მე და ღამე

 

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს  სარკმლის წინ იასამანს.

 

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

 

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

 

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,

საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.

ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,

ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

 

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

              

                                                                        

სად?

 

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

 

თვალუწვდენელი, დაუსაბამო

თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

 

Сайт управляется системой uCoz