მოგონებები

ვახტანგ ჯავახაძე

* * *

წიგნის მომზადება და გამოცემა უპირველესს საზრუნავსა და საარაებო წყაროს წარმოადგენდა.

ბოლომდე პროფესიონალის ცხოვრებით იცხოვრა და ჰონორარზე იყო დამოკიდებული:

- წიგნის დაბეჭვდამდე ცოტა იოლად უნდა წავიდე.

სხვა პრაქტიკული საქმეებისაგან და პირადი კონტაქტებისაგან ტავისთავად მოცლილს – მთელი ყურადღება აქეთ ჰქონდა მოპყრობილი.

თუმცა, როგორც საერთოდ ცხოვრებაში, რეალიზმის გრძნობა აქაც ღალატობდა, სიტუაციებს ობიექტურად ვერ აფასებდა, ყველაფერს ვერ ითვალისწინებდა.

რამდენად მდიდარი უნდა ყოფილიყო, რვა ტომი პორზია გამოეცა და ტომებში არ შეეტანა: “მზეო თიბათვისა”, “ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი”, “შადრევნების ვედრება”, ”მე მძინარე ვარ”, “ლურჯი ხომალდი”, “შიში”, “ბაწარზე”, “ქარი დაცხრა სიბობოქრის”, “დაბრუნება”, “ჩემო იარალი” და სხვანი და სხვანი.

და რამდენად დაულაგებელი ცხოვრება უნდა ჰქონოდა, რომ მსგავსი ლექსები გაბნეოდა?!

იცოდა, რომ ბევრი გამორჩა, ამიტომ ყოველი ტომის შედგენისას დაეძებდა.

 

* * *

 

ჩვეულებრიბთა გვერდით იდგა. ხშირად უკანაც ძნელია თანაგრძნობის გარეშე წაიკითხოთ 1945 წლის ერთი განცხადება და მის მიერვე ხაზგასმული სიტყვები:

გთხოვთ ჩემი წიგნის “რჩეული”-ს გამოცემასთან დაკავშირებით გასწორებული იქნას ჩემტან საბოლოო ანგარიში. თქვენის გამოანგარიშებით წიგნში არის 15492 სტრიქონი. სტრიქონში მე ვკითხულობ 15 მანეთს, როგორც ამას იღებენ სხვა პოეტები თქვენგან. მითუმეტეს, რომ ჩემი წიგნი იბეჭდება თითქმის სამი წლის განმავლობაში  და აღებული მაქვს თითქმის 80 000 მანეთამდის. აღარაფერი მრჩება. ასეთ წიგნს კი ყოველთვის ვერ დავწერ (სახელგამი მე მაძლევს სტრიქონში 10 მანეთს).

ალბათ იცანით: ასმანეთიან რჩეულზეა საუბარი.

ამ წიგნის ხელშეკრულება 1943 წლის 13 ნოემბერს გაუფორმებია და, და როგორც სჩვეოდა, შეუნახავს. სტრიქონში ათი მანეთია განსაზღვრული, მაგრამ გამოცემათა რიგის შესაბამისად პროცენტები დაექვითებოდა და საშუალოდ ხუთ მანეთს მიიღებდა ხელზე.

სურათი ბომ უფრო ნათელი გახდეს, განვმარტოთ: პოეტური ნაწარმოებისათვის სტრიქონში მაქსიმალური განაკვეთი 20 მანეთი იყო და გალაქტიონის თანამედროვე პოეტს ეს მაქსიმუმი მიუღია.

თვითონ მხოლოდ ლიტერატურის ინტერესებით და ლიტერატურული ინტერესებით დაცხოვრობდა. სხვა მიზანდა მისწრაფება არასოდეს ჰქონია. ამიტომ გული უკვდებოდა როდესაც სხვები აკრძალულ ხერხებს იყენებდნენ, უკადრისს კადრულობდნენ, არაშემოქმედებითი და ანტიშემოქმედებითი ზრახვებით იღვწოდნენ.

 

 * * *

 

 

ისიც მახსოვს: გროშებს ესესხებოდა ავანსად მორიგ ჰონორარამდე მინა-მოლარეს.

1959 წლის 17 მარტს კი ჯიბეში 281 მანეთი, ანუ ახლანდელი კურსით 28 მანეთი და ათი კაპიკი ედო და შემნახველ სალაროში დღევანდელი ანგარიშით 2629 მანეთი და 46 კაპიკი ერიცხებოდა (ალბათ, ჩვენი რჩეულის ჰონორარიდან).

ყაირათიანი მხარჯველი ვერ იყო და ვერც იქნებოდა.

ამიტომ უფულო დღეები სჭარბობდნენ ფულიანებს.

რა თქმა უნდა, სხვა მილიარდები იგულისხმება და შეიძლება მხოლოდ გაიღიმოთ ამ ორი სტრიქონის წაკითხვის შემდეგ:

საუკუნეში ათასში ერთხელ ჩემგვარ გენიით ბრწყინავს პარტერი,

საუკუნეში მხოლოდ ერთია ქვეყნად ჩემგვარი მილიარდერი.

 

* * *

რეალური სურათი კიასეთი გახლდათ:

“1956. 4 მარტი. დღეს დილით ძალზე მექავებოდა ხელის გული. ისე მექავებოდა, როგორც არასოდეს ჩემს სიცოცხლეში. ვიფიქრე, რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი. და სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც ვიკითხე სახელგამში:

_ რამდენი მაქვს მიღებული?

_ მიღებული გაქვს 59 052 მ.

_ რამდენი მერგება?

_ გერგება 187 896 მანეთი. .

გამოაკლე 59 052 . . . დარჩება 128 844 ვნახოთ როგორ წავა ეს საქმე?”.

მისი დღიურების ლექსიკაში ყველაზე პოპულალურია: ჰონორარი, ხელშეკრულება, ბუღალტერია და ბუღალტერი, მოლარე და სალარო, დაცვლა-გამოცვლის სალარო, განცხადება, მინდობილობა,სესხი, ავანსი,პენსია, ლიტფონდი, ბიუჯეტი, ლომარდი და, რა თქმა უნდა, ფული, ფული,ფული, ანუ “ფლური”, როგორც მწარედ ხუმრობდა ხოლმე:

_ ფლური ფლური, ეს წყეული ფული !

პოეზიაში ფ-ს დაბ-ს

აღარ გაარჩევს ბულბული,

მღერის: სულ ფულ-ფულ,

ფულ-ფულ-ფულ, ფულ-ფულ. 

 

* * *

 

რასაც ფიქრობდა, წერდა.

_ ო, ჩემო დღიურო, ბევრი რამ, ბევრი კარგი უნდა აღნუსხო შენ, რომ წლის დამლევს გადავხედო ჩემს გზას ისეთისიამაყით, როგორც მთავარსარდალი გადახედავს გამარჯვებული ბრძოლის ველს! დიდებული იქნაბა ეს წელიწადი, გალაკყიონ! _ ასე ამთავრებს 1939 წლის პირველი იანვრის დღიურს, ოთხი იანვრისას კი:

_ ვნახოთ რას იტყვის ხვალინდელი დღე!

პირადად არასოდეს შემიმჩნევია და, როგორც ირკვევა, ჩაწერას აწარმოებდა ყველგან და ყოველთვის.მისი ჩანაწერების დიდი ნაწილი უშუალოდ შემთხვევის ადგილზეა და აღბეჭდილი. არა მარტო ექსპრომტებს წერდა სხვაგან.

იშვიათი შემთხვევაა: ყველაფერს წერდა.

რასაც ჩვენ მხოლოდ გულში ვფიქრობთ,გულის გულში ვოცნებობთ, ვჯავრობთ, ვმსჯელობთ და ვვარაუდობთ, _ იგი აცწრებდა და ქაღალდზე გადაჰქონდა.

_ მას უცნაური ჩვევააქვს, მუდამ გატენილი დააქვს ჯიბეები წიგნებით, გაზეთებით, ბლოკნოტებით, ხელნაწერებით და ფანქრებით, _ ვკითხულიბთ პოეტის მეუღლის ოლია ოკუჯავას დღიურში.

მთელი მისი ჩანაწერები ფაქტიურად დღიურებია,ოღონდ ყოველთვის ვერ აძლევდა სათანადო ფორმას, რადგან არა მარტო სახლში წერდა. ამიტომაც ატარებდა ჯიბით ბლოკნოტებსა და ფანქრებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე.

წერდა ყველგან და ყოველთვის: სახლში, აკადემიაში, მწერალთა კავშირში, საავადმყოფოში, ქუჩაში, ბაღში ბაზარში, მატარებელში, მანქანაში, ნებისმიერ დაწესებულებაში. . . წერდა დღისით-მზისით, საღამოს, ღამით, შუაღამისას, განთიადისას . . .

 

* * *

სიკვდილის შემდეგ დაიწერა და გამოქვეყნდა მოგონებები, კრებულები, ცალკეული წიგნები, ცხოვრების ქრონიკები, მონოგრაფიები . . .  კითხულობ და გიკვირს: ყოველი მოგონება შემთხვევით შეხვედრაზე მოგვითხრობს, თვით ოფიციალური შეხვედრებიც სახელდახელო ხასიათისაა. არცერთი საქმიანი დიალოგი, სერიოზული ინტერვიუ, სტუმრობა ან მიწვევა . . .  თითქოს მისთვის არავის ეცალა, თავი არავინ შეიწუხა, არავინ დაინტერესდა, არ შეეხმიანა, არ გამოიწვია. . .  მოგონება და გახსენება ყოველთვის ვერ იქნება სარწმუნო, მეხსიერება ზუსტად ვერ აღადგენს წარსულს,ზოგი ფაქტი და მოვლენა შეიძლება შეგნებულადაც იყოს შელამაზებული. თუ არც იმას დავივიწყებთ, რომ ნაცნობებს გაურბოდა  და ბოლომდე გულღია და გულწრფელი თითქმის არავისთან ყოფილა, _ მისი ჩანაწერები მისი ჩანაწერები უფრო ძვირედ უნდა შეფასდეს და დაფასდეს.

ჩანაწერების უმეტესობა ოციანი წლების შემდგომი პერიოდისაა. იგივე ითქმის ლექსთა ავტოგრაფებზეც. ოციანი წლების დასაწყისში თვითონ დაწვა თავისი ხელნაწერები. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა მდიდარი და საინტერესო მასალა განადგურდა:

“დავკარგე ყველაფერი, რაც მიწერია ბავშვობიდანვე. . .  არასდროს არ მიგრძვნია მსგავსი გრძნობა: განვიცდი ამის გამო დიდ მარტოობას: თითქოს მომკვდარიყოს ჩემი სიყმაწვილე, მრავალი გათენებული ღამეები, მრავალი გრძნობები სიხარულისა. . .  ჩემი დღიურები, ჩემი ლექსები. . .  ვერესდროს, ვერასდროს, ვერასდროს მათ ვეღარ ვნახავ. . .   გაქრა წარსული: ჩემი გული, ჩემი იმედიმომავლისა, ეხლაც მეშინია იმაზე ფიქრი, თურა მომელის მომავალში. ვინ დამიჭერს მხარს? ვინ მომცემს ხელს? არ ვიცი. დიდი, დიდი, დიდი მწუხარებაა.

გალაკტიონ ტაბიძე აღარ არის! . .

გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს! . . “

მეფე მოკვდა!

გაუმარჯოს მეფეს!

ლამაზი ანალოგიაა, მაგრამ ცხადია მწარედ და გულწრფელად ნანობს, და ალბათ ნახევრად მადლობლები მაინც უნდა ვიყოთ განგებისა, რომ იგივე არ გაიმეორა . . .  

 

* * *

მრავალფეროვანია ჩანაწერების თემატიკა, გეოგრაფია, ფორმა:ვრცელი მასალები, დღიურები, ფრაგმენტები, თარგმანები, ციტატები, შენიშვნები, მინაწერები. . .  ყოველდღიური გეგმები, უმნიშვნელო წვრილმანები, მნიშვნელოვანი მოვლენები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, სიები, აფიშებისა და მოსაწვევი ბარათების ტექსტები, მინდობილობის, ხელშეკრულებისა და ხელწერილების ასლები, აღდგენილი საუბრები, სხვათა მონათხრობები, ყურმოკრული დიალოგები, მოგონებები, მოგონებათა გეგმები, ავტობიოგრაფიები, ავტორეცენზიები, ავტო რეკომენდაციები, ავტორეკლამები და კიდევ მრავალი ავტო. . .  განმარტებანი, ლექსები, ვარიანტები, ეპიგრამები, ფუნაგორიები, ესკიზები, მოთხრობები, პიესები, ლიბრეტოები, ცალკეული სტრიქონები, სტროფები, რითმები: წინასწარ გამზადებულები, სხვათაშორის ჩანიშნულები. . .  მოძღვნილი ლექსები, ადრესები, ნახატები, პროექტები, ნუსხები, სქემები, ცხრილები. . .  უშუალო შთაბეჭდილებანი, აღტაცებანი, შეკითხვები, ვარაუდები, ეჭვები, ეჭვები, ეჭვები. . .  კითხვის ნიშნები და ძახილის ნიშნები, შორისდებულები, მხოლოდ სახელები, მარტო სათაურები, დანომრილი თეზისები: ვის რა უნდა უთხრას, როგორ და როდის უნდა უთხრას, ვის უნდა დაურეკოს, რატომ უნდა დაურეკოს, ვისთან უნდა მივიდეს და როდის უნდა მივიდეს. . .  რა უნდა შეიძინოს, როგორ უნდა ილაპარაკოს, რა არ უნდა თქვას, რა არ უნდა დაავიწყდეს. . .

ტელეფონით ნასაუბრევ ტექსტსაც იმახსოვრებდა და აღადგენდა.

1941 წლის 2 მარტსაღუდგენია _ “საუბარი პრ. ნათაძესთან ტელეფონით 3-44-98”;

_ მე წავიკითხე თქვენი წერილი გაზეთში. გთხოვთ მიპასუხოთ, რითი შეიძლება შეიცვალოს ვიტამინი ჩ?. . აჰ, ასკილის ნაყოფით. . .  ჯერ უნდა გასუფდავდეს, არა? ასკილში რომ კურკებია, ისინი უნდა დარჩენ, თუ?. . აჰა. . .  უნდა მოიხარშოს და ისე . . .  სადილობამდე თუ ნასადილევს _  უნდა მიიღოს ავადმყოფმა? აჰა, სადილობამდე . . .  გმადლობთ, უკაცრავად. დიდი ბოდიში შეწუხებისათვის. ვინ ლაპარაკობს?! კერძო ბინიდან: თქვენ ვერ მიცნობთ. ბოდიში. გმადლობთ.

სიზმრებსაც აღადგენდა და აღრიცხავდა და კომენტარსაც ურთავდა (თუმცა შეიძლეა ამ სიზმრის ახსნა ოლიას ეკუთვნოდეს, რაკი რუსულ ენაზეა მიწერილი):

_ მე ვნახე საოცარი სიზმარი 1ენკენისთვეს ღამით, შემოდგომის დასაწყისში. ეს იყო დიდი ოთახი წიგნებით სავსე.

 

კერძო პირთა მისამართებს იშვიათად იწერდა მარტოსული:

_ ნიკო სამადაშვილი, გაბაშვილის ქ. #4. 20 თებერვალი. ესკიზი. _ 1958 წლის 17 იანვრის ლიტერატუტული გაზეთის არეზე მიუწერია იმავე წელს (“ესკიზი” _ ადრესატის ლირიკული პროზის იმჟამად გამოუქვეყნებელი ნიმუშია). წინა წლის ერთ ჩანაწერში კი, სადაც სახელგამის დირექტორის მერვე ტომის პრობლემებზე ეკამათება, სახელდახელოდ ისევე ჩაუნიშნავს ნიკო სამადაშვილის მხოლოდ სახელი და გვარი.

 

* * *

 

ფხიზელი უქმად ვერ ძლედა. თუ ლექსი არ ეწერებოდა, დღიურებს აგრძელებდა ან მიმდინარე შთაბეჭდილებებსა და დაკვირვებებს აღრიცხავდა. თუკი არც ამის ხასიათზე იყო, ნებისმიერ შემთხვევით ფაქტზე შეაჩერებდა ყურადღებას.

1956 წელს, როდესაც პოეზიის სექციას ხელმძღვანელობდა და სამსახურში ყველაზე ადრე ცხადდებოდა, გიორგი ლეონიძესთანმოსული ქალი გაუცნია _ ასია. ვიდრე ლეონიძე მოვიდოდა, შემთხვევით შეხვედრილი ქალის ბედით დაინტერესებულა თუ თანამოსაუბრე აღმოცენილა ენაწყლიანი. ორიგინალური ფორმით წარმოგვიდგენს ასიას ნაამბობს _ ერთი ოჯახის ისტორიას: სხვათა სიტყვის აღმნიშვნელ ხმოვანზე აგებს თხრობას, თანმიმდევრობით ნომრავს და ბოლოს ვრცელ საკუთარ რემარკას ურთავს:

ასია

1.            ასია პარუნაშვილი.

2.            ქმარი პატარძეულიდანაა.

3.            (ლეონიძის მეზობლიდანაა).

4.            ბათუმიდან გამოვიქეცითო.

5.            როცა შიშიანობა იყოო.

6.            მერე ისევ იქ დავბრუნდითო.

7.            მერე რუსეთში წავედითო.

8.            ცხრაასხუთიდან კი აქა ვართო.

9.            ქმარი სლესარადაა რკინიგზაშიო.

10.          ვაჟი ჯარშია წაყვანილიო.

11.          ქალიშვილი ჩვიდმეტი წლისააო.

12.          ორთაჭალაში ვცხოვრობთო.

13.          ერთი ოთახი გვიჭირავო.

14.          ქუხნა და აივანი გვაქვსო.

15.          ასია პარუნაშვილი ვარო.

16.          ქმარი ქართველი კაციაო.

17.          მე სომეხიი ქალი გახლავართო.

18.          ქმრის გვარზე ვიწერებიო.

19.          სახლს არა უშავს რაო.

 

 

ლეონიძის ოთახში შესულიყო და

უსაქმურად, მაგრამ დაფიქრებულად

იდგა მაგიდასთან.ეტყობა, აქ

ყველაზე უფრო ახლობლად ლეონიძესა

გრძნობს. ალბათ იმის გამო, რომ

ქმარი პატარძეულიდანაა და

ლეონიძის მეზობლიდანაა. იმ დროს

ლეონიძის ოთახში არავინ არ იყო

და რამ შეიყვანა, რა უნდოდა მას იქ?

აი საკითხი, რომელიც მე მაინტერესებს.

შემდეგ იგი უსაქმოდ იჯდა ჩვენს საერთო

მოსაცდელში.

 

 

* * *

 

 

მაღალი ინტელექტით აღბეჭდილი ოლიას დღიურებიდა პირადი წერილები _ ესაა უიმედოდ შეყვარებული და განწირული სულის გულწრფელი აღსარება. თითქოს წინასწარ გრძნობდა განგების მკაცრი განაჩენის მოახლოებას და სიკვდილივით ეშინოდა გავშორებისა. უერთმანეთოდ ორივე მარტო რჩებოდა, სრულიად მარტო, და ბედისწერას რომ ხშირად და ხანგრძლივად და სამარადისოდ არ გაეთიშა ერთ არსებად შეთქმული ეს წყვილი, პოეტი სხვა ცხოვრებით იცხოვრებდა:

_ ძვირფასო ოლია, შენ რომ არ ყოფილიყავი, შესაძლებელია, მე სამუდამოდ დავესამარებინე ამ ცინიკების ხროვას. შენ იცი ჩემი პატიოსანი და სიყვარულით სავსე ცხოვრება. აქ არ ყოფილა კინტოობა, ცინიკობა, არ ყოფილა დაუდევარი მოპყრობა ჩემი _ ხელოვნეისადმი, არც საზოგადოებისადმი,, არც თავის თავისადმი, რადგან მე ვგრძნობდი, რომ ვჭირდებოდი საზოგადოებას, ხალხს, ქართულ ლიტერატურას, პოეზიას, სამშობლოს, მშობლებს, ჩემს სოფელს, დედას, რამდენიმე კაცს, შესაძლებელია.

გალაქტიონის არქივში დიდი ადგილი უჭირავს ოლიას მასალებს. პოეტს შეუნახავს მისი ქალიშვილობისდროინდელი დღიურები და ჩანაწერებიც კი, აგრეთვე პირადი წერილები, ახლობლების ფოტოსურათები, ოლიას მშობლების მიმოწერა, პოლიტიკური პატიმრების ეპისტოლე, გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილები, ოლიას პირადობის მოწმობები და დოკუმენტები. ოლიას განათლება რუსულ ენაზე ჰქონდა მიღებული და რუსულად წერდა. მაგრამ, ეტყობა, ხანდახან მშობლიური ენის ნოსტალგია მოეძალებოდა და ქართულს გამოურევდა, უფრო ზუსტად: რუსულ-იმარულ-ქართულს.

 

 

 

 * * *

 

სურდა აგრეთვე დაეწერა მოთხრობა: “ქალები, რომლებიც მე შემხვედრიან”. დაწერა ოდენ სათაური.

 

არქივში მართლაც ხშირად გვხვდება პროზაიკოსის თვალით დანახული დეტალები, ეპიზოდები, პასაჟები, ტიპები, ხასიათები, დიალოგები, ფრაზები, პეიზაჟები.

 

_ მ კ ვ დ ა რ ი  ჩ ი ტ ი ს  დ ა მ ა რ ხ ვ ა უყვართ ბავშვებს. ისინი ემზადებიან: ერთი სპეციალურ ტანისამოსს უკერავს, მეორე კუბოს ამზადებს, მესამე სამარესა სთხრის. იმოსებიან მღვდლად, დიაკვნად, მგალობლად; მოაქვთ გვირგვინის ყვავილები. მამაკაცები მათ აჩერებენ. შორიდან მოდიან ნათესავები და ჯერ ისევ ჭიშკრიდან დაიწყებენ: ვაი ჩვენს უბედურებას! რა უდროოდ მოგვიკვდი! მათ მოახლოვებასთან გოგოები ხელებს იშენენ. შემდეგ მღვდელი გაუძღვება წინ პროცესიას. რომელიმა იტყვის სიტყვას. ჩუშვებენ საფლავში, პეშვებით მიწას მიაყრიან. შემდეგ იმართება ქელეხი. ხანდახან მარხავენ ასეთნაირად ცოცხალ ადამიანს, მამასახლისს, დიაკვანს, ან სხვა ვინმე ათვალისწინებულ პირს. ღვტისმორწმუნე მოხუც ქალებს ასეთი ამბავი არ უყვართ (ისინი გარეკავენ ბავშვებს). ზოგიბავშვი ისეთია, რომ თვითონა თხზავს საჭირო ლოცვებს, ბაძავს რა დიაკვანსა და ღვდლის ცერემონიალს.

 

 

* * *

ზრუნავდა სხვებზე, თავის თავზე, ელოდებოდა, იმედოვნებდა, იწყებდა წუხილით, ამთავრებდა ლექსით:

პირველზე პირველი მაგალითი

   არის ის, რომ ფული არ რის.

კიდევ კარგი, რომ

   “მნათობი” ახლა სხვისია.

არავისი არ მაქვს ნისია.

 

 

 * * *

 

 

 

ჩანაწერებში ორი გამოუქვეყნებელი სტრიქონიც იკითხება:

წავიდეთ, სადაც ატმები მაისმა ააყვავილა,

სადაც ხის გადარჩენისთვის თავს იკლავს ვაჟა ფშაველა.

თვითონაც თავს იკლავდა და საყვარელ ძმას მინდიასავით ედავებოდა: სოფელში კაცი ისე როგორ იცხოვრებდა, ხე არ მოეჭრა, გამოხშირვამაინც სჭირდებოდა ტყეს, გამხმარი მაინც უნდა მოეჭრათ, შეშაც საჭირო იყო და ფიცარიც. . .  იგი კი თითქოს ანგარიშს არავის და არაფერს უწევდა, ბრაზობდა და როგორც ყოველთვის, სიკეთის სასარგებლოდ აჭარბებდა:

 

* * *

 

 

ქართველი ფოტოგრაფები და მათი მემკვიდრენი კი დღესაც პრესტიჟულ რეკლამად იყენებენ პოეტის ფოტოებს, ხოლო მოქალაქენი _ ორიენტირებად . . .

ხელნაწერებში ბევრი ნახატი და ჩანახატია გაბნეული.

ხატავდა ფანქრით, კალმით, საღებავებითაც.

საკუთარი წიგნების ყდებსა და ტიტულებსაც ხშირად ხატავდა, წიგნებსაც: ოცნებად ექცა მათი გამოცემა!

დღიურებისა და ჩანაწერების ვიზუალური მხარე ცალკე საუბრის თემაა.

გალაკტიონის გრაფიკა!

დღემდე არავინ მიაქცია ყურადღება. არადა, ღირსია: პოეტურია და ბიოგრაფიული.

თუ ამ აპოლოგიას წიგნად გამოცემა ეღირსა, გალაკტიონის ნახატებით უნდა გავალამაზო.

 

* * *

 

გალაკტიონი და ფიროსმანი!

თბილისის ქუჩებსა და ქუჩაბანდებს ახსოვს ორი მოხეტიალე გენია, ორი მარტოსული, ორი უცნობი, უცნაურ ვარსკვლავებზე დაბადებული დიდი ბავშვები: ერთი _ შეუცნობელი და დაუფასებელი, მეორე _ აღიარებული და ტიტულოვანი, _ და მაინც ორივე ერთნაირად შერისხული და დაწყევლილი.

მათი გზები მარტოობის დღესასწაულზე შეხვდნენ ერთმანეთს, ბახუსის შუქით გაბრწყინებულ გზაშესაყართან: მხატვარი თითქმის ეთხოვებოდა თავის საყვარელ ქალაქს, პოეტი თითქოს აგრძელებდა მის ნაკვალევზე ხეტიალს, მის ამქრებსა და ამფსონებს უახლოვდებოდა.

 

* * *

 

მისი მარტოობაც _ გენიის მარტოობა იყო.

აღიარებდა:

_ ჩემს ცხოვრებაში არავინ არაფერს არ დამხმარებია, არ მიმიმართავს დახმარებისთვის, არ დამინდაბლებია თავი. . .  ეს ერთ-ერთი ჩემი უდიდესი შეცდომათაგანი იყო. . .

_ შეიძლება განა ადამიანმა უადამიანოდ იარსებოს ან ისე,რომ რაიმე დამოკიდებულება არ ჰქონდეს მასთან? არა. მაშ ურთიერთობა, დამოკიდებულება _ თავისთავად არ გულისხმობს განა ერთმანეთისადმი დახმარებას? პირიქით! ეს შეუძლებელიცაა. რაგვარი წესწყობილება არ უნდა არსებობდეს, ადამიანის ადამიანისადმი დამოკიდებულება ყოველთვის არსებობს, რაიმე სახით. სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა დედამიწაზე ცხოვრება! “რობიზონ კრუზო” ან კინო-სურათებში გამოხატული ამბებიც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, თურა სიძნელეებთან გვექნება საქმე სრული განდეგილობის დროს. და რა არის ბოლოს და ბოლოს განდეგილობა? ვერავითარი განდეგილი ვერა სძლებს, ერთხელ-ორხელ მაინც სოფლად არ ჩამოიარა.

 

* * *

 

იმდენად მარტოსული გახლდით, რომ იგივე გრიგოლ რობაქიძე დაბეჯითებით აცხადებს:

_ ცოლშვილიანი გალაკტიონი მე ვერ წარმომიდგენია.

შემიმჩნევია: ჩვენ რომ სამსახურში მივდიოდით და პიკის საათი იწყებოდა, უკვე სახლში ბრუნდებოდა: ეტყობა, ადრე გამოდიოდა, ვიდრე ხალხითა და მანქანებით აივსებოდა ქუჩები.

_ ღამით ცხოვრებას რა სჯობია, ღამით ვიცხოვროთ, დილით მოვისვენოთ, _ იწვევდა პარტნიორს.

 

* * *

 

1957 წლის 23 სექტემბერს უზოს მთაზე აულა საცალფეხო ბილიკით. მთელი გზა ას-ას ნაბიჯად დაუყვია და ისე დაუხასიათებია (ალბათ, ყოველი ასისშემდეგ ისვენებდა და წერდა. არ დაგავიწყდეთ სამოცდაექვსი წლისაა!):

 

 

იფნის ბაღიდან უძიზე ასვლა

საცალფეხო გზით

                      (1957წ. 23 სექტემბერი, კვირა)

 

* * *

 

პირველი ასი ნაბიჯი _ აჰყვები უძოს ხევიდან დაწყებულ გზას. აქ ყრია

უამრავი ქვა, რომელიც იზიდება მაღლა. აქვე ჩამოდის უძოს წყარო და მიეშურება უძოს ხევისაკენ. პირველი ასი ნაბიჯი მიგვაქანებს ზევითკენ. თან მიყვება ჩემი მურა ძაღლი.

მეორე ასი ნაბიჯი _ გზა ორად იყოფა. ამ ორად გაყოფილი გზის შუა გულში კუნძულივით აღიმართება მუხის ხეებით, წიფელათი, იფნით და სხვ. გაჭედილი ადგილი. მართლა ძალიან ჰგავს კუნძულს.

მესამე ასი ნაბიჯი _ გაგრძელებაა მეორესი, მეორე ასი ნაბიჯისა, ამიტომ მიზანშეწონილია მასაც კუნძულის გაგრძელება ეწოდოს. ვნახოთ.

მეოთხე ასი ნაბიჯი _ დზა მოგვაგონებს პალიასტომს.

 

* * *

 

მეხუთე ასი ნაბიჯი _    ე.ი. ოთხას ნაბიჯზე გზა ისევ ორადაა გაყოფილი. შუაში გემივით აშოლტილა მუხებით და სხვ. ხეებით დატვირთული კუნძული. გემი “დალანდი” მაგონდება. “დალანდი” ეწოდება ამ კუნძულს

მეექვსე ასი ნაბიჯი

მეშვიდე ასი ნაბიჯი

მერვე ასი ნაბიჯი

 

მეცხრე ასი ნაბიჯი _ სახიფათო ფერდობია მიხვეულ-მოხვეული.

 მეათე ასი ნაბიჯი _ სულ ნიაღვრითაა ჩამორეცხილი. ამიტომ ვუწოდეთ ნიაღვრისი.

მეთერთმეტე ასი ნაბიჯი _ გაისმის ფრინველთა ხმა. ესეც ნიაღვრისია.

მეთორმეტე ასი აბიჯი _ სანატრელი ხედი (პლატო).

მეცამეტე ასი ნაბიჯი _ შინდი, იფანი, მუხა.

მეთოთხმეტე სი ნაბიჯი _ ბერანჟეს ფურცელი, ფესვების სიმფონია.

მეთხუთმეტე ასი ნაბიჯი _ იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.

 

* * *

 

სიფხიზლე ერჩია, მაგრამ მძიმე წუთებში თავშესაფარს ეძებდა, უარესს თავშესაფარს, და იქით გარბოდა თავისი ნება-სურვილის წინააღმდეგ (“ისევ ერთად მივალთ მთვრალი მე და ჩემი ძველი დარდი. . .”)

საქართველოს დიდება

ვის არ გაუგონია,

მშვენიერი ლექსები

ერთად შაუკონია,

მოუხიბლავს ქვეყანა,

გულში ჩაუკონია,

პირველი მგოსანია,

ყველას მოსაწონია,

მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს:

ღვინო უყვარს, მგონია.

 

 

 

ლექსის მუსიკას განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა. სმენა კი აბსოლუტური ჰქონდა. ერთი ნიშნით თუ დავახასიათებთ, სწორედ მუსიკის უპირატესობას უნდა გაესვას ხაზი: რიტმების სიმრავლეს, სიახლეს, მრავალფერობნებას, მონაცვლეობას. ზოგიერთი მისი ლექსი ზეპირად აღარ მახსობს,და როცა დამჭირდება, როგორც მუსიკოსები იხსენებენ ხოლმე რომელიმე მოტივს ფორტეპიანოზე ან გიტარაზე და წაიღიღინებენ, _ ისე აღვადგენ ხოლმე ჯერ ლექსის მელოდიას და შემდეგ ვეძებ და ვპოულობ ლექსს.

_ პოეზია ძლიერ ახლოსაა მუსიკასთან.

_ მუსიკა უპირველესს სოლოს თამაშობს ლექსში, განსაკუთრებით _ ქართულ ლექსში.

_ განსაკუთრებით ლექსის წერის დროს ვარ სიმღერის ხასიათზე. ლექსს ჯერ გონებაში გავმართავ მუსიკალურად, ჩემთვის დავამღერებ კიდეც და გადამაქვს ქაღალდზე. თუ ქაღალდზე გადატანის შემდეგ არ მომეწონა ლექსის მუსიკა, მაშინვე უკან ვუბრუნდებიო, _ უთქვამს შალვა რადიანისათვის.

 

* * *

 

ფიგურული ანუ გრაფიკული ლექსი წამოუწყია:

სამკუთხედი

არა

მაინც

ხელნაწერიფურცელი ამ ბოლო სიტყვაზეა სწორხაზოვნად გადახეული და ძნელი სათქმელია _ გააგრძელა და დაასრულა თუ არა ეს სამსსტრიქონიანი პირამიდა.

ასეთ “სამკუთხედს” ასახელებს სალექსო ფორმების ჩამოთვლისას.

კიდევ რამდენიმეჯერ უცდიდა, მაგრამ არ დაუსრულებია:

დროა

ნიავის,

სა-ღა-მო

მყ-უდ-რო-ა,

არარა, არავის.

 

1921 წლის 25 იანვარს პოეტების მეფედ აირჩიეს.

 

* * *

 

ბევრია სალაღობო რითმები: ამოიჩემებდა რომელიმე სახელს ან გვარს და მანამ ერთობოდა, ვიდრე რითმა არ შემოელეოდა.

თაბისი სოფლის კოლორიტული ტიპები გაუხსენებია:

ნამჭეიშვილი ჭიჭია

მართლაც რომ კაი ბიჭია,

იმისი ნიჭი ჭამა და

ჩაცმა-დახურვის ნიჭია.

უკან ვერ დაახევინებ,

რაკი წინ წადგა ბიჯია,

ქალიშვილს რომ დაინახავს,

პირზე უჩნდება ღიჭია,

ზედ ზედადგარი უშვენებს,

იჭყიტი და იკრიჭია.

თავს ისე იჭერს, თითქო რომ

აგაბო კოზმანიჩია.

ჩვენშიაც არის მის მსგავსი

სევერიანე ხვიჩია. . .

ჭიჭია, ვიცი არ გიყვარს

ამ ლექსის ჩიჩი-ხიჩია.

 

* * *

 

გალიოქტიონის შემდეგ. . .

გალაქტიონის შემდეგ ქართული პოეზია წავიდა და მიდის გალაქტიონის გზით.

თითქოს სხვა გზა არც ჩანს.

თითქოს გალაკტიონმა მაქსიმალურად ამოწურა თანამედროვე პოეტური საიტყვის შესაძლებლობანი, თავისუფალი და თეთრი ლექსიდან _ ვიდრე ვირტუოზულად აჟღერებულ სტრიქონეამდე, თვით პალინდრომამდე.

მაგრამ აქ იგულისხმება არა მარტო განუსაზღვრელად მრავალხმიანი რიტმი:

ღრმა ქვეტექსტიც და დიდი სინათლეც,

ვაჟკაცური ომახიც და ლირიკული სინაზეც,

ამაღლებული ტონიც და ზომიერი ირონიაც,

მსოფლიო ლირიკის ქამოძახილიც და ქართული კლასიკის გამოცდილებაც,

ხალხური პოეზიის სურნელიც და ზეპირი მეტყველების მადლიც,

უახლესი ლექსიკაც და დროული არქაიზმებიც,

ურბანიზმიც და სოფლის იდილიაც, პირადი განცდებიც და საკაცობრიო იდეალებიც. . .

გალაკტიონის შმდეგ ქართულ პოეზიაში თვისობრივ სიახლეებზე ლაპარაკი შეუძლებელია.

შეუძლებელია ლაპარაკი ისეთ დიდ ორიგინალობაზე, რომელიც მოიტანა ვაჟა-ფშაველამ აკაკი წერეთლის შემდეგ, ანდა _ თვითონ გალაკტიონმა აკაკისა და ვაჟას აშემდეგ.

ჩვენი საუკუნის ყოველი პოეტი გალაკტიონის მრავალწახნაგოვანი ლირიკის ამა თუ იმ მხარეს აგრძელებს და ავითარებს თავისებურად.

ეს წახნაგები თვითონ გალაკტიონის შემოქმედებაში ისე გამოკვეთილად არც შიმჩნევა.

სხვათაშორის, ნაგულისხმევი პოეტები შესამჩნევად განსხვავდებიან ართმანეთისაგან და სამართლიანად ითვლებიაბ ორიიგინალურ ლირიკოსებად, იმდენად ორიგინალურებად, რომ მათ მიმდევრებიცა ჰყავთ, მაგრამ ეს მიმდევრები უკვე ეპიგონები არიან.

გალაკტიონის შემდეგ თანდათან იზრდება მანძილი გალაკტიონსა და დანარჩენებს შორის.

საერთოდ, ცოცხალი ხელოვანის შეფასებისას ყოველთვის აჭარბებენ, ცოცხალი გენიოსის შეფასებისას კი პირიქით.

ამიტომ სიცოცხლეში გენიოსები აშკარად არც გამოირჩევიან.

დიდად აღმატებულს თანამედროვენი ღირსეულად ვერ შეაფასებენ და ვერც დააფასებენ.

მაგრამ დრო და სიკვდილი ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე: შესამჩნევად იზრდება მანძილი გალაკტონსა და დანარჩენებს შორის, და მისი პოპულარობაც დისტანციის პროპორციულად იზრდება.

მეოცე საუკუნის ქართული პოეზია უკვე გაყოფილია ორ მკაფიო ბანაკად:

გალაკტიონი და სხვები,

გალაკტიონი და დანარჩენები,

გალაკტიონი და გალაკტიონის შემდეგ.

ამაღლებული გალაკტიონის ჩრდილში ბევრი რამ გაუფერულდა და გადაფასდა. გალაკტიონის პოეზიამ თანდათAნ მოპოვა მეტრის უფლება და ახლა ყკვე მასთან მიმართება განსაზღვრავს ამა თუ იმ პოეტის ღირსებას.

თვითონაც ასე ვარაუდობდა:

_ ყოველმა პატიოსანმა ქართველმა მწერალმა საბოლოოდ უნდა გაარკვიოს თავისი დამოკიდებუკება გალაკტიონ ტაბიძისადმი, ვინაიდან ამით ის გაარკვევს თავის დამოკიდებულებას მეოცე საუკუნის ქართული მწერლობისადმი.

შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ვისაც გალაკტიონის სხივი არ გაჰკარებია, ღირსეულიც არაფერი შუქმნია, ანუ, როგორც აბრაამ ლნკოლნი იტყოდა: უნაკლო ადამიანებს ძალიან ცოტა ღირსება გააჩნიათ.

გალაკტიონის შემდეგ გმომჟღავნებული და დამკვიდრებული სიახლეებიც გალაკტიონის სახელს უკავშირდება (ლირიკული პოემა, ვერლიბრი, თეთრი ლექსი, ირონიული ლირიკა. . . ).

კვლავაც დაუკავშირდება!

ალბათ დადგება დრო, როცა გალაცტიონისაგან განსხვავება განსაზღვრავს ხარისხს.

შეიძლება მსგავსი სინპტომები შეინიშნებოდეს კიდეც უკანასკნელი ათწლეულების ქართულ ლირიკაში.

მაგრამ, ნუ ავჩქარდებით: საუკუნის მეოთხედი არც ისე დიდი დროა.

ხვალის პოეზია გამოსავალს ეძებს გალაკტიონის იქით, გალაკტიონის გარეთ, გალაკტიონის შმდეგ.

მომავალ ქართველ კლასიკოს ერთი სახელი ერქმევა: ანტიგალაკტიონი.

გალაკტიონის შემდეგ ქართულ მწერლობას დარჩა გალაკტიონის მკაცრი გაკვეთილი: პოეზია უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს!

ჭეშმარიტმა პოეტმა უნდა დაივიწყოს ხორციელი ინტერესები და არასოდეს არ უნდა გამოეთიშოს შთაგონების წამებს.

ვინც პირადად იცნობდა დამეთანხმება: ამთვალსაზრისით_ გალაკტიონიყველაზე მეტად “შწირული” ლირიკოსია.

გალაკტიონის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება გალაკტიონის საერთო აღიარების პროცესი.

_ თქვენ დიდი პოეტი ხართ, ისეთი დიდი, რომ მხოლოდ მომავალი თუშესძლებს რომ დაგაფასოდ. _ ეს მრავალმხრივ საგულისხმო ქათინაური 1945 წლის 26 ივნისს ტელეფონით მოუსმენია ერთი ცნობილი მანდილოსნისაგან და მაშინვე ჩაუწერია.

გალაკტიონისდაფასებისას და შეფასებისას ხარისხის საკითხი აღარ დგას. მთავარია ის პრინციპები და სტრუქტურა, ის მოდელი, რომელიც მან აღმოაჩინა და დაამკვიდრა, და რომელმაც განსაზღვრა და შემოსაზღვრა კიდეც ორიენტირები _ ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას _ მთელი საუკუნისა, და განა მარტო ერთი საუკუნისა ?!

მან გვასწავლა, როგორ უნდა დავარღვიოთ პოეზიის კანონები _ პოეზიის სასარგებლოდ!

ალბათ _ ცხოვრების კანონებიც!

გალაკტიონ ტაბიძემ უმდიდრეს ცხრაკლიტულებს მოარგო გასაღები და და პოეტური აზრობნების უმაღლეს ნეტარებას გვაზიარა.

ბევრი საიდუმლო ამოგვიხსნა.

კითხვის ნიშნებიც ბლომად დაგვიტოვა.

მისი მკითხველები ჯერ არ დაბადებულან!

Π‘Π°ΠΉΡ‚ управляСтся систСмой uCoz