თქვენი აზრით, რომელ წლებშია გალაკტიონი უკვე გალაკტიონი?

- გალაკტიონის შემოქმედება შეიძლება 4 პერიოდად დავყოთ:

                                      I.      მოსამზადებელი პერიოდი, როცა იგი, შეიძლება ითქვას, აკაკის მოსწავლეა.

                                   II.      1915 - 1926 წლები, როცა მასში გენიამ გაიღვიძა. ამ პერიოდში მხოლოდ შედევრებს ქმნიდა.

                                 III.      1928 - 1936 წლები - დაშინებული გალაკტიონი. ამ პერიოდში, ძირითადად, იდეურ ლექსებს წერდა.

                                IV.      ბოლო ეტაპი, როცა დაიბრუნა თავისი ხიბლი და მართლაც სრულყოფილ ლექსებს წერდა.

  მაგრამ 1915-26 წლები მაინც სულ სხვა იყო. სწორედ ეს გახლავთ გალაკტიონის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები.

- ახლა თქვენს პოეზიას შევეხოთ...

მაგრამ ბატონმა ვახტანგმა სიტყვა არ დაგვასრულებინა - ,,გალაკტიონის გვერდით?! არანაირმა მცდელობამ არ გაჭრა, თუმცა ბატონი ვახტანგი დაგვპირდა, რომ სხვა დროს აუცილებლად გაგვესაუბრება თავის შემოქმედებაზე.

 

P.S. ბატონი ვახტანგისაგან მივიღეთ ნებართვა, გალაკტიონის ვებგვერდის შექმნისას ვისარგებლოთ ,,უცნობით.

 

Сайт управляется системой uCoz