ინტერვიუ

სალომე გორგოშიძე

პაატა გაიხარაშვილი

 

ინტერვიუ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის ერთ-ერთ დამაარსებელთან, ქალბატონ მზია ხეთაგურთან

  

- გთხოვთ გვიამბოთ გალაკტიონზე.

- ჩემი აზრით, ყველას თავისი გალაკტიონი ჰყავს. არსებობს ქვეყნები, სადაც თავისი ბალზაკი, პუშკინი, ბაირონი ჰყავთ. საქართველოში კი, მინდა ვთქვა, რომ ყველას თავისი გალაკტიონი ჰყავს, თუმცა იგი საერთაშორისო მნიშვნელობის პოეტია. იმდენად სპეციფიკური, თავისებური, გენიალურია გალაკტიონი, რომ მისი თარგმნა შეუძლებელია. სწორედ ამაზე მწყდება გული. გალაკტიონს სხვა ენაზე სრულყოფილად ვერ თარგმნი. საერთოდ, თარგმანი არასოდეს არ გამოდის სრულყოფილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გენიოსთან გვაქვს, შეუძლებელია, ის უბრალოდ თარგმნო, რადგან სხვა ენაზე გენიოსად არ გამოჩნდება.

გალაკტიონი ყველასათვის თავისებურია. თუ ქართველი ხარ და არ გყავს შენი გალაკტიონი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან შორს ხარ იმ აზროვნებისგან, რომელსაც სულიერება ჰქვია.

 როცა ვფიქრობდი გალაკტიონზე, უეცრად აღმოვაჩინე, რომ გალაკტიონი სახელმწიფოში სახელმწიფოა. საქართველოში არსებობს კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც გალაკტიონი ჰქვია. Mმას ვერ შეეხები. ხელისუფალნი მიდიან და მოდიან, გალაკტიონი კი რჩება. ეს ასეა, გენიოსები ერთეულები არიან. გონიერი ხელისუფალი თუ გაითვალისწინებს და თუ მიხვდება იმას, რომ საერთოდ, ლიტერატურა, შემოქმედებითი სფერო, არის ცალკე სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს ჰყავს ლიდერი, ამ შემთხვევაში გალაკტიონი. ის ხელშეუხებლი უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ისევ იმ სახელმწიფოს ჭირდება.

- ხშირად ტარდება მუზეუმში ღონისძიებები?

- ჩვენთან საკმაოდ ხშირად ტარდება ღონისძიებები. აქ თითქმის ყოველ დღე ღონისძიებაა. როცა აქ დამთვალიერებელი შემოდის, ეს არ არის უბრალო დათვალიერება, ჩვენ შორის საუბარია დღევანდელობაზე, ზოგადად გალაკტიონზე. ყოველი შემოსვლა დამთვალიერებლისა ამ მუზეუმში, შეიძლება არაოფიციალური, მაგრამ ღონისძიებაა.

  ოფიციალურ ღონისძიებებს რაც შეეხება, ყოველწლიურად ტარდება გალაკტიონის დაბადების, გარდაცვალების აღსანიშნავი საღამოები. გარდა ამისა, ტარდება წიგნების პრეზენტაციები, წარდგენები ნაცნობი თუ უცნობი სახეებისა.

 მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ გალაკტიონის სახლ-მუზეუმში პრესტიჟს ვერავინ შეიტანს, არამედ პირიქით, გალაკტიონის სახლ-მუზეუმი შეჰმატებს მათ პრესტიჟს. ამ მუზეუმს ხალხი არ მოაკლდება მანამ, სანამ საქართველო არსებობს.

 

 

 

Сайт управляется системой uCoz