მოგონებები

მურმან ლებანიძე

ათი დღე გალაკტიონთან   

ათი დღე გალაკტიონტან - სათაური წინასწარ შერჩეული მქონდა მოგონებებისათვის, რომელთაც დღემდე განხორცილება არ ეწერათ. ლაპარაკია ქართული კულტურის დეკადზე მოსკოვში, 1958 წლის ოცდაერთი მარტიდან თვის ბოლომდე. ეს ათი  დღე გალაკტიონმა სასტუმრო მოსკვას მეათე სართულზე გაატარა და მაღალმა ღმერთმა  იმ ათი დღით მეც იმავე მეათე სართულზე, გალაკტიონის სიახლოვეს დამასახლა.

გალაკტიონის დაღუპვიდან ოცდათორმეტი წლის შემდეგ დაწერილი ეს მოგონებები  პოეტის ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს რესტავრაციას წარმოადგენს და, ვბედავ დავიქადო, საინტერესო შტრიხებს ჰმატებს დიდი პოეტის ადამიანურ  პორტრეტს...        

დეკადა...დღე პირველი: გალაკტიონი სასტუმროდან ქალაქში მიიჩქარის. მე - ქალაქიდან სასტუმროში ვბრუნდები. დიალოგს უტყუვრად, სიტყვასიტყვით აღვადგენ. ჩაწერილი მქონდა და დავკარგე:    

- ბატონო გალაკტიონ, ბატონო გალაკტიონ, გამარჯობათ!      

- ოჰ! გამარჯობა, ძამიკო, გამარჯობა! 

ჩვენ სასტუმრო მოსკვას გააფთრებულ, ზამბარებიან ბზრიალა კარებში გავიჭედეთ და გულმოსულ საბჭოა ხალხით გარშემორტყმულნი, სხაპასხუპით ვსაუბრობთ:

- რომელ სართულზე, ბატონო გალაკტიონ, რომელ სართულზე დაბინავდით?

- მეათეზე, ძამიკო, მეათეზე! 

- მეც მეათეზე, ბატონო გალაკტიონ. რა კარგია, მეც მეათეზე! 

- ძალიან კარგი, ძალიან კარგი! მნახე, ძამიკო, საჩუქარი მაქვს შენთვის...  

- Проходите, товарищи, проходите! - გვიღრენს ხალხი...                                     

მე სასტუმროს ვესტიბიულში  ვრჩები, ის სასტუმროდან ქალაქში გადის. ვიტრაჟიდან თვალყურს ვადევნებ: იქვე, ტაქსის  სადგომზე, მკვირცხლი ნაბიჯით ხალხს უახლოვდება. მოხდენილი, მოწიწებული მიხრა-მოხრით მანდილოსანს გამოელაპარაკა, ტაქსის რიგში ჩადგა და რაღაცით კმაყოფილი, წვერს იფურჩქნის...    ღმერთო დიდებულო, რა საჩუქარი შეიძლება ჰქონდეს ამ კაცს ჩემთვის?!                           დგას განუყრელი პორტფელით ხელში, აქეთ-იქით იყურება, ზღვა სიმხნითა და ენერგიით სავსე... მოსკოვის დაპყრობას და პოეტების დაშამათებას პოეზიით აპირებს... სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი მეოთხე სართულიდან ქვაფენილს ყიჟინით დაენარცხება... არა, მე ხომ ვიცი, მაგ პორტფელის შიგთავსი! ეგრეთ წოდებულ სტოლიჩნი რედაქციებში მიაქვს სადეკატო ლექსები. ეშმაკივით ვიცი, კაი კაცის, მაგრამ საწყალი ბორის სერებრიაკოვის თარგმანები უწყვია შიგ და ახალი პოდსტრონიჩკები კიდევ... მერედა, არის კი რუსეთში დღეს კაცი მაგისი ტოლი?! ძალუძს კი დღეს რუსეთში ვინმეს მაგის თარგმნა?! გააფუჭებენ წიგნს და მაი არაფერია! - ჩაწერს დღიურში. რა აზრი აქვს, თუ ძმა ხარ, ათასი ესკიმოსის დონეზე გალაკტიონის თარგმნს?! ბლოკი რომ ცოცხალი იყოს, კიდევ ჰო! პასტერნაკი რომ ცისფერყანწელებს არ დაემარტოხელებიათ...

ვესტიბიულის საგალანტერეო კიოსკებში სიგარეტიც იყიდება და, რიგში რომ ჩავდექი, წინ, რამდენსამე მეტრზე, გამყიდველამდე მიხეული ანა კალანდაძე დავინახე, სუნამოს ყიდულობს. და, რაკი ვერ მხედავს, მეც, მანძილის მომიზეზებით, თვალს ვარიდებ ჯენტლმენობის  თავი არა მაქვს, ჯერჯერობით ქესტად ვარ... აგერ მუხრანი და ოთარ ჭელიძეც... სულ მალე ჩვენ გავმდიდრდებით და ძვირფას დაიას რესტორანშიც გავნათლავთ...   

მეორე სართულზე დეკადის შტაბი  დაკეტილი დამხვდა. ღილაკს თითი დავაჭირე და ლიფტი დავიჭირე. შევდივარ ლიფტში და... კედელს ჩვენი ბებერი ლომი, შალვა დადიანი მიჰყუდებია. ბებერ ლომს მკერდზე ოცი წლის ქერა ანგელოზი მიჰყრდნობია და ქვემოდან ზემოთ, ჩაშაქრებულ ულვაშებში შეჰხარის...                                               

  ჩამიცინა ბატონმა შალვამ, ჩამიხველა და ლიფტიდან ორივენი

Сайт управляется системой uCoz