შავი ყორანი
გზა
გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
ნუ იხედები... ნუ იხედები!
გზაზე
მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!
მაგრამ სადა
ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
გადაიფრინა და
მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.
მონაზონ ქალს ოფელიას
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.
სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა!
დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი,
ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ,მსხვერპლი!
სევდად იცვალა თრთოლა ციების,
ღმერთი თარეშობს შურისძიების.
სტიროდე,ადამ,სტირიდე,ევა!
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.
ჰამლეტის ქნარი
ამაოა მთლად ცხოვრება,დრტვინის წუთისოფელია,
წადი...წადი მონასტერში,მონასტერში,ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი,უბედობა ხატს აჩვენე!
დამაშვრალი სული,გული,მონასტერში მოასვენე!
მაშ შორს მტვერი,შორს,შორს მოწა!_ის ცის უარმყოფელია...
წადი...წადი მონასტერში!მონასტერში,ოფელია!...