იური ჭედია
* * *
გასული საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას, დიდი გალაkტიონის მეზობლად მარჯანიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არჩევნების დროს ინსტიტუტიდან მიმაგრებული ვიყავი პლეხანოვის პროსპექტზე, რკინიგზის საშუალო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე.
არჩევნები, როგორც წესი, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და შუადღისას ხმის მიცემა თითქმის დამთავრებული იყო. საღამოს 10 საათისთვის დარჩენილი იყო მხოლოდ 5 ამომრჩეველი, ყუთის გახსნა კი 12 საათზე ხდებოდა.
კომისიის თავმჯდომარე ძალიან ცდილობდა, არმოსული ამომრჩევლები როგორმე გვეპოვა და ამით მაღალი პროცენტისთვის მიგვეღწია.
მან იცოდა, დიდი გალაკტიონის მეზობელი რომ ვიყავი და მითხრა: - გალაკტიონ ტაბიძეს ხმა არ მიუცია, იქნებ მიხვიდე მასთან და სთხოვო, მოვიდესო. სხვა აგიტატორთან ერთად წავედი ბატონი გალაკტიონის მოსაყვანად. დაახლოებით 10 საათი იყო, როცა მის კარს მივდექით. შინ არ აღმოჩნდა. ჩვენმა მეზობელმა მითხრა: მაგას ახლა აქ ტყუილად ელოდებით. საღამოობით მარჯანიშვილის მოედანთან, სახინკლეში დადის და მერე მოდის სახლშიო.
ძალიან იოლად მივაგენი სახინკლის სარდაფში, მოედანთან ახლოს. უკვე 11 საათი იყო. ის ორ მამაკაცთან ერთად ფეხზე მდგარი მიირთმევდა ხინკალს და ლუდს. მგონი, არაყიც არ აკლდათ.
მისვლა მომერიდა, მაგრამ რა მექნა?! ბოდიშის მოხდით მივმართე, ბატონო გაკაკტიონ, არჩევნები 12 საათზე მთავრდება, თქვენი ბიულეტენი არ არის ჩაგდებული ყუთში და გთხოვთ, აქვე, წამობრძანდეთ-მეთქი. სახეზე დავაკვირდი (სინათლე არ იყო საკმარისი) და შევატყე არ ესიამოივნა. მე და ჩემს აგიტატორს, ორივეს, ხელი მოგვკიდა და გვითხრა: თქვენ წადით და მე კი ვიცი, 12 საათზე სად უნდა ჩავაგდოო.
რა თქმა უნდა, მას ხმა არ მიუცია.