გულო, რა გემართება?

                                    შემოდგომის ყვავილებს
                                    დიდებასთან მივიტან,
                                    ერთი შორი ოცნება
                                    მახსოვს ძველ მოტივიდან.
                                    ვარდები არ არიან,
                                    მაგრამ რა მევარდება?
                                    სულო, რა გემართება?
                                    გულო, რა მოგივიდა?

დაგიფარავენ

მივეჩქარები იქ ხელაღებით,
სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური,
სადაც ბაღებით და ვენახებით
ციხიდან შუქი გამოიჟურა.

ვარსკვლავი მოსწყდა, როგორც ფარვანა.
ძვირფასო მთებო, რაღაც იშვიათ
ძალით მწვერვალნი დაგიფარავენ,
ვარსკვლავები რომ ცად გაგიშვიათ.

 

დამწველი თავის სიმშვენიერით

დამწველი თავის სიმშვენიერით,
დამშვენებული უხვი განგებით
ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი,
როგორც ელვარე ფარშავანგები.

შიშველი, წმინდა, როგორც ნაკადი!
დიდხანს საჭირო არ იყო ხვეწნა,
უცხო სახეზე შემონახატი,
წარბები - მშვიდი და თმები - ძეწნა.

მე სხვა ქალებს ვერ დავემალები,
მათში ბევრია პროზა, ქრონიკა,
მაგრამ სხვა იყო შენი თვალები
და შენი კოცნა... ო, ვერონიკა!

 

დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით

დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით,
ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით,
მე დამუნჯებით ცას ვემუქრები.

ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ხანჯლებს დავფარავ ისევ იებით,
მე მტერს იმავე ხმით ვემუქრები,
რომ მოვა ჩემთან მონანიებით.

 

იცვალნენ დრონი
 

იცვალნენ დრონი. წარსულის დიდის
დიდებას ვხედავ არასაკმარისს.
ღელავს ფაზისი და მტკვარის მშვიდის
ამოოხვრაა მიდამო-არის;

ძველია ჩარჩო ჩატეხილ ხიდის,
გული ერევა ზვირთების რონინს,
რაიღა დარჩა წარსულის დიდის?
იცვალნენ დრონი. იცვალნენ დრონი.

 

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა.
ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა,
იქ ხომალდები ჰომერისაა.

იყო ფიქრები ასე სხვადასხვა.
ახალგაზრდობის იყო ეს ვადა.
ოქროს დროებამ იგი გადასვა
იქ, სადაც ძველი არის ელადა.

ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,
დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, -
ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,
შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.

გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.
შავი არშია დღეებს ავლია.
ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,
ცხოვრება ასე შემისწავლია...

 

ისევ მაისის მათრობს თვალები

ისევ მაისის მათრობს თვალები,
ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით,
გაჩნდნენ ნათელი თებერვალები,
ახლა მცხოვრებნი მოგონებებით.

მათში აფეთქდა სიოს სისინი
და სამუდამოდ ატყდა იებად,
ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი,
სიყვარულს, სითბოს და პატიებას.

 

ისევ ოცნება და სიყვარული

დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს,
ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება -
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.

მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული,
ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.

 

იშლებიან ყანები
მოფენილი ქალებით,
სავსე იდუმალებით,
ქარვად მონაზმანები,
სივრცით დანათავები,
იშლებიან ყანები,
როგორც ვეფხვის ტყავები.

სამხრეთივით ვნებიან
მხარეს ეშურებიან
ჭაობების იხვები,
სიმაღლეებს მიჰყვება
ფიქრი, ოქროს ნავებით.

 

 

ეს წინათ იყო
 

ეს წინათ იყო, მდინარეს თითქო
ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი
და კიდეებზე მდუმარედ იდგა
შეუცნობელი შრიალი ჭადრის.
შრიალი ვერხვის, შრიალი ყანის,
უდარებელი სამშობლო მხარე!
რა უწყალოა რონინი ხანის
აუსრულებელ იმედთა გარ
ე!

 

 

ლილიან ფრთებით

 

აჰა მშვენება! ოჰ, ეს ცისკარი
ოცნებამ ბაგით გაგაანგარა.
შემოგახვია შავი ზღვის ქარი
ლილიან ქარად - ბაგეანკარა.

მოგცა ლურჯი ცა და მინანქარი,
გადაგაქცია ლილიან ქარად,
ნუ გვიანდებით, ნუ გვიანდებით,
ეშვება ღამე ლილიან ფრთებით.

 

 

მაისის ისრით

 

ამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები, კარგია თრობა.
არ მებრალება მე ჩემი მტრები, და ვიცი მტრობა.
მაისის ისრით იჭერს ამური მოვერცხლილ ნავებს
და მთვარე, თეთრი სიასამური, მირეკავს კრავებს.
არაფერია! ისევ ის მშვილდი დაჰხარის მდელოს.
იმ სადღეგრძელოს უზეცისშვილდი, იმ სადღეგრძელოს

 

 

მცხეთიდან

 

სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,
მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.
ვინ ააშენა იმ სიმაღლეს? რა პოეტობა
შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?

ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,
გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.
ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,
შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს.

ჩვენ გავიარეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,
მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,
და ისევ მთები... მეჩეთია ეს თუ საკანი?
თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები?

ასულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა,
მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქაურობას,
მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა,
ასე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმაურობას.
]

 

 

მე ვინც მიყვარდა

მე რომ მიყვარდა, ის არი,
ოცნება გამიდიადა,
იმისთა თვალთა ისარი
გულზე მაჩნია ტყვიადა.

საგულეს ის არ ჩადგება,
სხვადასხვათ თანატოლობა,
იმას რად გამოადგება
მონადირისა ცოლობა.

ბევრი მოგიკლავს ტახები, -
ყვირილი გახსოვს ირემის,
ახლა მეც გაგეძრახები,
შენ, ჩემო თოფო ყირიმის.

 

 

მგზავრის სიმღერა
 

რამდენ მდინარეს არბევს
ეს დატეხილი მთები,
დემონისას ჰგავს წარბებს
მძლავრი ნიაღვრის ფრთები.

სუნთქვა მაღლიდან მორბის,
როგორც ქარული რაში,
და ბუდეები ორბის
მიჯგუფებულა მთაში.

უუძველესი ციხის
ჩანს ნანგრევები შორი,
ჩქარი მდინარის რიყეს
რგოლებს აზომებს ქორი.

დგება საღამო ჟამი,
მთებს ეპარება რული,
ჩქარა დაეშვი, ღამევ,
და დამიმშვიდე გული.

ჩქარა დაეშვი, ბინდო,
ფიქრი მომეცი წმინდა,
ვისაც ვენდე და მინდო,
კვლავ მომაგონდეს, მინდა.

მინდა ახალი გზები,
მინდა ახალი რამე,
გაბრწყინვებული მთები,
განათებული ღამე!

 

 

მივალ, გადავკოცნი


მივალ, გადავკოცნი
ჩემსა მთვარესა,
სიტყვებს გადავტყორცნი
მწარე-მწარესა.

გიშრის კაკანათებს
ნუ ჰფენ ქარებსა,
ასე ნუ ანათებ
ჩემს ბნელ ღამესა.

მივალ, გადაგკოცნი
ჩემსა მთვარესა,
უარესს გადავტყორცნი
სიტყვებს მწარესა.

 

 

მშვიდზე მშვიდი

მშვიდზე მშვიდი
ცხრაას შვიდი,
უეცარი
ომის ზარი.

იყო მწარე
ჩვენი შარის
შეშფოთება
უზეცარი.

სევდიანად
შეწყდა ნანა -
სადაც ყანა
იყო წყნარი.

მოჰყვა მკაცრი
კარპატები,
მერე კრემლი
და ხანძარი.

 

 

ქალაქი წყალქვეშ

ღელვის დროს გემზე ტეოდორ ნეტტე
ანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები,
ფიქრებს მორევში რაც უნდა კეტდე,
ერთს მათგანს მაინც ვერ მოსცილდები.

რომ დააყარა ქარმა ფაფარი
უზარმაზარი გორების ეტლებს,
პოსეიდონის ძველი ზღაპარი
ეხეთქებოდა ფოლადის კედლებს.

ასფუთიანი ჩაქუჩის ცემით
ცა ჩემზე ცდიდა ძალთა მოკრებას,
მან დაამსგავსა მგზავრობა ჩემი
ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.

გადმოანგრიე შენი ზვირთები,
რომ მხარეებმა მხარეს გაასწროს...
იქუხე - გასწყრი! არ ავტირდები,
არც შებრალებას ვითხოვ არასდროს.

მე სხვანაირად ზვირთი მოვსახე,
მზემ ჩემკენ შუქი რა მოიღერა,
ბოლოს ხომ მაინც მე შემოვძახე
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა.

როგორ? მე ვქმნიდი იმედებს განგებ!
და მისთვის მსურდა ვარდების ფენა,
მისთვის ვფერავდი მრავალჯერ ჩანგებს,
რომ მხოლოდ მტრისთვის დამეტკბო სმენა?

არა და არა! მრავალი სტანჯა,
მრავალს დაუფრთხო სიმშვიდის ძილი, -
ლექსი ყოველთვის იყო ხანჯალი,
ლექსი მტრებისთვის იყო სიკვდილი.

მოგხვდათ? იგრძენით? შევატრიალე
თუ არა ნისლში მყოფი ბორბალი?
იყო თუ არა ჭექა-გრიალი,
ჩვენი დღეების ცა ნაჭორფალი?

ო, შავო ზღვაო! ასწიე გემი,
შუქი დაენთოს ქაფთა მოკრებას, -
დაე, კვლავ ჰგავდეს მგზავრობა ჩემი,
ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.

მაგრამ შორს ლურჯი გამოჩნდა მთები,
ახლა იქ მყუდრო ნავსადგურია,
წყალში შთასული არის მითები
და ძველისძველი დიოსკურია.

ზღვის ფსკერზე ახლაც მეზღვაურები
ძველ კედლებისას ჰპოვებენ ხვავებს,
ამოაქვთ ოქრო აუარება
და საგანძურით ავსებენ ნავებს

ქალაქი წყალქვეშ მძინარი მხარის!
როს შეღამდება ნაცრისფრად ასე,
მაგრამ სინათლე ჯერ კიდევ არის
და ალმაცერად იშლება ზღვაზე -

ნაპირებიდან კავკასიონის
მთებამდე მოსავს ბინდები შავი,
მაშინ მძინარე პონტიის დონეს
მე მიმაქანებს ფარული ნავი.

ზღვის ფრინველების გამკივარ ხმაში
თითქო სხვა მესმის იდუმალება,
ილუზიაა! ჩვენება! მასში
სულ ახლო, ახლო რომ იმალება.

თითქო ეს ხმები ეკუთვნის არა
მხოლოდ და მხოლოდ ფრინველთ გვიანებს,
მათში წყალქვეშა გუგუნებს ზარა
და ხმა ეკუთვნის ადამიანებს.

მივუყურადებ: ისევ და ისევ
განმეორდება ხმა უცნაური,
ის იდუმალი ქალაქი-სფინქსი
მეძახი უცნობ აურზაურით.

ვგრძნობ, თითქო ფსკერზე ვეშვები ცურვით,
ხელით ვეხები წყალქვეშა თხემებს,
წყალში დამარხულს ვიგრძნობ მომდურვით
ნანგრევებს, ლანდებს, იდეებს, სქემებს.

აქ დაფარულა მთელი კრებული
და სიბნელეში ელავს თვალები,
ის ძველთაძველი შთამომავალი,
ის უძველესი ფეოდალები...

მათი ვერა გრძნობს ფიქრი და ბაგე,
რომ მცხეთის ახლო ახალ ნათებით
ელექტრონების გაჩნდა ქალაქი
ათასეული კილოვატებით.

იყო ქალაქი, იყო საგანი -
ოდესმე მძლავრი და ალიერი,
ახლა ცივია გზა შინაგანი
და იდუმალი სიცარიელე...

ტეოდორ ნეტტე ახლა ისვენებს
და ფრინველების დასცხრნენ გუნდები.
მშვიდობით! ხსოვნით დაკარგულ ფენებს
არასოდეს აღარ დავუბრუნდები!

ქუჩა

 

ქუჩა პოეტად დარჩა
ოცდაათიან წლებისა,
გაცვეთილი აქვს ლანჩა,
დარჩა კანი და ძვლები
ცისარტყელების რიგი
ზამთრით ახარებს ნელი.

ო, შეშლილია იგი,
თუ - წინასწარის მთქმელი?
უგზოობაზე ჩივილს
ისმენს ოცნება მწირი,
და ისევ უცნობ ტკივილს
გრძნობს უდროობის გმირი.

 

ჩაკეტა კარი

 

ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი
ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას,
როცა გათავდა დიდი მიტინგი,
ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას.

დარჩება სახლში და მისი ქოხი
მოეჩვენება სურორეული,
სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი,
როგორც ომების ხმა შორეული.

მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას,
რომელსაც არხევს ალი მთოვარი,
მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა,
ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი.

Сайт управляется системой uCoz