ბელა წიფურია
გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის გაგებისათვის
ალბათ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გალაქტიონი ყველაზე რთული, მაგრამ, ამავე დროს, პოპულარული შემოქმედია XX ს-ის ქართულ კულტურაში. რაც ყველაზე უცნაურია, გალაქტიონის პოეზია თანაბარ ესთეტიკურ ტკბობას თუ ნუგეშს ანიჭებს იმ მკითხველსაც, ვისაც საკმაოდ ღრმად ესმის ამ სტრიქონთა მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობა და იმასაც, ვინც ძნელად თუ აგიხსნათ, საკუთრივ რა იზიდავს ამ ლექსებში, თუ რატომ მოსწონს ისინი. რასაკვირველია, პოეტის თხზულების გაგება პირობითი ცნებაა; ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რომ პოეტური ტექსტის მისეული აღქმა-გაგება, ანუ მისეული ინტერპრეტაცია ბოლომდე თანხვდება ავტორისეულ სათქმელს, მის ჩანაფიქრს. მეორე მხრივ, თანამედროვე ლიტერატურისმცოდნეობაში სწორედ მკითხველისეული ინტერპრეტაცია ცხადდება სრულუფლებიან მოვლენად პოეტურ ქმნილებასთან მიმართებაში. ამდენად, ყოველ მკითხველს, გალაკტიონის პოეზიის ყოველ მოყვარულს აქვს უფლება, განაცხადოს, რომ სწორედ იგი ფლობს ამ ქმნილებათა ცოდნას და ეს ცოდნა ჭეშმარიტია (თავად მაისთვის მაინც), რამდენადაც მისეულია, მის მიერ შინაგანად განცდილი, საკუთარ სულიერ სამყაროში მოძიებული. ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ამგვარი განცდა არ შეიძლება იყოს ყალბი, ნაძალადევი. საბედნიეროდ, ყმაწვილთა უმრავლესობა საქართველოში მანამ ასწრებს გალაკტიონის ლექსების შეყვარებას, სანამ სასკოლო პროგრამის მოთხოვნების თანახმად მოუწევდეს მათი განხილვა, გაანალიზება. ვგონებ, აქ აწყდებიან ისინი იმ სირთულეს, რომელიც ახლავს შინაგანი, თუ გნებავთ, არაცნობიერი განცდებისა და ასოციაციების აზრად ჩამოყალიბების, გაცნობიერებისა და გამოხატვის პროცესს. რატომ არის, რომ მაშინაც, როცა ლექსი მართლაც ზემოქმედებს მკითხველზე, მას შეიძლება უჭირდეს მსჯელობა ამ თხზულების შესახებ? საქმე ის არის, რომ ლექსის, მხატვრული ქმნილების აღქმა არ არის ცალსახა პროცესი,მხოლოდ ცნობიერი, გონისმიერი საწყისით წარმართული საქმიანობა. ამ პროცესში თანაბრად მონაწილეობს ადამიანის სამივე საწყისი: სხეულებრივი, გონისმიერი და სულისმიერი. პიროვნების სხეულებრივი საწყისი ლექსს აღიქვამს იმდენად, რამდენადაც ესმის მისი ხმა, აფიქსირებს მის ჟღერადობას, მელოდიურობას. მაშინაც, როცა ლექსს წიგნიდან ვკითხულობთ, ჩვენ ვახმოვანებთ მას, გულში წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს, რათა ჩვენი შინაგანი რიტმი შევუსაბამოთ ლექსის რიტმს. ამდენად, პოეტურ ტექსტს უპირველესად აღვიქვამთ სწორედ ჩვეულებრივი, ფიზიკური საწყისით, სმენით. ამ დროს ჩვენ გვესმის ჩვენივე ინსტინქტებისა; ლექსი აღვიძებს ჩვენსავე შემეცნებას, საკუთრივ კი- ადამიანური შემეცნების ერთ-ერთ ფორმას, ინსტინქტურ შემეცნებას. ამ დროს პიროვნება კავშირშია საკუთარ ქვეცნობიერ, ირაციონალურ სამყაროსთან. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ გალაკტიონის პოეზიას ძალუძს, ყველაზე ძალუმად შეგვაგრძნობინოს ჩვენივე შინაგანი მდგომარეობა, აღადგინოს დარღვეული კავშირი ჩვენსავე ქვეცნობიერებასთან, მოგვასმენინოს ჩვენივე შინაგანი ხმის ძახილი. შესაძლოა ამ პროცესს ზოგჯერ აღარც მოჰყვებოდეს შემდგომი, ცნობიერი თუ სულიერი აღქმა ლექსისა, მაგრამ ეს არის პირველი და აუცილებელი ეტაპი. ალბათ, ხშირად სწორედ ამ ეტაპზე წყდება გალაკტიონის ლექსების შეცნობაც, მაგრამ, როგორც ვხედავთ, თუნდაც მხოლოდ ამიტომაც არის ეს ლექსები ძვირფასი თითოეული მკითხველისათვის.
პოეტური ტექსტის შეცნობის მეორე ეტაპი გულისხმობს ცნობიერ, რაციონალურ აღქმას, ლექსის გააზრებას, ავტორის სათქმელის გაცნობიერების მცდელობას. ამ დროს ჩვენ უკვე ვუფიქრდებით პოეტის სიტყვებს, მათ აზრობრივ მნიშვნელობას, გვსურს, ამოვიცნოთ ის კონკრეტული აზრი, რომელიც ავტორმა ჩადო ამ სტრიქონებში. თუკი ინსტინქტურ ეტაპზე მკითხველის წინაშე წარდგებოდა მისი საკუთარი მე, ახლა ეს მე ეძებს კავშირს ავტორის მე-სთან. ეს არის ლექსის შეცნობის ინტელექტუალური ეტაპი. შესაძლოა, გალაკტიონის სიტყვათა კონკრეტული აზრობრივი მნიშვნელობის ძიება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, რადგან პოეტის გენიალურ ლექსთა უმრავლესობა შექმნილია სიმბოლიზმის მხატვრული და თეორიული პრინციპების თანახმად; სწორედ სიმბოლიზმი უცხადებს უნდობლობას ადამიანის გონისმიერ მოღვაწეობას და ხშირად უარს ამბობს სიტყვათა კონკრეტულ, ლოგიკურ მნიშვნელობაზე. მისთვის მნიშვნელოვანია სიტყვათა ისეთი კავშირები, რომელიც წარმოგვიჩენს მათ უზოგადეს ურთიერთმიმართებას და არა უბრალო ლოგიკურ ან სინტაქსურ ურთიერთდამოკიდებულებას. ამგვარ პოეზიას მიხეილ კვესელავამ ინტეგრალური პოეზია უწოდა; ინტეგრალური პოეზიის აღქმა კი გულისხმობს არა მხოლოდ ინტელექტუალური,არამედ, შესაძლოა, სულიერი ძალების მოშველიებას. მხოლოდ ამ დროს იხსნება სრულად ჩვენივე ინტელექტუალური შესაძლებლობებიც, რასაკვირველია, ინტელექტის მუშაობა აუცილებელია სიმბოლისტური პოეზიის, მათ შორის, გალაკტიონის ლექსების აღქმისასაც, მაგრამ ამ დროს ჩვენი გონება უნდა ცდილობდეს დააფიქსიროს არა მოვლენათა მიწიერი სახე, მატერიალური კანონზომიერებანი, არამედ სიტყვების, მოვლენების აზრების, გრძნობების მთლიანობა. მაგრამ სწორედ ამ მთლიანობის აღსაქმელად ხდება საჭირო სულიერი მოღვაწეობაც; ფაქტობრივად, მთლიანობის აღქმა გულისხმობს კიდეც სულიერ მოღვაცეობას. უფრო ზუსტად რომ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს სულიერი ჭვრეტა, გავიხსენოთ, თუნდაც ილია ჭავჭავაძის აჩრდილი. როგორც გვახსოვს, აჩრდილის ლირიკული გმირის წინაშე იხსნება სამყაროს ფარული არსი, მას ესმის ბუნების მეტყველება, ხედავს უცნაურ სახილველს, ე.ი. აღიქვამს არა მიწიერ, მატერიალურ მოვლენებს, არამედ სამყაროს სულიერ საზრისს; ყოველივე ეს კი ხდება მას შემდეგ, რაც გონისმიერი ეჭვებისგან გვემული მისი სული და გული განცხოვლდა წმიდის სიყვარულითა. სწორედ ამგვარი შეიძლება იყოს სულიერი, ინტუიციური შემეცნება- ლექსის შემეცნების მესამე, დამაგვირგვინებელი ეტაპი; სწორედ ამიტომ არის საჭირო სულიერი ძალების დაძაბვა არა მხოლოდ სამყაროს მთლიანობის, არამედ ლექსის მთლიანობის აღსაქმელადაც, რადგან ყოველი მაღალ მხატვრული ლექსი წარმოადგენს მიკროსამყაროს, სამყაროს მთლიანობის გამომსახველ მოდელს, რომელიც გვაკავშირებს მთელს გარესამყაროსთანაც. მეორე მხრივ,ლექსის, ე.ი. სამყაროს სრული აღქმა ჩვენივე შინაგანი სამყაროს გამთლიანებით უნდა მოხდეს. ლექსის შეცნობის ინტუიციურ ეტაპზე ხორციელდება ამჯერად უკვე სამმაგი კავშირი: მკითხველისა საკუთარ თავთან, ავტორის პიროვნებასთან და მთელს გარესამყაროსთან. მკითხველმა უნდა მოახდინოს თავისი ინსტინქტური, ინტელექტუალური, ინტუიციური ძალბის მობილიზაცია, შეიგრძნოს საკუთარი სხეულის, გონებისა და სულის მდგომარეობა. რასაკვირველია, ამგვარი იდეალური აღქმა ლექსისა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ის ვერ განხორციელდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა კი ჩვენ გადავიკითხავთ გალაქტიონის ლექსებს, მაგრამ, შესაძლოა, განხორციელდეს მაშინ, როცა ლექსის წაკითხვის პროცესს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან შინაგან მოღვაწეობას და,რაც მთავარია,შევეცდებით გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნის არე და განვავითაროთ ჩვენი სულიერი საწყისი. ალბათ, მაშინ შეგვეძლება, განვაცხადოთ , რომ გავიგეთ გალკტიონის ლექსი. თავად პოეტი კი ამგვარ მითითებას გვაძლევს: ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს. მართლაც და, რა კავშირი შეიძლება იყოს ლექსსა და ჩუქურთმას შორის? როგორ შეიძლება მიემსგავსოს ერთმანეთს ლექსისა და ჩუქურთმის გაგება? ჩუქურთმის სილამაზის აღქმა ისევე საჭიროებს ორნამენტის ხვეულებში (ან საკუთარი შინაგანი სამყაროს ხვეულებში) ჩაღრმავებას, როგორც გალაკტიონის ლექსისა (ინსტინქტური ეტაპი). ჩუქურთმის მნიშვნელობაც ძნელადგამოსაცნობია, ძნელადგამოსახატი. მას იოლად ვერ ჩამოაყალიბებ აზრობრივი ფორმით, ისევე, როგორც გალაკტიონის ლექსების მნიშვნელობს (ინტელექტუალური ეტაპი). მაგრამ ჩუქურთმის ფარული შინაგანი არსი გაიხსნება მაშინ,როცა მას დავინახავთ ტაძრის მთლიანობასთან მიმართებაში, სარწმუნოებრივი თვალთახედვის მოშველიებით (სულიერ-ინტუიციური ეტაპი). სწორედ ასევე გაიხსნება ჩვენს წინაშე გალაკტიონის ლექსის სულიერი მნიშვნელობა. თუ მას წარმოვისახავთ მთელს
გარესამყაროსთან და დიდ სულიერებასთან მიმართებაში.