1
ზაქარია ჭიჭინაძეს, ცნობილ მწიგნობარსა და ისტორიკოსს, ახალგაზრდებმა უქეს ჩემი ლექსი მერი - ეს ლექსი დიდი პოპულიარობით სარგებლობდა ერთ დროს.
- რა ჰქვია სახელად იმ ლექსს? - კიდევ შეეკითხა ზაქარია.
- მერი.- იყო პასუხი.
- აა, გამიგონია,- სთქვა დინჯმა მწიგნობარმა... - მესხეთ-ჯავახეთშიც კი ძლიერ გავრცელებულია ეს ლექსი.
- ეს როგორო? - გაოცდნენ ახალგაზრდები.
- იქ ასეთი ლექსია, - სთქვა ზაქარიამ, - მე რომ მოვკვდე, მე რისთვისა, გადამთიელ მერისთვისა! - ძალიან პოპულარული ლექსია, - დარწმუნებით დაამატა ზაქარიამ.
2
სახელი მერი- მე არ გამომიგონებია; თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელლის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ერთი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია...
3
ერთხელ ოპერის თეატრში - მერი ცოცხალ სურათად დასდგეს. მერის ახორციელებდა მსახიობი ქალი ნინო დავიტაშვილი. იგი იდგა პიედესტალზე, ანათებდა ბენგალიის ცეცხლი, ქვევით ვიდექი მე და ვკითხულობდი მერის.
4
მერი ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. თეატრი და ცხოვრებაში 1915 წ. (sic.). მალე ისე პოპურარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.
5
Crane aux fleurs-ში მერი დაიბეჭდა მცირე ცვლილებით. ეს კი აღარ მოეწონა საზოგადოებას. ძველებური სჯობდაო,- გაიძახოდა იგი.
6
მერი რუსულად სთარგმნა პ.პეტრენკომ.
[1938წ.]