ნიკოლოხ ბარათაშვილი

 

                        

 

ყოველ მომენტს ესაჭიროება თავისი პოლიტიკა: განა შუაღამეს არა აქვს თავისი განსაკუთრებული სილამაზე, როგორც  მაგალითად მზის ამოსვლას? განა სისხლისფრად წითელი მზის ჩასვლისას არ გხიბლავთ იმგვარივე იდუმალი ფერები, როგორც მზის ამოსვლის დროს? ყველა ეს ფერები, რომლებიც ენთებიან  და იღვრებიან დიდი დღის ალმურში, ეს სხივების გაკვეთილი ფანტასტიური ღრუბლები, ჰაეროვან ბაბილონის ნანგრევებად რომ გვეჩვენებიან, განა იმათში ნაკლები პოეზიაა? განა შეიძლება ვინმემ უარყოს ბარათაშვილის ბარათაშვილის შემოღამება, ისე, როგორც მისი მერანი მზით დამწვარ ცხელ უდაბნოში? ეს დრო ჩვენს ლიტერატურაში არ დადგება.

   ბევრი მგოსანთაგანი, რომელიც კი არის ღირსი ამ საღვთო სახელის ტარებისა, სამწუხაროდ, ჩვეულებრივათ იმით კმაყოფილდება, რომ შეაქვთ ლექსებში სინათლე, ფერები და მუსიკა, მაგრამ ძალიან ძვირად ღვრიან მასში იმ საიდუმლოების წვეთებს, რომელიც ასე უხვადაა დაფრქვეული ბარათაშვილის ლექსებში. უფრო ბვრი დიდის სიამოვნებით იკალათებს მეფისტოფელის კოჭლ ფხებთან, მაგრამ თვით მათში კი არ სუფევს  ბოროტი სული, წინამძღვრად მოხმობილი. მოიგონეთ სამაგიეროდ ის ბოროტი სული, რომელიც შეჭრილა ბარათაშვილის არსებაში... ეს ისეთი ლექსია, რომ თვით ექიმი ფაუსტი  თავის საკანში ძველებურ წიგნებითა და ალქიმიკურ იარაღებით მუდამ შეიყვარებს ბარათაშვილს, როგორც თავის სიყმაწვილის მეგობარს.

   წაიკითხე ლექსი რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას, რომელშიდაც ბარათაშვილის სული ოცნებობს ქალის მშვენიერ სულზე... ქალის მშვენიერი სული ელანდება ბარათაშვილს მეორე ლექსშიაც - მადლი შენს გამჩენს, ლამაზო ქალო შავთვალებიანო. ამ ლექსებში, ამ შავ ლაბირინთში, შორს დაუსრულებელ სილაჟვარდეში მოსჩანს სათაყვანებელი ლანდი ბეატრიჩესი, მუდმივად სასურველი და მუდამ მიუღწეველი იდეალი, ციური, ღვთაებრივი, ოცნება, ანგელოსთა ჩვენის ანარეკლი. ამ ქალს ბარათაშვილის ლექსში არ აქვს სახელი, მაგრამ შეიძლება განა ამ ბეატრიჩეში, ამ ლაურაში დავინახოთ რომელიმე ქალწული, ან ახალგაზრდა ქალი, რომელიც მხურვალე გრძნობით უყვარდა მგოსანს სინამდვილეში? ბარათაშვილის ბიოგრაფები ამის შესახებ არაფერს არ გვეუბნებიან, მაგრამ ამ აზრის დადებითად მიღება ძალიან რომენტიული იქნებოდა.

   შევეცდებით მაინც აღვადგინოთ ბარათაშვილისდროინდელი ქალები ბარათაშვილისა და მისი თანამედროვეების ლექსების საშუალებით. ზოგიერთები ამ ქალთაგანი იყვნენ უსირცხვილო, თითქმის პირტუტყვული პროსტიტუციის გამომსახველნი, თავიანთი ნიღაბებით, ფერუმარულით, თვალებით, მათი ბაგეები გასისხლიანებულ ჭრილობას ჰგავდა , მათ თავიანთი სხეულების ბიწიერება გადაჰქონდა აგრეთვე სულზედაც; ისინი იყვნენ ამაყი, ცივი, როგორც ყინვა და სასტიკნი. მათი დატკბობა გამოიხატება მხოლოდ ვნებიანობის დაკმაყოფილებაში. ისინი დაუმცხრალნი არიან, როგორც უნაყოფობა... მოღუშულნი არიან, როგორც მოწყენილობა, მათ აქვთ მხოლოდ ისტერიული და უგონო ფანტაზიები და, როგორც დემონი, მოკლებულნი არიან სიყვარულის ნიჭს. ისინი, დაჯილდოვებულნი შემაშინებელი სილამაზით, უსიცოცხლო სილამაზით სახემკრთალნი, გრძნობას მოკლებულნი, მიდიან თავიანთ მიზნებისკენ, მიდიან გულებზე და ჭეჭყენ მათ თავიანთ ფეხსაცმელის ქუსლებით. მაგრამ მე ძალიან შორს მივდივარ, არავითარი ლექსი არ საჭიროებს გრძელ ახსნა-განმარტებას.

   როდესაც იგი მთაწმინდაზე ადიოდა, მისი სული ჰგავდა მთვარეს, რომლიც თანდათან ფითრდებოდა. იმან გაიარა თავისი მარტოობის გზა, გაიარა მოწყენილს შეღამებულ დროს, როდესაც ბედნიერებას სძინავდა და სცხოვრობდნენ მხოლოდ ჩრდილები, ჭოტები და ცოდვები.

   რაც შეეხება მის ფილოსოფიურ და ლიტერატურულ შეხედულებებს, მას ძლიერ ბევრი საერთო ჰქონდა ედგარ პოსთან.

   ბარათაშვილი სატანისი არ იყო. სატანისტის დამახასიათებელი ისაა, რომ  მას არაფერი არ უყვარს და არავის წინ თავს არ ხრის. მზის სხივები სჭრიან მის სულს და დიდების მოჩვნებაც კი ისე [ესახებათ], რომ თვალებზე ხელები უნდა აიფარონ.

   ბარათაშვილის ენა უფრო უახლოვდება თანამედროვეობას, თანამედროვე სიყვარულისა და მწუხარების გამოსახატავად. მისტიურობა არის წინააღმდეგი პოლუისი იმ მიმართულეწბის, რომელიც ბარათაშვილის წინამორბედ მგოსნებს, აუცილებლად ტლანქ და ჭეშმარიტად პორნოგრაფისტებს, ესმოდათ, როგორც უკიდურესი სქესობრივი გრძნობიერება.

Сайт управляется системой uCoz