ნოდარ კაკაბაძე
ერთი შეხვედრა გალაკტიონთან
ომი ახალი დამთავრებული იყო. შიმშილისა და გაჭირვების მიუხედავად, ჩვენ - სკოლაახალდასრულებულები გალაკტიონის პოეზიით ვბოდავდით.
ერთ საღამოს (ახალი გაზაფხული იყო თუ ზამთარი, ზუსტად არ მახსოვს) გადავწყვიტეთ, შინ ვწვეოდით დიდ პოეტს და ჩვენი სიყვარული და თაყვანისცემა გაგვემხილა (მასთან უშუალო შეხვედრა ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო).
თუ მეხსიერება არ მღალატობს, იმ საღამოს ოთხმა სოლოლაკელმა ბიჭმა მოვიყარეთ თავი, რუსთაველის გამზირზე ბოლთას ვცემდით და, როგორც ძალიან ხშირად, გალაკტიონზე ვლაპარაკობდით (მისი ლექსების უმეტესობა ყველამ ზეპირად ვიცოდით). ჩვენი იმდღევანდელი სოლოლაკური არიფიონის წევრები იყვნენ: ჩემი ძმა - ზურა, რომელიც იმ ხანებში თვითონაც წერდა ლექსებს, ჩემი ბავშვობისა და სიყრმის უახლოესი მეგობარი ოთარ ბურჯანაძე (მაშინ იგი დავითაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა, შემდეგ ცნობილი დასტაქარი გახდა. მისმა უდროო წასვლამ შეუხორცებელი ჭრილობა დაგვიტოვა ბავშვობის მეგობრებს. ოთარი დღემდე ექიმის იდეალად მესახება. მისი ბუნებრივი მოთხოვნილება ამქვეყნად სიკეთისა და ღიმილის თესვა იყო), ირაკლი ნანეიშვილი, თავის დროზე ვუნდერკინდი, ფენომენალური მეხსიერების პატრონი, რომელმაც საბავშვო ბაღის ასაკში თამაშ-თამაშით ისწავლა თითქმის ყველა ევროპული ენა და რომელიც, ჩემი აზრით, საბოლოოდ არასწორი პროფესიული ორიენტაციისა (,,დინასტიურად,, მისი ოჯახი სამედიცინო განხრისა იყო) და უნებისყოფობის გამო დაიღუპა (ირაკლი ადრიდანვე დაუძმობილდა ბახუსს და