მოგონებები

მიხეილ ჩიჩუა

            

პარტერისაკენ

 1943 წელს სკოლა დავამთავრე. 16-17 წლის, თხემით ტერფამდე შეყვარებულ ჭაბუკს ფრონტზე მოხალისედ წასვლის  სურვილი საშველს არ მაძლევდა. ერთ მშვენიერ საღამაოს, სატრფოსთან შეხვედრის შემდეგ კარგა მაგრად წავიფანტაზიორე. ფრონტზე მიმავალ მეომრად წარმოვიდგინე თავი და დავწერე ლექსი ჩვენ კვლავ შევხვდებით.

თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის კლუბში, რომელიც პლეხანოვის სახელს ატარებდა, არსებობდა ლიტერატურის წრე. მას ჩემი უფროსი მეგობარი ნაფრონტალ-ნაომარი პოეტი ვახტანგ გორგანელი ხელმძღვანელობდა. ჩვეულებისამებრ, ყოველ ახალ ლექსს მას ვუკითხავდი. მომიწონა და შემომთავაზა, ლიტერატურულ საღამოს ვაწყობთ, ცნობილი პოეტები და, რაც მთავარია, გალაკტიონი მიიღებს მონაწილეობას და ეს ლექსები წაიკითხეო.

საღამოში მონაწილე პოეტებიდან სამი დროულად მოვიდა: სანდრო შანშიაშვილი, ილო მოსაშვილი და... მესამე არ მაგონდება. გალაკტიონმა და გიორგი ქუჩიშვილმა კი კარგა გვარიანად დაიგვიანეს. არადა, მათ გარეშე ყველაფერს შნო და ლაზათი ეკარგებოდა. მონაწილენი ვღელავდით, კულისებში ველოდით მომსვლელთ და აი, როდის-როდის გამოჩნდნენ, წინ - გალაკტიონი, უკან - ქუჩიშვილი. გაცეცხლებულმა ილო მოსიშვილმა, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი როგორც პოეტს და არც ის ვიცოდი, მწერალთა კავშირში რა მოვალეობას ასრულებდა, დაგვიანებულ გალაკტიონს რომ ვერაფერი შეჰკადრა, გიორგი ქუჩიშვილზე იყარა ჯავრი. დატუქსა, მაგრამ რა დატუქსა! გეგონებოდა, მის წინაშე პატარა ბავშვი იყო და არა ქართველების საყვარელი პოეტი. ქუჩიშვილს, ჩემდა გასაკვირად, ხმა არ გაუღია. იდგა დამორცხვებული და, მომეჩვენა თუ ნამდვილად ასე იყო, გალაკტიონისკენ უმწეო თვალებით იცქირებოდა. გალაკტიონმა არ იცოდა, რა ექნა, ნერვიულად მიმოდიოდა კულისებში და ორ სიტყვას იმეორებდა: წავედით ახლა, წავედით ახლა! 

Сайт управляется системой uCoz