სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

 

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და  შორეული ცის სილაჟვარდე.

 

შემოიღამებს მთის ნაპრალები,

და თუ როგორმე ისევ გათენდა-

ღამენათევი და ნამთვრალევი,

დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

 

ღამენათევი და ნამთვრალევი

მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,

შემოიჭრება სიონში სიონში სხივი

და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

 

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი

გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!

შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის

დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

 

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,

წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -

ღამენათევი და ნამთვრალევი

სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

 

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

შენს მოლოდინში ასეა ყველა?

სული, ვედრებით განაოცები,

შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

 

სად არის ჩემთვის სამაგიერო?

საბედნიერო სად არის სული?

ვით სამოთხიდან ალიგიერი,

მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

 

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა

სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

 

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით

გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

ღამე ნათევი და ნამთვრალევი

ჩემს სამარეში ჩავესვენები.

 

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და  შორეული ცის სილაჟვარდე.

 

დროშები ჩქარა

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!

 

(მზეო თიბათვისა)

 

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

ლოცვად  მუხლმოყრილი  გრაალს შევედრები.

იგი, ვინც  მიყვარდა დიდი სიყვარულით,

ფრთებით დაიფარე __ ამას გევედრები.

 

ტანჯვა განსაცდელში თვალნი მიურიდნე.

სული მოუვლინე ისევ შენმიერი,

დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

 

ხაანმა უნდობარმა , გზა რომ შეეღება,

უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა,ამას გევედრები.

 

ანგელოზს  ეჭირა  გრძელი   პერგამენტი     

 

ანგელოზს   ეჭირა  გრძელი  პერგამენტი,

მწუხარე  თვალიბით  მიწას  დაჰყურებდა.

მშვიდობით,მშვიდობით!ამაოდ  დაგენდე,

ელვარე  საღამოვ  ალმას  საყურეთა!

ბაგეთა  ლოცვაო,დიდება  და  ძეგლო,

უთუოდ  მახსენებ  ოდესმე...ოდესმე!

გრაალის  კოშკები,ლიდიის  სამრეკლო

შენს  ფერხთქვეშ  დაიმსხვრა  და  გლოვა მომესმა.

                                                                                      

ოჰ!როგორ  გაფითრდა  ციურთა  თანადი

ოცნება,ნახაზი  საგანთა  უარით,

ღრუბელი  ფერადი  და  ალვა  ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.

ანგელოზს  ეჭირა  გრძელი  პერგამენტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე  ბარათის,

ამაოდ  გვინდოდა!მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები-

საღამო  კანკალებს  შიშით და რიდობით,

საღამო  ნელდება და კვდება   ვარდები...

მშვიდობით,მშვიდობით,მშვიდობით!... 

 

არ არის იგი იმდენად ტკბილი

 

არ არია იგი იმდენად ტკბილი

დრო, დაფარული ცეცხლის ენებით,

მაგრამ არც ისე მწარწ აქვს კბილი

საწამლავებით და შეჩვენებით.

           

მან შეაჩვია სოფელს სატანა,

ჯოჯოხეთური ალი ქურების,

რათა შემდეგში შესძლის ატანა

უფრო საშინელ განადგურების

 

 

 

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს

ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.
მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმაური,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.

მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დაიხატავდა.

მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
არა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს
არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
იყო ღამე, იყო უდაბნოეთი,

ოდეს მშვიდი და უცნობი პოეტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს იმ ატმის ყვავილებს!

 

 

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.
ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...

იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.
ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.

Сайт управляется системой uCoz