* * *

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.

ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს

ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს

შენი მე ხატება დამდევს თან,

ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან

შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.

 

ჩვენ, პოეტები საქართველოსი

გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.

აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.

იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,

და გიგანტური მუხლუხო - ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა აერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.

წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.

გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.

იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გამოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.

ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...

დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..

არა ერთი ორი

 

არა ერთი და ორი,

არა ორი და სამი,

მახსოვს ვარსკვლავი შორი

და განათების წამი.

შენ, გალაკტიონ, იცი

რა დაუდევრად ჩქარა

ქრება ქალების ფიცი.

წყნარად იარე, წყნარად.

და მეგობრული ვერსად

ვარ გიპოვნია თასი.

კმარა, Poeise Verso!

რაა სიცოცხლის ფასი?

მაღალ ალვათა რიგნი

მთვარეს მწვერვალებს უხრის.

დახურულია წიგნი

უკანასკნელი მწუხრის.

 

 

ქარი მოგონებათა

 

აგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი

შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა;

ისმოდა შორი რაშო-და შოდა

და კრიალებდა მზიანი დარი,

როგორც ცოცნება უშორეს დროთა.

თითქო ქალწულმა პირველად სცოდა

და სინანულის დაგუბდა ღვარი...

                     ზღვა იყო წყნარი.

თითქო ფენობა ზურმუხტის რტოთა,

ცის დასავლამდე უსიზმროდ მდგარი,

უსმენდა ჩანგებს და მოელოდა;

შორს, ძალიან შორს მოჩანდა ქარი,

მე შენ გკოცნიდი და გული თრთოდა;

                       ზღვა იყო წყნარი.

 

 

ქარი ამწევი ფარდის

 

სიკვდილი პირად ოდენ ვიქნები,

მე ჩემ დემონებს

ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები,

სადაც შენს იქით, სადაც შენს გარდა, არ ჩანს არავინ.

ერთი წამია ნგრევის შეგნება -

წამი ღვარული,

იქ სიბრალული სულს არ ექნება,

არც სიყვარული.

გონება ჩუმობს და ჯადოს ილეკს,

სხივს მომაკრძალებს;

მხოლოდ შორეულ თოვლიან ბილიკს

მივაპყრობ თვალებს.

მღვრიე ქუჩები, ხიდეები,

ნისლი, ზარები

ჩემს დაფიქრებას ხმაურობით

ფარავენ მარად;

იხტიოზავრის გაღვიძებას

ესადარები,

ოდეს ქარები გრიალებენ:

მსოფლიო ქყნარად!

თმაგაწეწილი ორატორი

მძაფრი ძახილი

მიეშურება აღელვების ზღვად და სამუმად.

ჯერ არნახული, ჯერ ართქმული,

ჯერ არსმენილი

ხმით გუგუნებენ მოედნები:

მსიფლიო, ჩუმად!

ხმა იყოლიებს ყტიბუნებზე

ამართულ ლანდებს,

უეცრად მასის გადარევა

ელვაზე ჩქარა

შესძრავს პეტერბურგს, ასწევა ლავრებს,

მანიფესტებს.

აღფრთოვანება, გაგიჟება, წყევლა, მუქარა

ჩემს თვალწინ მიდის შეღამების

ელიზიუმად...

წყნარად, მსოფლიო! წინ, მსოფლიო!

მსოფლიო, ჩუმად!

 

ქალავ!

გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი: - დაიცა, ქალავ!
ქალი: - დაგიბრმა თოლი!

შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
- არა! - ჩურჩულებს ქალი.
- კარგი! - ამშვიდებს ვაჟი. -

თუნდა წაიყვა ჯოგი,
კიდენ დამრჩება მრავალ.
ბროლ-ღიკილასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ.

 

 

ლენინი

 

მღელვარება ღრღნის ქალაქის ქალას:
ჩავარდნილ თვალებს და ღია ბაღებს.
უძრავ ლენინით მრისხანე ძალას
სძრავენ ზოდები -

დახურულ კარებს გრიგალი აღებს...
მახსოვს იმ დღეთა ტოლნი და სწორნი..
შფოთავს, საოცრად შფოთავს ვოლტორნი
და ფაგოტები...

ასეთ დროისას ვსვამ მე ფიალას!
მსგავსი ქარხნების დაბურულ კრთომის
გრიგალი ღრღნიდა ქალაქის ქალას...
იქ ავლენილი,

ლენინი - მსხვერპლი ბოროტი ტყვიის -
ორი ბოროტად ანთებულ ომის
და სამი მძაფრი რევოლუციის
დროშა - ლენინი.

დადგნენ მედგარი მოიმედენი:
ოცნება თოვლში დაკარგულ ქოხის
და რკინის დროის გზაჯვარედინი.
პროლეტარიატი!

ეს გუგუნია მთელი ეპოქის,
განწირულებით ის ეძებს ფერებს,
რომ მოეფინოს დაჩაგრულ ერებს
სითბო მარადი.

დახარეთ დაბლა დროშათ ბანაკი!
აქ ბევრი ბრძოლის გათავდა ვადა,
სტოვებს ბელადი და ამხანაგი
დევიზზე დევიზს:

გაქრა შიმშილი, მოკვდა ბლოკადა,
გათავდა ომი სამოქალაქო,
მაგრამ ახლოა დრო, ამხანაგო,
მსოფლიო ნგრევის...

 

 

მაინც დავიმსახურე

 

მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.
გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.
ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.

 

მღვრიე ქარი
 

თოვლის მხარე,
ნისლიანი მთა და ბარი.
მოვიმხარი მისი გზები,
სიცივე და მღვრიე დარი...

ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი,
მღელვარებათ ჩქეფდა ღვარი,
ტრიალებდა, როგორც ფარი,
შემოდგომის ჩქარი ქარი...

მეფის კარი,
ნანგრევები, ნატახტარი...
მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის
ამირბარი, სპასალარი.

აქეთ ქუჩა, იქით ჯარი
და დროშები გარი-გარი...
ისევ ქარი... მოდის მტერი, -
იკეცება ალყათ ჯარი.

ცხენზე მცდარი
მწარედ ჰკივის მეომარი.
კანონადა მშობლიური
და ღრუბელი შავად მდგარი .

ისევ ქარი, მძაფრი ქარი,
თქეში, მთელი ნიაგარი!
სული ძლიერ აფეთქების
და სიცივე ჯადოქარი.

ისევ მძიმე პეტერბურგი
და ამინდი ბობოქარი...
მღვრიე ქარი!

 

 

Сайт управляется системой uCoz