პავლე ფირფილაშვილი
როდესაც ხელი გამოწვდილი რჩება ჰაერში
1945 წლის შემოდგომაა. ვერის ხიდზე გალაკტიონი დავინახე. მოაჯირზე უშიშრად მჯდარ მამაკაცს რაღაცაზე ესაუბრებოდა. ახლოს მისულმა სპარტაკ ბაღაშვილი შევიცანი.
გამვლელთაგან ზოგი ცნობისმოყვარეობას ვერ ფარავდა და ჩემსავით ჩერდებოდა, ზოგიც ფეხშენელებით მიდიოდა და თან თვალი მათკენ რჩებოდა.
სპარტაკი მოაჯირიდან უცებ ჩამოხტა, გალაკტიონს თავი მდაბლად დაუკრა და მკერდზე ემთხვია.
"ძამიკო, წავიდეთ! - გავიგონე პოეტის სიტყვები.
ხიდის მარცხენა ყურესთან ხელკავით მისულები შეჩერნდნენ.
იქ ერთი ცალფეხა რუსი სამხედრო იჯდა, გადმობრუნებულ ქუდში მოწყალებას აგროვებდა.
გალაკტიონი დაიხარა, ქუდი აიღო, ხურდა ხელში მოაგროვა და მათხოვარს რუსულად უთხრა:
- მომეცი ეს ფული, თუ შეიძლება!
- წაიღე, მშვიდობით მოიხმარე!
- არც დაფიქრებულა რუსი.
პოეტმა ხურდა მართლაც ჯიბეში ჩაიყარა. სამაგიეროდ, საფულიდან წითელი სამთუმნიანი ამოიღო და ქუდში ჩაუგდო.
* * *
ომის შემდეგ, ორმოცდაექვს-შვიდ წლებში მთელ საქართველოს მოედო ლუგელას წყლის სასწაულმოქმედების ამბავი.
იმხანად ვერის ბაზრის თაღოვანი შესასვლელის ხელმარცხნივ, კუთხეში ერთი საჩაიე იყო, მარჯვნივ - ლუგელას და მჟავეულობას ყიდდნენ. ერთხელ ამ საჩაიეში ამხანაგებთან ერთად შევედი. ხალხით სავსე დარბაზში ერთ მაგიდასთან მარტო იჯდა გალაკტიონი, მაწონს შეექცეოდა და თან ლუგელას სასწაულებზე მოუბარ ხალხს უსმენდა.
ცხადია, ვერ გავუბედეთ შეწუხება და სხვა მაგიდასთან ადგილის გათავისუფლებას ველოდებოდით. თავად შეგვნიშნა და შემოგვთავაზა, მასთან დავმსხდარიყავით. ალბათ ჩვენი აღჭურვილობით მიხვდა, რომ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ვიყავით და გვკითხა:
- ძამიკოებო, რომელი კურსის მედიკოსები ხართ?
მივუგეთ, რომ მისი ძმისწული - ვასილ ტაბიძის კურსზე ვსწავლობდით.
- ესე იგი მესამე კურსზე, არა? თქვენ გეცოდინებათ ლუგელას წყლის შესახებ. ნუთუ, რასაც ხალხი ამბობს, მართალია!
ჩემი მეგობარი პ. რობაქიძე ყველაზე თამამი აღმოჩნდა და უცებ ჩამოარაკრაკა:
- ლუგელას წყალი არის ბუნებრივი კალციუმ-ქლორატი. მხოლოდ ეგაა, ზოგიერთი ელემენტი მასში უფრო ჭარბადაა წარმოდგენილი და ამის გამო უფრო მწარეა. რაც შეეხება მის სამკურნალო დანიშნულებას, ისეთივეა, როგორც კალციუმ-ქლორატისა... კერძოდ, იგი შეიძლება გამოვიყენოთ ტუბერკულოზის, ბრონქიალური ჯირკვლების გადიდების, უმადობის დროს. ასევე სისხლის დენის შესაჩერებლად...
- ტუბერკულოზი, ბრონქიალური ჯირკვლების გადიდება, სისხლის დენა, უმადობა, - გაიმეორა გალაკტიონმა, - ესე იგი, გამოდის, რომ აბესალომ და ეთერის ლეგენდა სწორ ცნებას შეიცავს. აბესალომი უმადობით და შეიძლება ტუბერკულოზითაც იყო დაავადებული და მურმანი ამიტომ გააგზავნა ცხაწყაროს - ჩხოროჭყუს უკვდავების წყალზე. მაშასადამე, სხვა რამ ბოროტი განზრახვა არა ჰქონია. ასე არ გამოდის, ძამიკო?
ჩემი მეგობარი უფრო გათამამდა:
- დიახ, ბატონო გალაკტიონ! ამ საჩაიეს წყალობით ხშირად გხედავთ ბაზარში, თავისუფლად მოსიარულეს, დადიხართ და ათვალიერებთ...
- ძამიკო! ბაზარი ჯერ ერთი, ქვეყნის ბარომეტრია, - გაეღიმა პოეტს, - პირველად აქ გაიგებ, როგორი ჭინახულია ქვეყანაში, რა უჭირს და რა ულხინსმშრომელ ადამიანს, მეორეც ბაზარში მარტო სურსათი კი არა, სიტყვაც მოაქვთ, ესა თუ ის გამოთქმა, ანდაზა, ლექსი, ნაკვესი... მე აქ უბის წიგნაკითა და ფანქრით შეიარაღებული დავდივარ, რომ ჩვენი ხალხის დიდი სიბრძნე, რომელიც ამა თუ იმ გამოთქმაშია დაუნჯებული, ჩავიწერო და დაკარგვას გადავარჩინო. მინდა, რაც შეიძლება ბევრი წავიღო ჩემი სამზარეულოსათვის.
* * *
ჩემი სტუდენტობისას ვაკეში კოლმეურნეობის მურნეობიდან ხუთი ნომერი ტრამვაი დადიოდა. ერთხელ სტუდქალაქის გაჩერებაზე ვიდექი. ტრამვაი გაჩერდა. რონოდაში ასვლამდე ჯერ ბავშვიან ქალს მივეცი გზას. ასვლაშიც მივეხმარე. ყველა სკამი დაკავებული იყო. წყვილადგილიან სკამზე მარტო იჯდა გალაკტიონი. პოეტი შემჭიდროვდა და ბავშვიანს დაჯდომა შესთავაზა. ქალს მადლობაც არ უთქვამს, ისე მოკალათდა მის გვერდით.
ბავშვმა გალაკტიონისაკენ გაიწია. პოეტმაც მოფერება დაიწყო. მგზავრები გაირინდნენ. ყველა თვალს ადევნებდა. შემდეგ გაჩერებაზე მეზობლად ერთადგილიანი სკამები გათავისუფლდა. ქალმა იმ წუთასვე უბოდიშოდ მოაშორა გალაკტიონს ბავშვი და სხვაგან გადაჯდა. პატარას პოეტისაკენ გაშვერილი ხელები ჰაერში დარჩა.
გალაკტიონი უხმოდ შებრუნდა ფანჯრისკენ, ხალხს სახე აარიდა.
მეოთხე გაჩერებაზე ქალი ჩამოვიდა, მეც ჩამოვყევი. კალანდაძის ქუჩაზე შემნიშნა, შეჩერდა და ადევნების მიზეზი მკითხა.
- რატომ არ მიეცით გალაკტიონს საშუალება, რომ თქვენს ბავშვს წესიერად მოფერებოდა. იქნებ სურდა, ხელში აყვანა? - ვუთხარი გულდაწყვეტით.
- როგორ, ის, წვერიანი კაცი, ღვინო არყის და თამბაქოს სუნი რომ ასდიოდა, გალაკტიონი იყო? - გაიკვირვა ქალმა.
მე დავუდასტურე.
- დიდუ! ჩემი სიკვდიდლი! - ამოოხვრით შეიცხადა მან, - რატომ მიწა არ გამისკდა და შიგ არ ჩავვარდი, ტრამვაიდან რომ ჩამოვდიოდი! როგორ უნდა თქვას ჩემმა ბავშვმა, რომ პატარაობისას ტრამვაიში მისი მოფერება სურდა გალაკტიონს, მაგრამ ბედოვლათმა დედამისმა საშუალება არ მისცა და განაწყენებული დატოვა... ღმერთო, ეს როგორ დამემართა!...
მას შემდეგ ქალი აღარსად შემხვედრია.
* * *
1947 წლის შემოდგომაზე მე და ჩემმა მეგობრებმა - პ. რობაქიძემ და ალ. ანასაშვილმა აფიშებიდან შევიტყვეთ, რომ რკინიგზელთა სახლში გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გამართულიყო.
ადგილის დასაკავებლად ცოტა ადრე მივედით, მაგრამ ადმინისტრატორის მეტი არავინ დაგვხვედრია.
ცოტა ხანში ორი-სამიოდე კაციც მოგვემატა. პრეზიდიუმში გალაკტიონს რამდენიმე კაცი ახლდა, მაგრამ აუდიტორიას მეტი აღარავინ შემომატებია. გავიდა ნახევარ საათზე მეტი, არაფერი შეცვლილა... ერთი სიტყვით, მოცდას აზრი აღარ ჰქონდა.
საღამო ჩაიშალა...
ჩვენ უნებური მოწმენი გავხდივ, თუ როგორ ქვითინებდა მეფე-პოეტი.
* * *
1950 წლის მაისში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს ქალაქის მეორე საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში პრაქტიკული მეცადინეობები დაგვეწყო. ანბანთრიგზე გამართულ სიაში ბოლოს ვეწერე და როდესაც ასისტენტმა ყოველ სტუდენტს ავადმყოფი მიამაგრა ისტორიის შესადგენად, მე უავადმყოფიდ დავრჩი, მაგრამ ბედმა თურმე სწორედ მე გამიღიმა ასისტენტმა პროფესორ დავით იოსელიანის კაბინეტში შემიყვანა ჩემი ამბის გასარკვევლად.
- პოეზია, მწერლობა თუ გიყვარს? - მკითხა ბატონმა დავითმა.
- დიახ! - ვუპასუხე მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა.
- გალაკტიონის პოეზიას თუ იცნობ, მისი რომელი ლექსი გახსოვს?
- რამდენიმე ქმნილება დავუსახელე.
- აბა, თუ გახსოვს, მესაფლავე წამიკითხე!
ლექსის კითხვა რომ დავასრულე, თანახმა ვარ, ვენდოთ ამ ყმაწვილსო, - თქვა პროფესორმა და განაგრძო:
- უკვე სამი დღეა, ჩვენთან, ცალკე პალატაში წევს გალაკტიონი. იგი აქაც მუშაობს, ამიტომ დიდად ნუ შევაწუხებთ; შეურჩიე ისეთი დრო, როცა თავისუფალი იქნება; ეცადე ისე შეადგინო მისი ავადმყოფობის ისტორია, წვრილმანიც არ გამოგრჩეს!
- მერე გალაკტიონის მკურნალ ექიმს - მიშა მესხს სთხოვა, ჩემთვის ახლადგაკეთებული ანალიზებით სარგებლობის ნება დაერთო.
პალატაში შევედით.
იწვა გალაკტიონი, მარცხენა ქვედა კიდურზე თაბაშირის ნახვევი ედო, გაზეთს კითხულობდა. ჩვენი დანახვისთანავე გაზეთი გადადო.
- ბატონო გალაკტიონ, ეს სტუდენტი თქვენი პოეზიის დიდი თაყვანისმცემელია, მომავალი ექიმი და თუ ნებას დაგვრთავთ, თქვენი ავადმყოფობის ისტორიას შეადგენს.
- კი, ბატონო! - გაეღიმა პოეტს.
პროფესორმა და ასისტენტმა დაგვტოვეს. მე, ექიმის მეთვალყურეობით, რამდენადაც შემეძლო, ავადმყოფი გულმოდგინედ გავსინჯე და ისტორიის წერას შევუდექი:
ავადმყოფი ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე, 59 წლის.
დიაგნოზი: მარცხენა წვივის ორგოჯოვანი მოტეხილობა სახსარში და კანქვეშ დიდი სისხლჩაქცევებით... რადგან კიდური ძლიერ დასივებული და ჩალურჯებულია, გაუკეთდა განმეორებითი თაბაშირის - ვოლკოვიჩის ნახვევი და ერჩია წოლითი რეჟიმი. კიდურს მიეცა მაღლივი მდგომარეობა ...
ჩემი ნაწერი ექიმისას შევადარეთ. რაიმე არსებითი განსხვავება ავადმყოფობის ისტორიაში არ იყო. ჩემს ისტორიასაც იგივე ნომერი - 898 დავუსვი.
წარმოიდგინეთ როგორ გამიხარდებოდა!
ეს ისტორია დღემდე რელიკვიად ინახება ჩემს არქივში.
* * *
ავაადმყოფ გალაკტიონს მეორედ ხუთი წლის შემდეგ შევხვდი. უკვე ექიმი ვიყავი, რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყიფოში ვმუშაობდი. ოქტომბრის თვეში თრეაპიის განყოფილებაში დაწვა სამკურნალოდ. როცა ცოტა მომჯობინდა, ახალგაზრდა ექიმთა ჯგუფის ინიციატივით საავადმყოფოს კლუბში სამახსოვრო საღამო გავუმართეთ. დარბაზი ხალხსს ვერ იტევდა. ფანჯრები გააღეს, რათა ავადმყოფთა ნაწილს გარედან მაინც მოესმინა გამომსვლელთათვის. გალაკტიონი უსაზღვროდ ბედნოერი ჩანდა.
საღამოს დასრულების შემდეგ პოეტს თაყვანისმცემლები გარსს შემოეხვივნენ. გულითადი საუბრისას მან იქვე მდგარ მთავარ ექიმს გ. ქობულიას და პარტიბუროს მდივანს განცხადება გადასცა.
ადმინისტრაციას სთხოვა, აღეძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა მტკვრის მარცხენა სანაპიროსთვის გალაკტიონის სახელი ეწოდებინათ. მოტივად იმას ასახელებდა, რომ ამ სანაპიროზე, ვერის ხიდთან, თავისი საცხოვრებელი სახლის პირდაპირ მდებარეობდა მისი ტომეულების სამშობიარო სახლიც (ასე მოიხსენებდა გამომცემლობა საბჭოთა საქართველოს).
რასაკვირველია ადმინისტრაცია იმ ტკბილ საღამოს დაჰპირდა საკითხის მოგვარებას. მაგრამ იმხანად მას ასრულება არ ეწერა. პიროვნების კულტის პერიოდში ამ საძნელო საქმეს ვინ მოჰკიდებდა ხელს!
* * *
როცა გალაკტიონის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი შევიტყვე, იმდროინდელ სამკურნალო კომბინატს მივაშურე. მინდოდა იქ მომუშავე ექიმებისგან გამეგო მიზეზი, მაგრამ ისინი საეჭვოდ ორჭოფობდნენ. იგრძნობოდა, რომ რაღაც იმალებოდა, სიმართლის თქმას ერიდებოდნენ. პროფესიულმა მოუსვენრობამ მძლია. ასე თუ ისე, ვიცოდი საავადმყოფოში გალაკტიონის ქცევის წესი. ვესაუბრე იმ დღით მომუშავე სანიტრებსა და დამლაგებლებს. ნაწილი აღშფოთებული იყო, არც მალავდა სიმართლეს. განაწყენებულნი იყვნენ ინტელიგენტებზე, რომელთაც, მათი თქმით, ამგვარ ვითარებაში არ დაზოგეს გალაკტიონი, მისი ნაზი ბუნება და თვითმკვლელობისკენ უბიძგეს.
ყველა მათგანის ნაამბობი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს: საავადმყოფოს მესამე სართულზე გარდაცვლილი შალვა დადიანის ცხედრის მოსანახულებლად პირველ რიგში უფროსობა დაიძრა. გალაკტიონი, რომელიც იმ დღეს მოათავსეს სამკურნალოდ მეორე სართულზე, მესამე სართულის ასასვლელ კიბესთან დამდგარა და მოწინავე მწერალთა ერთ ჯგუფს სამძიმრის სათქმელად წინ მიგებებია. რამდენიმე მათგანისთვის ხელი გაუწვდია ჩამოსართმევად, მაგრამ არცერთს არ ჩამოურთმევია, გვერდი აუქცევიათ და მესამე სართულზე ასულან... გალაკტიონს გაშვერილი ხელი ჰაერში დარჩენია, აცრემლებულა. რამდენიმე წუთში ისიც მესამე სართულზე ასულა და თვალს მოფარებია, გაუჩინარებულა... მერე მოხდა ის, რამაც შესძრა სრულიად საქართველო....