თეთრი პელიკანი

 

გადმოფრენას ეს ყორანი

მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი

ტივებიან ნაპირს.

 

ასე მიდის ეს ზამთარი

 სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი

უქმი, შემაქცევარი.

 

რომ ისმოდეს საიათნოვას

დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშევანგები.

 

სული ტირის და როს ნანას,

კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,

დაანებე ფიროსმანას

სევდიანი ტვირთები,

 

რომ წავიდეს ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

რომ რეკავდეს საზანდარი

უქმი, შემაქცევარი.

 

ოცნებაო, ჩემო ძველო,

ვარ ღამეთა მთეველი,

კიდევ ბევრი სადღეგრძელო

დაგვრჩა დაულეველი.

 

ხელები

საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით,
მე დამათრობენ:
გევეგები,
გავენაბები!
პოემას უვრცესს
დაერქმევა ალვა დასურო.
იქ შორეული მხარეები
უნდა გამეფდეს!
ოჰ!
ეს იქნება აღტაცება ჩემი ნამდვილი,
რომელიც დათვლის შენს თითებზე
დამსხვრეულ ბეჭდებს.

ვუალისა და ვიოლეს შესახებ

 

ვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს

პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა.

ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,

რომელსაც იძლევა ხმები მასენეთა.

 

გათავდა,განელდა,გაჩუმდა ზღაპარი!

ოცნება,შენ წარსულს ვედრებით შესახებ,

რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი

ვუალის,ვიოლეს და სხვების შესახებ.

 

სასწაულს

 

შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს,

ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს,

ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს

და ეხლა მძინარეს.

 

შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს ჩემს თვალებს,

შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროთად დაღალულს,

მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,

მე ველი სასწაულს.

 

ლოცვისთვის

 

ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს.
შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.
მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს
და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.

ასეთი ვარდებით ივსება აუზი,
დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა:
წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს ქაოსი!
შენ, ჩემო გენიავ, გრიგალმა დარეკა!

 

მწოლარე

 

იყო ის მწუხარება ბალახებში მწოლარე
და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული,
მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარი,
და მახლობლად კიოდა მეთორმეტე ბულბული.

და ფოთლების შრიალი იყო, როგორც ოპერა,
შორეული ბაღები, მედეას ხნის კამარა,
უცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა,
მიეფარა დაღალულს და ზღვებს გადააბარა.

კითხულობდა პოეტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს
და ლანდები ჩქარობდნენ ოცნებების კიდეზე
და ვერ წარმოედგინა ბედნიერს და მშვენიერს
ცა უფრო უმაღლესი, ცა უფრო უდიდესი.

 

მიცვალებულის ხსოვნა

 

მგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება
და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს.
სახლის კარებთან უმოძრაოდ მდგომარე ლანდებს
იცავს სიბნელე, შეეჭვება და მდუმარება.

ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს,
ეს ცოცხლებია? არა! გზებზე მიდიან მკვდრები
და სიბნელიდან უბინაო მათი ცხედრები
სამარისებურ უდაბნოში სტოვებენ ქალაქს.

 

 

ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში

 

მოდის ახალი წელი,
თოვლით მოსილი ღამე,
მიწას ედება ცელი -
ფანტასტიური რამე...

ღამით ფერდობებს ფიქრის
ესხა ღვარი და თქეში,
აწ პროპელერი მიჰქრის
და დუმილია ტყეში.

ამოზიდულო დილა,
მკრთალო დღიურო მთვარე!
ლურჯად ელვარებს სილა,
გაყინულია მხარე.

მე მეზმანება პალმა,
შობის ხეებში რგული,
ერთმა ბოროტმა რკალმა
მასზე დაჰკიდა გული.

იგი ხე არის თალხის
მწარე მირონის ცხება,
მშვიდობიანი ხალხის
მასზე ჰკიდია წყება.

გაწყდა მრავალი ტომი,
გული რკინის და თუჯის,
მოდის მსოფლიო ომი
და კანონადა ქუჩის.

მოდის მედგარი გრდემლი
ცეცხლით, ტყვიით და რღვევით.
ვის არ უგრძვნია ცრემლი
შობის ხეების რხევით?

მიწა მოიცვა ალმა,
თოვლიც მოვიდა თეთრი.
ფანტასტიური პალმა
დგას შემკობილი ცხედრით.

სული ომებით ბოდავს,
სული სავსეა სისხლით,
კაცთა თვითეულ ცოდვას
ითვლის თვითეულ მისხლით.

რა საჭიროა თალხი,
თუ უგულოდ და ძალად
მშვიდობიანი ხალხი
დაემსგავსება ჯალათს?

ვისაც უნახავს ნისლი
და არ ჰქონია სახლი,
მას გულიდან სჩქეფს სისხლი
და სისხლს ულოკავს ძაღლი.

გაფითრებულო დილა,
გაფითრებულო მთებო,
ცას გადასცილდა ლილა
და ნისლიანი თებო.

 

 

 

Сайт управляется системой uCoz