ასი ლექსი

                           

- ასი ლექსი? - წამოიძახა მოსემ, - ბრავო! რამ დაგაწერია, შე კაცო, ასი ლექსი... ძვირფასი ამბავია. მაგრამ ასი ლექსი... ამას ხომ ჟურნალის ასი გვერდი მოუნდება. აჰა... არა, შენ ამბობ, რომ მხოლოდ თორმეტი გვერდი იქნებაო... ძალიან კარგი... რანაირად მოახაზირე ახლა შენი მაი... ა?

- მოვახერხე სულ უბრალოდ: ოთხ-ოთხ სტრიქონად... მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი: ნელ-ნელა ვბეჭდავდი თითო ლექსს თითო ნომერში: ესეც შენი ასი ნომერი მნათობის. ეხლა კი ასი ლექსია - და ჰონორარს კი მიიღებ ერთი ლექსისას. რეიზა შობი ახლა მაგ საქმეს, ა?

- იმისთვის, ჩემო მოსე, რომ ჩემთვის უმჯობესია ლექსები დაიბეჭდოს ეხლავე, თორემ სულერთია, დამეკარგება, ან გადამავიწყდება. მეორეც ისა, რომ ლექსების ჰონორარით არავის უცხოვრია ჩვენში და მე როგორ შევძლებ, რომ ვიცხოვრო? დეე, ასი ლექსი ერთ ლექსად ჩაიტვალოს. არაფერია, გავსძლებთ. მესამე კიდევ...

- დაიცა, დაიცა. რას ამბობ, ვერ გავიგე. ეს როგორაა, რომ სხვები თითო ლექსს ათ-ათჯერ ბეჭდავენ, ერთი ლექსი ათ ლექსად გამოჰყავთ... შენ კი ასი ლექსი გინდა ერთ ლექსად ჩაგათვალონ. კარგი, შენი ნებაა... მესამე კიდევ რაო?

- მესამე ისა კიდევ, ჩემო მოსევ, რომ კიდევ ბევრი ასი მაქვს დასაბეჭდი და თუ თითო-თითოდ ვბეჭდე, ძაან ადრე კი მოვრჩები საქმეს - აი?

- ორიგინალური კია, - სთქვა მოსემ, - ასი ლექსი ერთად ვისმეს რომელიმე ჟურნალში რო დაებეჭდოს, არ მაგონდება... მოიცა, როგორაა პროლოგი?

...რასაოცარი დასრულდა წლები,

მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი...

მშვენიარია, იშვიათია... მაშ შენ ამბობ, რომ კიდევ ბევრი ასი გაქვსა დასაბეჭდი... მე კი, სულო ცოდვილო, მეგონა, რომ შენ ეფექტის მოყვარული კაცი ხარ, გინდოდა გაგეოცებია ხალხი ორიგინალური სათაურით: ასი ლექსი!

- არა, ჩემო მოსევ, შეცდომაში არავინ შეგიყვანოს. რა დროს ორიგინალობა და ეფექტებია, შეიძლება ხვალ მოვკვდე და ეს ლექსები მაინც დარჩეს დაბეჭდილნი. შეიძლება შთამომავლობამ შეაფასოს ისე, როგორც საჭიროა. უმჯობესია ეხლავე დაიბეჭდოს, თორემ მე თუ მნათობის-ს ასი ნომრის გამოსვლას ვუცადე... სად წაგვიყვანს...

ამ საუბარში რომ ვიყავით, შემოვიდა პაოლო, მან იმ წამშივე მოჰკრა თვალი სათაურს ასი ლექსი... იცნო ჩემი ხელიც... თვალები გაუფართოვდა, ცხვირის ნესტოები დაებერა.

- მიჩვენე, თუ ძმა ხარ, - შეეხვეწა მოსეს...

- ა-ჰა, ჰა, ჰა... არა მაქვს უფლება,- და მოსემ ხელნაწერი თავის უზარმაზარ პორთფელში გადაუშვა (რედაქცია-ეს პორთფელი იყო)... თან კარებისაკენ წავიდა ბუტბუტით: რა საოცარი დასრულდა წლები და სხვა.

მეორე დღეს ასი ლექსი სტამბაში იყო... გაგზავნილი ასაწყობად. მეორე და მესამე საგურამოში მომიხდა წასვლა. როდესაც ჩამოვედი, ჟურნალის მე-10 ნომერი აწყობილი დამხვდა. ჟურნალი გამოსული იყო და ჩემი ასი ლექსი დაბეჭდილი.

- ბრავო! ასი ლექსი! - გაიძახდნენ მკითხველები.

- ასი ლექსი! - გრიალებდა ქუჩაში გიგლა მებუკე.

- რა საოცარი დასრულდა წლები, - იმეორებდა მხატვარი ირაკლი თოფაძე...

- რა დიდებულია ბავშვების ამბავი, - უმატებდა ირაკლი... - რა ძვირფასი სახეებია.

ახალგაზრდა პოეტები ზეპირად სწავლობდნენ ლექსებს... შინდისის ჭადრები... იარე, კაცი შენ აღარ გქვიან, წარბგადახრილი მიდის შემოდგომისა ჩრდილი, წიწამურში რომ მოჰკლეს ილია, ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების...

- არ ღირს იმ ერთ ცრემლად,- ამბობდა აგარელი.

- როდესაც მთვარე ანათებს დღისით.

- ხარიტონ ვარდოშვილი: მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად. ეხლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?

- ვარ გენია რიმანელი..., ვინ არის ეს რიმანელი, - ჰკითხულობდა [ერთი].

- ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის!!!.

- ო, ქალო, ძვირფასო, ნაზო ვით ფერია... მწამს მხოლოდ ალერსი, არ მწამს ისტერია, ქალავ...

მარტოდმარტო - პაოლოს თითქო სწყინდა რაღაც... იგი დადიოდა ხალხში და ებრძოდა საერთო განწყობილებას... მე მითხრეს, რომ ის გააფთრებულიაო... როდესაც რუსთაველის პროსპექტზე შევხვდი, მან მითხრა:

- აი, როგორ შეგყავს ხალხი შეცდომაში...

- როგორ თუ შეცდომაში?..

პაოლომ გადაიხარხარა:

- შენ დაბეჭდილი გაქვს არა ასი, არამედ ოთხმოცდათვრამეტი ლექსი... ორი ლექსი აკლია.

- როგორ?

- აი ნახე...

დავითვალეთ, მართლაც არა ასი არამედ ოთხმოცდათვრამეტი ლექსი იყო. იმწამშივე სტამბაში გავექანე. მოვითხოვე ჩემი ხელნაწერი... და იქ მართლაც ამოგლეჯილი იყო ერთი ლექსი.

1941წ.

Сайт управляется системой uCoz