აკაკი

 

 

აკაკის იუბილე იყო, ბევრმა პირველად დაინახა ამ დღეს აკაკი.

მე ერთი კვირის წინეთ ვიკითხე სახაზინო თეატრის კასაში ბილეთი, მაგრამ სრულიად გაყიდულიყო ბილეტები.

დავრჩი ისე, რომ აკაკი ვერ ვნახე, უკვე თხუთმეტი წლის ვიყავი, სემინარიაში ვსწავლობდი, ლექსებსაც ვსწერდი, ვბაძავდი აკაკის... ”სირცხვილი არ არის, რომ აკაკი ვერ ვნახო”? - ვფიქრობდი ვფიქრობდი, მაგრამ შემთხვევა არ მომეცა. სიონის ტაძრიდან აკაკი ეტლით წამიყვანეს, მინდოდა დამეძახა, მაგრამ ჩემს წინ ჩემზე მაღალი ხალხი დადგა. ეტლმა ჩაიარა კიდეც... შემდეგ სახაზინო თეატრის წინ ვიცდიდი, ხალხი ბუზივით ირეოდა... გათავდა საიუბილეო ზეიმი, აკაკი კი არ სჩანდა. ხალხი მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას.

 - Разойдитесь! - გაისმა პოლიციელების ხმა, - Акакий уже уехал.

- აკაკი წავიდა!

გულდაწყვეტილი გვიან დავბრუნდი ბურსაში, სადაც სემინარიელები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს აკაკიზე.

გავიდა რამდენიმე წელი...

მე უკვე სემინარიაში აღარ ვსწავლობდი. როდესაც სემინარიიდან გამოვედი, სადგურ ხარაგაულის ახლო, ერთ პატარა სოფელში მასწავლებლის ადგილი მომცეს.

კვირა - უქმე დღეებში სოფლიდან სადგურზე ჩამოვდიოდი, აქ თავს იყრიდნენ ჩემი ამხანაგი მასწავლებლები... საღამოობით თფილისიდან მატარებელი ჩამოივლიდა და ესეც ერთგვარ სიამოვნებას გვგვრიდა. სრულიად მოულოდნელად რომელიმე ნაცნობი გადმოვიდოდა მატარებლიდან... მოგვიტანდა თბილისის ამბებს, გვეტყოდა რამეს ნაცნობების შესახებ...

ერთხელ დიდხანს ვიდექით სადგურზე... ვსაუბრობდით, ვიცინოდით... მატარებელიც მოვიდა. ჯგუფი ახალგაზრდა ქალების იდგა და მგზავრებს ათვალიერებდა.

ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპედან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა...

- აკაკი! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

ელექტრონის ძალასავით იმოქმედა ამ სიტყვამ ყველაზე. ერთხანათ გაშეშებულნი ვიდექით. მე თვალებით ვჭამდი ამ სახეს. აკაკიმ წაიკითხა სადგურის შენობაზე მიკრული სახელწოდება და ფანჯარა ისევ დახურა. ვხედავდი, რომ იგი დინჯათ გადაეშვა სავარძელში.

ყველანი ამ კუპესკენ გაექანენ... ბევრმა მატარებელში შესვლაც მოინდომა. დაჰკივლა ამ დროს მატარებელმა, მისცეს მესამე ზარი და მატარებელი გუგუნით გაექანა სიპივით გალესილ რელსებზე.

დიდხანს დაყრუებულივით ვიდექი.

ორი წლის შემდეგ ქუთაისში ვცხოვრობდი.

არასდროს არ დამავიწყდება სალიტერატურო საღამო, რომელშიდაც პირველად გადმოვდიოდი. ხუმრობა იყო? სცენაზე ლექსი უნდა წამეკითხა!

დილიდანვე რაღაც საშინელების გრძნობამ შემიბყრო... შიშმა სრულიად დამიმონა...

ერთიც ვნახოთ, დამავიწყდა ლექსი! მაშინ?.. საზოგადოება დაინტერესებულია ”ახალგაზრდა მგოსნით”, იგი გაფაციცებით თვალყურს გადევნებს, მაგრამ იგი სრულიადაც არ შესწუხდება, თუ შენ ლექსი დაგავიწყდა და შუა ადგილას გაყინდი... რომელიმე დაურიდებელი პირი შემდეგ საყვედურით გეტყვის:

Публика страдала из-за вас!

მე ძალზე გავიზეპირე ლექსი...

ამ დღეს სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ: აკაკი, პეტრე გელეიშვილი, პ. ცახელი, იასონ ნიკოლაიშვილი, ვარლამ რუხაძე. იყვნენ სხვებიც. საღამო გელეიშვილის ლექციით დაიწყო, იგი მუსრს ავლებდა ახალგაზრდა მწერლებს. ახალგაზრდა მწერლები  კი იქვე ისხდნენ აკაკის ირგვლივ. დათიკო მესხმა მეორე დღესვე ამ თემაზე იუმორისტული შენიშვნა დასწერა. ლექციის შემდეგ აკაკიმ თავისი კლასიკური ლექსები წაიკითხა, აკაკის შემდეგ კი ჩემი რიგი იყო.

მე დავიწყე, მაგრამ ხმა მიკანკალებდა. უეცრად აკაკის დაჟინებული შემოხედვა ვიგრძენი... აკაკი მიცქეროდა და...

ცივმა ოფლმა დამასხა...

ბედათ, იმ რითმაზე, რომელზედაც გავჩერდი, მომაგონდა სრულიად ახალი რითმა, ექსპრომტათ, ავადმყოფური თავფანწირულებით ვქმნიდი ახალ სიტყვებს, ახალ აზრებს, რომელშიდაც საერთოდ არ იყო რა, მაგრამ მე მსურდა სიტყვების კორიანტელით ამეხვია თვალი მაყურებლებისათვის. ცდა საუკეთესოდ დაგვირგვინდა. არც ერთს დამსწრეს არ შეუტყვია და არ უგრძვნია ჩემი კრიტიკული მდგომარეობა.

საღამო გათავდა, მე თავიფიცე, რომ ამ დღიდან სალიტერატურო საღამოში არ გამოვალ.

”რა სიბრიყვეა, უკითხო ხალხს ლექსები, თუ ასე ძალიანა სურთ, იკითხონ გაზეთებში”, - ვფიქრობდი მე.

აკაკის შემოვერტყით გარშემო. აკაკი საუბრობდა ნიკო ნიკოლაძის გაზეთზე - ”ნოვოე ობოზრენიეზე”, სადაც მუდმივ თანამშრომლათ ითვლებოდენ აკაკი და გ.თუმანიშვილი. შემდეგ საუბარი საღამოს ირგვლივ ტრიალებდა...

ილია ბახტაძემ - რომელმაც იმ საღამოს მერეჟკოვსკის ”საკიამუნი” წაიკითხა - აკაკის უთხრა:

- არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ბ. აკაკი, მე თქვენ იუბილეზე ლექსი ვთქვი.

აკაკის, ალბათ ეგონა, რომ ილ. ბახტაძე ლექსებსაცა სწერს და ოდნავ ღიმილით სთქვა:

- მე ილია ბახტაძე მახსოვს... იგი პუბლიცისტი იყო, მაგრამ ილია ბახტაძე, რომ ლექსებსაც სწერდა, ეგ კი აღარ ვიცოდიო!

Сайт управляется системой uCoz