სიმონ ჩიქოვანი
ჩანაწერი გალაკტიონზე
1938 წელს, გალაკტიონ ტაბიძის მოღვაწეობის 30 წლის შესრულების თავზე მოეწყო პოეტის შემოქმედებითი საღამო. მწერალთა კავშირის ხელმძღვანებლობამ მე დამავალა ამ საღამოს გავძღოლოდი და გალაკტიონის შემოქმედებაზე შესავალი სიტყვა მეთქვა. შეიძლება ითქვას, მე პირველად მიხდებოდა მის პოეზიაზე საჯაროდ აზრის გამოთქმა. წიგნი არტისტული ყვავილები თითქმის სიყრმის დროიდან, თითქმის მთლიანად ზეპირად მახსოვდა, მაგრამ ხელახლა გადავიკითხე, შესავალი სიტყვა დავწერე და საღამოზე წავიკითხე მის მრავალრივხოვან თაყვანისმცემელთა წინაშე. ვრცლად ვილაპარაკე გალაკტიონის განსაკუთრებული პოეტური მუსიკალურობის, მელოდიურობის შესახებ; იმაზე, თუ როგორ ეხმიანება იგი ქართული სიტყვის მეშვეობით აზრს, რომ პოეზია მუსიკაა უპირველეს ყოვლისა და სხვა მრავალი.
ეტყობა, გალაკტიონ ტაბიძე კმაყოფილი დარჩა ჩემი სიტყვის შინაარსით. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, თქვენი სიტყვა ძლიერ მომეწონა განსაკუთრებით შესანიშნავად დაახასიათეთ, კარგად ჩაწვდით ჩემი პოეზიის მუსიკალობასო. სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიმეღო მის მომავალ საღამოში.
სიმონ ჩიქოვანის ეს ჩანაწერი წარმოადგენს 1963 წლის 3 მარტის საქართველოს რადიოთი გამოსვლის მონახაზს, რომელშიც ის მოგონების ფორმით საუბრობს გალკტიონის პოეზიის უარსებითეს მხარეს - განსაკუთრებულ პოეტურ მუსიკალურობაზე. ამავე საკითხს წამოსწევს იგი ინტერვიუში, რომელიც ჯერ ლიტერატურნაია გრუზიაში.
მაგონდება ერთი საუბარი ჩვენს უდიდეს პოეტ გალაკტიონ ტაბიძესთან, ოცდაათიაან წლებში. ერთ დილას შემთხვევით ქუჩაში შევხვდი მას. ვეულებრივ, ენაწყლიანობა არ სჩვეოდა, ამიტომ ცოტა არ იყოს, დამაბნია მისმა სერიოზულმა შეკითხვამ იმის თაობაზე, თუ რას მივიჩნევ მე პოეზიად და როგორ აღვიქვამ გარე სამყაროს.
პასუხისთვის არც დაუცდია, თავადვე დაიწყო საუბარი. ჩანდა, მოძალებოდა სურვილი არა ლექსებით, არამედ ლექსებზე, პოეზიაზე საუბრით თვითგამოხატვისა. მან თქვა, რომ ბუნებასა და სინამდვილეში ყოველ საგანსა და მოვლენას აქვს საკუთარი მუსიკა, ჟღერადობა და რომ მას ესმის მუსიკა ყოველივე იმისა, რასაც ხედავს და შეიგრძნობს. პოეტმა უნდა აღიქვას ყოფიერების ამ მუსიკის ყოველი ნიუანსი, იგრძნოს ყოველი საგნისა და მოვლენის ტონალობა და შემდგომ საკუთარი სულის სიმებზე ააჟღეროს ისე, რომ ყოველ საგანს შეუთანხმოს საკუთარი ტემბრი, ზუსტი ხმა.
ამგვარი პოლიფონიური პოეზიის ნიმუშები ბლოკისა და რილკეს შემოქმედებაა, თუმც შეიძლება დასახელება არაერთი დიდი პოეტისა, რომელთაც მუსიკის სანაცვლოდ უკიდურესად დაძაბული ინტონაცია ახასიათებთ.
ძალზე გამახარა მაშინ დიდი პოეტის გულახდილობამ. მომეწონა მისი მსჯელობის სიმწყობრე, ამ მსჯელობის შესაბამისობა მისსავე პოეტურ გამოცდილებასთან.
მის სიტყვებში დავინახე ცხოვრების აღქმის თავისებური და ძალზე გარკვეული შემოქმედებითი კონცეფცია. არც კი მინდა, აქ სიტყვა კონცეფცია გამოვიყენო, რადგანაც ყოველივე, რასაც ის ამბობდა, შორს იყო თეორიისაგან. ეს იყო მუსიკა მისი სულისა და აზრისა.
უეჭველია, გალაკტიონის პოეტური წარმოსახვა სამყაროს მუსიკალური აღქმიდან იღებდა სათავეს. მასში მუსიკა ბადებდა პოეტურ სახეს. მისი პოეზია უკიდურესად მელოდიურია. მელოდიური სიმწყობრე, თანხმობაა ყოველ მის სიტყვაში. მისი ლექსები კამერტონებია, რომლითაც შეგვიძლია გამოვიცნოთ და აღვიქვათ ფარული მუსიკა მთელი სამყაროსი, ქვიშის ნამცეციდან - სტიქიურ მოვლენებამდე. სტიქიად კი აქ ყველაფერი იგულისხმება - ბუნებაც, სოციალური ქარიშხლებიც და სიმშვიდეც...