ყველას რაიმე აქვს სახსოვარი
ზოგს ჩაის ვარდი,
ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ბარათი, სისხლის
ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
თმა, როგორც
განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი-
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი
ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი
გულიც, რადგან მგზოვარი -
ყველას
რაიმე აქვს სახსოვარი
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა,
თავმიდებული აჭარის კალთებს.
რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა,
თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს.
სხვას თუ არ უნდა ამის გაგება,
შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, -
რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება,
არამედ კაცი რწმენით და იჭვით.
და შემდეგშიაც ავიტან მრავალს
უამინდობას, წყურვილს, სიცივეს,
ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს -
დიდი იმედის შუქს მოციმციმეს.