მოგონებები

ლილი გოგოხია

 ანაბეჭდები

 

ჩემს ბავშვობაში ომი იყო, მეორე მსოფლიო ომი. წიგნების გამოსაცემად ნაკლებად ეცალათ. მკითხველი ბევრი იყო, წიგნები კი ცოტა. ჩვენ, გალელი გოგო ბიჭები, ბიბლიოთეკაში დავდიოდუთ. ბიბლიოთეკა ორი იყო - ერთი საბავშვო, ერთიც სადიდო. საბავშვოში შინაურულად გვექცეოდნენ, სადიდოში ჩვენ თვითონ გვერიდებოდა შესვლა კრძავით ავუვლიდით და ჩავუვლიდით ხოლმე. ერთხელაც შევბედეთ, მერე კი იქაც გავშინაურდით. გალაკტიონი პირველად იქ ვიპოვეთ. ვიპოვეთ და ვეღარ მოვეშვით.

მეათე კლასში რომ ვიყავი, ქართული ლიტერატურის მასწავლებლად შალვა ფარულავა მოგვივიდა. ოცი-ოცდაერთი წლისა თუ იქნებოდა. პირდაპირ მოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პირველივე შეხვედრაზე გვკითხა, გალაკტიონ ტაბიძის ლექსები თუ წაგიკითხავთო. ჩვენ თავი გამოვიჩინეთ - ბევრ რამეში ჩავფლავდით და გალაკტიონმა, ცოტა არ იყოს, ამოგვწია.

ჩვენმა მასწავლებელმა ერთ დღეს გალაკტიონის რჩეული მოგვიტანა, საკმაოდ მოზრდილი. მოშავო-მოყავისფრო ფურცლები ჰქონდა. თეთრ, მაგარ ყდაში იყო ჩასმული. გვათხოვა. ეს წიგნი მალე წიგნის მაღაზიაშიც გამოჩნდა, ასი მანეთი ღირდა. რა თქმა უნდა, ვერ შევიძინეთ.

1945 წელი დადგა. ომი დამთავრდა.

უკვე სტუდენტი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. წინის მაღაზიებში რამდემჯერმე წავაწყდი ასმანეთიან გალაკტიონს. ას მანეთს თავი ვერ მოვუყარე. ვერა და ვერ ვიყიდე.

უნივერსიტეტში უამრავი გალაკტიონის მოყვარე გავიცანი. თვითონ გალაკტიონიც ვიხილე, რასაკვირველია, შორიდან. ზოგი პირადად იცნობდა. ერთს გალაკტიონის ნაჩუქარი წიგნიც კი ჰქონდა. გვშურდა მათი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, პირადი ნაცნობობა არად რომ მიაჩნდათ. ერთი ჩვენი მეგობარი, მაშინ სტუდენტი, ახლა ცნობილი ენათმეცნიერი თედო უთურგაიძე ამბობდა, ამაღლებული და მშვენიერი ქმნილებაა მომხიბვლელი და არა მისი შემქმნელიო.

თედო მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა, უნივერსიტეტიდან ასიოდე ნაბიჯზე და მასთან ხშირად ვიკრიბებოდით. თედოს ჰქონდა ასმანეთიანი გალაკტიონი. მასზე ვმკითხაობდით-ხოლმე. ვთქვათ და ვსაუბრობდით დროზე. რომელიმე იტყოდა, აბა რას გვეტყვის გალაკტიონიო და გადავშლიდით ნებისმიერ გვერდზე. პასუხს აუცილებლად ვპოულობდით: დროს არ უყვარს დიდხანს დგომა... ან ყოველ დროს ხომ თავისი ჰყავს ბოდოკია... ან კიდევ - დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა და ა. შ.

ერთ დღეს თედოსთან შევიარე. ალვანში მივდიოდი და ზურგჩანთაში რაღაცეებს ალაგებდა. რამდენიმე წიგნიც ჩადო. გალაკტიონსაც წაავლო ხელი, ოღონდ მე გამომიწოდა -  სანამ აქ არ ვიქნები, ნთ ედოს ბინაო. გამეხარდა და ჩანთაში ჩავიდე.

იმ დღეს არც ამომიღია.

მეორე დღეს ამოვაბრძანე ჩანთიდან გალაკტიონი. გადავშალე და რას ვხედავ - ტიტულზე წარწერაა: ლილის ნოდარისაგან... საჩუქარი კი არა, ხსოვნააო ძვირფასი.

1947 წელი დადგა. ჩემი დაბადების დღე იყო.

სიხარული, რომელიც მაშინ დამეუფლა, დღემდე მახლავს...

 

* * *

ორმოცდაათიანი წლებიდან ერთ-ერთი.

მცხეთაში ვართ მე და ჩემი მეუღლე ნოდარ ალანია. აპრილი იწურება. მწვანედ ხასხასებს მინდორ-ველი, მთის კალთები. ეზოების სიმწვანეში ფერები ნაირნაირია -    წითელი, ყვითელი, თეთრი...

სვეტიცხოვლიდან გამოვედით და ქუჩას მივუყვებით. მამულაშვილის ბაღში უნდა შევიაროთ. ქუჩა ცარიელია. არავინაა ჩვენს მეტი, ცრის... გამოცნობანას ვთამაშობთ: ჩემი მეუღლე ლექსებს მიკითხავს, მე უნდა გამოვიცნო, ვისია. ზოგს უცებ ვცნობ, ზოგზე ვყოვნდები, ზოგზე ვჩუმდები. რომ შემეშელოს, არ მინდა. ჩემი მეუღლე ისე გაიცინებს, მგონია, დამცინის. ალალად კი იცინის-ხოლმე, მაგრამ მაინც გული მეთანაღრება.

დაიწყო კითხვა:

 

ვერის ხიდზე მძიმე ღამით

თმაგაშლილი ქარი მღერის...

ლანდი დაჰსტვენს ვერის ხიდზე,

ლადი თოვლის და ნამქერის...

ვერის ხიდზე ქარი ზუის,

მწვანე ზღაპარს ანიავებს:

ჰე! არული გაუმართავთ

ვერის ხიდზე კუდიანებს...

 

ნელა მივაბიჯებთ. ქუჩის თავში კაცი და ქალი გამოჩნდნენ. კაცი ქალს რაღაცას უმტკიცებს, რაღაცას აჩვენებს. ჩემი მეუღლე იმათ ვერ ხედავს, ლექსების კითხვითაა გართული. მე კი მივშტერებივარ და უცებ ჩურჩულით აღმომხდა: გალაკტიონი...

- არა გრხვენია?... ეგ რა სთქვი!... - კი არ გაიცინა, შეწუხდა ნოდარი.

- გალაკტიონი...- გავიმეორე ისევ ჩურჩულით.       

- გაჩუმდი, რას ამბობ!... - გამიბაზდა ნოდარი და უცებ თვივონაც დაინახა მომავალნი.

ამასობაში გალაკტიონი და მისი თანამგზავრი მოგვიახლოვდნენ. ჩვენ შევჩერდით. ისინიც შეჩერდნენ. გალაკტიონი მოგვესალმა და შეგვეკითხა:

- დიასამი ხომ იცით, ხომ გაგიგიათ?... - ისე თავდაჯერებულად გვეკითხებოდა, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ვიცოდით, ვინ იყო დიასამი. არადა, ნამდვილად არ ვიცოდით.

ნოდარი არ დაიბნა.

- როგორ არა, ბატონო გალაკტიონ!... - შეჰღიმილა მან.

გალაკტიონმა გამარჯვებულის სახით გადახედა თანმხლებ მანდილოსანს და მიმართა:

- ხომ გითხარი, იციან მეთქი. ყველამ იცის დიასამის ამბავი.

მერე ჩვენ მოვიბრუნდა და გვითხრა:

- ჩემი გადამრჩენელია!...

 

* * *

1988 წელია.

რუსთაველზე მივდივარ ჩემს ქალიშვილთან ერთად. ქალიშვილი ოთხი წლისაც არ არის.

სექტემბრის შუადღე. კარგი დარი დგას.

პროსპექტზე გალაკტიონი მიაბიჯებს. ნელა, დინჯად მიდის. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით.

ბავშვმა იცის, ვინცაა გალაკტიონი. უხმოდ მომდევს. ლაღიძის წყლებთან ჩუმად მითხრა, წყალი მინდაო. წავუყრუე. იფიქრა, ვერ გაიგონაო და ხმამაღლა მომთხოვა, წყალი მინდა, მწყურიაო. ვერა, შენი ჭიქა შინ დაგვრჩადა სხვისი ნაპირალი ჭიქიდან ვერ დაგალევინებ მეთქი. ჭიქას გარეცხავენ და ნაპირალი არ დააჩნდებაო.

მობრუნდა გალაკტიონი. ბავშვს გაუცინა: წამო ჩემთან, წყალს მე დაგალევინებო და ხელი გაუწოდა. ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს, მე ზედაც არ მიყურებენ, მიდიან წინ. მე უკან მივდევ.

ალაკტიონმა ფეხს აუჩქარა.

თავისუფლების მოედანთან, იქ, სადაც რუსთაველის პროსპექტი იწყება, მეორე მხარეს გადავიდნენ. პირდაპირ კაფეს მიადგნენ. სანამ შიგ შევიდოდნენ, ბავშვმა გამომხედა. სახე უბრწყინავდა.

მე მივყევი.

კაფეში გამაგრილებელი წყლების სექციის წინ ხალხი ირეოდა. გალაკტიონს გზა დაუთმეს. გამყიდველი ქალები შეძახილებით შეხვდნენ, ერთხმად ეპატიჟებოდა ყველა, მობრძანდით, მობრძანდით, რა ჩამოგისხათო.

 გალაკტიონი რაღაცნაირად შეკრთა. შეიმუშნა. ბავშვს ხელი უშვა.

მომეჩვენა, რომ ათახთახდა.

გაირინდა.

ბავშვი ჩემკენ გაოიქცა.

ჩვენ დავტოვეთ გარინდებული გალაკტიონი.

 

 

* * *

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვმუშაობდი. ზემოთ, სადაც ახლა სამების ტაძარი აშენდა, ინსტიტუტს ერთი კორპუსი ჰქონდა. იქ ინსტიტუტის ავტუბუსით ავდიოდით. მასწავლებელები თავს სანკტ პეტერბურგის ქუჩის კუთხეში ვიყრიდით. მაშინ ენინგრადის ქუჩა ერქვა. ხან ავტობუსი გველოდებოდა, ხან ჩვენ ველოდებოდით.

იმ დღეს ჩვენ ველოდებოდით, რვა-ცხრა კაცი. თითქმის ერთდროულად ვკიდეთ ვალი, რომ ერთი სახლის კედელთან ზურგშექცევით იდგა გალაკტიონი. ირწეოდა. ეგონებოდათ, ნიავის ქროლას აჰყოლიაო. ყველანი უხმოდ მივაჩერდით. არ ვიცი, შეგვამჩნია თუ ვერა, მომეჩვენა, რომ დუდუნებდა, აი ისე, მდინარე რომ დუდუნებს, ნელა, თვისთვის.

ჩვენი ავტუბუსი ჩამოდგა. მძღოლი ჩამოვიდა, ბრგე კაცი იყო, ახოვანი. არ მოგვსალმებია. გალაკტიონისაკენ გაექცა თვალი. გალაკტიონმა ხელები გაშალა და ჩვენკენ გამოემართა. მძღოლს სახე გუნათდა და მიეგება. გალაკტიონი მოეხვია, გულში ჩაიკრა. ურგზე ხელებს უთთუნებდა. ეფერებოდა. მერე მხრებზე დააწყო ხელები, წინ დაიყენა. ვენგან გალაკტიონის სახე ჩანდა. შეჰღიმოდა. რაღაცას ელაპარაკებოდა.

ათი-თხუთმეტი წუთი იდგნენ ასე. გალაკტიონი ხელს არ უშვებდა. არც ჩვენი ძღოლი ჩქარობდა. ბოლოს ისევ მოეხვია გალაკტიონი, ისევ მიეფერა, მძღოლი ამოვიდა. ხმოდ მიუჯდა საჭეს. ჩვენც ავლაგდით. სანამ დაძრავდა ავტობუსს, მოგვიბრუნდა და ვითხრა, მთვრალი არ გეგონოთ, ჩვენ კარის მეზობლები ვიყავით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ოლია მე გავაცილე. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

ეს იყო და ეს.

შემდგომში რამდენჯერმე ჩამოვუგდეთ სიტყვა გალაკტიონზე. ვერ ავიყოლიეთ.

Сайт управляется системой uCoz