არავისზე საქართველოში იმდენი არ ულაპარაკნიათ, რამდენიც აკაკიზე... საკმაოდ დამახასიათებელია მისი ბუნება, თვით აკაკის პიროვნება ქართველების ბედის ნატეხად იცვნეს...
ჭეშმარიტად აკაკი ძველი საქართველოს მოლანდებაა. იგი თითქოს განგებ ამოვიდა საფლავიდან, რომ კიდევ რამდენიმე სურათი დაეხატა; ეს იყო მხატვარი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ გამოიძახა საფლთავიდან, მასთან დამარხულ და მასში გაგრძელებულ სიცოცხლის სიტყვის ძალით. აქვს აკაკის ისეთი ლექსები, რომელსაც უნდა ვუცქიროთ მეთორმეტე საუკუნის ქართველი მკითხველის თვალით.
აკაკი ამბობდა, რომ სამარადისო და უკვდავი სახელისათვის არასდროს მიფიქრიაო.იგი სწერდა: გამოვდიოდი მხოლოდ უბრალო დღიურ მუშად, რომელსაც ნება არ აქვს, რომ ყოველდღიურ სამუშაოს გვერდი აუაროს, გინდ წვრილმანიც იყოს; არასოდეს მის გარჩევაში არ შევსულვარ, რომ ეს დიდი საქმეა და უფრო გამომაჩენს. პატარაობიდან შემინიშნია კი: ეს სასახელო, ის კი სხვების სასიამოვნო და გულის მოსაგები, ის კიდევ საწყენი და სხვანი და სხვანი. სამუშაო იარაღათაც ბევრ სხვადასხვა რამესაც ვხმარობთ, როგორც ყვედრებას, ისე ვედრებას, როგორც წყევლა-კრულვას, ისე ლოცვა-კურთხევასაც. სადაც ძაღლივით ყეფა იყო საჭირო, იქ ზევსური არ მიმღერია და სადაც გალობა, იქ ყეფა არ ადამიწყია. კალამიც ისე მეჭირა ხელში, როგორც ყოველდღიური სამუშაო იარაღაი. სახუროთმოძღვროდ არ მომიცლია, თორემ ჩემს ნაწერებს ხელად კი არ გამოვხანხლავდი, უფრო მეტ დროს მოვახმარებდი, გავაშალაშინებდი, თითო წამის მაგივრად წელიწადებს მოვანდომებდი და მაშინ სახელიც მეტი მექნებოდაო.
ამ სიტყვებში არის გულწრფელობა, მაგრამ ის, რასაც აკაკი ხუროთმოძღვრებას ეძახის, აქაც შესძლო მისმა ნიჭმა მოეცა სამარადისო და უკვდავი. მისი საფლავი არის დაუვიწყარი და სამუდამო. კურთხეულ იყოს მისი სახელი!
მთელი თავის ხანგრძლივი და სახელგანთქმული სიცოცხლის განმავლობაში აკაკი იჭერდა ხალხს მათ პირფერობაში, გაიძვერობაში. ამ დაცემულობას ის ხედავდა და ამართლებდა, როგორც დანაშაულობაში დაჭერილ მონას. ის ნამდვილი სერვანტი იყო ხუმრობაში, ნამდვილი ბაირონიო მწუხარებაში, ნამდვილი ჰეინე ეროტიზმში და შეუდარებელი მოქალაქე მამულის სიყვარულში.
უკვე არავისთვის საიდუმლიოებას აღარ წარმოადგენს აკაკისა და ილიას ერთმანეთში დამოკიდებულება. ველიჩკომ რაფიელ ერისთავის იუბილეზე ამნაირი სადღეგრძელო დალია: ვისურვებ, რომ აკაკის ილია უყვარდეს და ილიას აკაკიო... ამნაირმა საღეგრძელომ ყველაზე უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ სადღეგრძელოს თქმას ალბათ ჰქონდა თავისი მიზეზი, თუნდაც ის, რომ იმავე იუბილეზე მგოსანმა გრ. აბაშიძემ უსაყვედურა: ეს რა ამბავია , ჩვენი ორი გამოჩენილი პოეტი სხედან და ხმას არ იღებენ მაშინ,როდესაც ამდენს ყოველი მხრიდან შეკრებილ საზოგადოებას ისინი ძვირად ნახავენო. აკაკის და ილიას ამნაირ დამოკიდებულებას იდეური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ ეს ხომ წარსულია. თვით ილიას დასაფლავების დღეს აკაკი მწარე ცრემლებით სტიროდა და ასე მოიქცეოდა ილიაც, რომ აკაკის ცხედარი დაენახა. სასაფლაო საყოველთაო შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოა.
აკაკი კვდებოდა და მისი დამავალი მზის ნათელი ანათებდა მთების მწვერვალებს და ამსგავსებდა მათ მეფეებს თავზე ოქროს გვირგვინებით.