მასზე  წერდნენ

 

 

 

 

 

 

შოთა ნიშნიანიძე

 

                                       ლეგენდა

 

                        თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ

                        კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,

                        რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,

                        ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.

                        პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:

                        დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

                        წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,

                        ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

                        ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა

                        და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

                        სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,

                        სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,

                        ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,

                        დავბადოთ მგოსნად

                        და უთუოდ -

                        საქართვალოში...

                        იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

                        თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.

                                

                        *  *  *

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ

(ის ,,მთვრალი“ იყო, როგორც ყოველთვის!):

–                                           ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,

დაგვისახელეთ მეორე პოეტი...

უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი -

თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,

–                                           საქართველოში?!! - ჩაიქირქილა

–                                                                                და ლომურ წვერზე

მოისვა ბრჭყალი

 

                 *  *  *

გალაკტიონი მობრძანდა,

უცნობ პოეტებს შესცინა,

მაჩაბლის ქიჩით მობრძანდა

და ახლა ბაღში მოჩანდა

წვერმოშვებული ჯეჯილად.

 

მოვლილი ჰქონდა ზღვისპირი,

წელს ზღვისას წერდა მეტწილად,

ხელთ თვისი უნაბისფერი

მეხუთე ტომი ეჭირა.

 

მეხუთე ტომი ეჭირა,

რომელსაც წლები შესწირა,

რომელიც ტიტანიური

ტანჯვით სამშობლოს შესძინა.

 

სასახლის ბაღში მჯდომარემ

ერთ ხანს სათვალე ამშრალა.

მერე ის შუქთამთოვარე

სამეფო წიგნი გაშალა...

 

ნეტავი იმას რა მოჰკლავს,

ნეტავი იმას რა უჭირს,

,,ჩემს პეტრეს ანუ ივანეს!“ -

ვისაც მაგ წიგნზე წაუწრს.

 

              *  *  *

,,ლექსის მწერალი ხშირდება

       სამწუხაროა რაიც!

რამდენი რამე სჭირდება

       პოეტს, ჩვენს დროში მაინც!“ -

ეს კონსტანტინემ, იძრო რა

       შაბათს, მწერლების ბაღში,

მგოსნებისაკენ ისროლა

       განხეთქილების ვაშლი.

დიდოსტატები სწყალობდნენ

       ბაღს, და აქ ისხნენ ხშირად,

სუროში შაშვი გალობდა,

       რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.

სთქვა ბესო ჟღენტმაც: ,,მრავლდება

       დღეს ლექსის მოწადინე,

ცამდის მართალი ბრძანდება

       ბატონი კონსტანტინე“.

ცოდვილი ვაშლი გაგორდა

       და, უკვე წასწვდნენ რადგან,

მათ დემნა მიუახლოვდა,

       ასე ორ მეტრში დადგა.

ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა

       ბაღის ბოლოში სიმონს,

გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,

       შემოუერთდა იმ ორს.

მესამე რანგიც მოხროვდა,

       მეორე რანგის გარდა,

და დიალოგზე მოგროვდა

       გამსახურდიას სკამთან.

,,ლექსის მწერალი ხშირდება,

       ლექსი კი არ ჩანს მაინც!

რამდენი რამე სჭირდება

       ნამდვილ პოეტს და რაინდს!“ -

საკითხი განსახილველად

       და ვაშლი ცვირწინ ედოთ,

და სთქვა ირაკლიმ პირველმა,

       ეს გახლდათ მისი კრედო:

,,პოეტი წლობით ღვინდება,

       მართლა პოეტი თუა!

პოეტს იღბალი სჭირდება

       და, რა თქმა უნდა, ჭკუა!

სიმხნე და გამჭრიახობა,

       ფხიზლად განჭვრეტა დროთა!

სიბრძნე და პატრიარქობა -

       ამას გვასწავლის შოთაც!“

არ დაეთანხმა ირაკლის

       და იუარა გოგლამ,

,,სად სიყრმე ყირეყირა ჰქრის,

       იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!

პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,

       მყვირალობა და ბუკი!

ლექსს ვინ მისცაო დიდება

       გარაშე სიჭაბუკის!“

სიმონმა გოგლას ღიმილი

       ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:

,,პოეტს სჭირდება ტკივილი!

       პოეტს სჭირდება ჯაფა!

სჭირდება ვცელი გზაშარა,

       ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,

ინტელექტი და განსწავლა,

       მწიგნობრობა და წიგნი!“

სუროში შაშვმა დასტვინა,

       მზე შუბისტარზე იდგა,

ვრცლად აღარავინ არ ცდილა,

       მოკლედ მრავალი ითქვა.

თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,

       თან თაკილობდნენ თმობას -

მუხრანმა: ,,გრძნობა სიახლის!“

       გრიგოლმა: ,,ფორმის გრძნობა!“

ალიომ ,,მხოლოდ იდეა!“

        (კოლაუ იდგა განზე...)

კარლომ თქვა: ,,საქმე ჰკიდია

       წერასთან ერთად ფხაზე!“

სთქვა მარგიანმა: ,,მარილი

       მთავარიაო სვანში!“

სთქვა ნონეშვილმა: ,,ყვარელი

       და სტუდენტობის ტაში!“

თავისთვის იდგა ჩრდილში,

       არას იტყოდა ანა...

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!“

       გალაკტიონმა ბრძანა.

  

                   *  *  *

მოვარდნილი მეყვსეულად,

უცბად წაჭერილი ყელში,

მიყვარს, მიყვარს ზეზეულად

წუთში დაწერილი ლექსი.

 

იყო კაცი, – ჩვენოდენი

ჭკუა ჰქონდა იმას ნეკში, -

იმას ოთხმოცობით ჰქონდა

წუთში დაწერილი ლექსი.

 

არც ტომრით მაქვს და არც ბოღჩით, -

ისე  - კი მაქვს ხუთი-ექვსი...

ღმერთმა ათასობით მოგცეთ

წუთში დაწერილი ლექსი.

 

 

          *  *  *

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, -

       სახავს უწყინარ ლაღობად,

გალაკტიონი თვლის

       ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

 

წერს: „რა ხდებაო ეს?!“

     წუხს: „ ჯოგის ხელში ცბდება -

სადაც ჩაცხედავ ლექსს,

       სულ ჩემი რითმა მხვდება!“

 

წერს: „რითმაც უთაქია,

       რიტმებსაც ჩემსას ავლენს, -

იცოცხლე, უთარგმნია

       ბლოკი მშვენივრად პავლეს!“

 

„მართალი გახლას ზოგი,

       ვინც ქართულ თარგმანს აქებს,

კი, ნაღდად იგენს ბლოკი,

       ოღონდ – პავლია აგებს!“

 

„ქურდობს დღისით და მზისით,

       ძარცვაში ტოლი არ ჰყავს,

ქარგავს რითმებით სხვისით,

       სხვისი რიტმებით ჩარხავს...“

 

და იქვე დასძენს: „სხვაა,

       და არც არავის არ ჰგავს,

გალაკტიონი – ზღვაა,

       ამით არაფერს ჰკარგავს...“

 

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, -

       სახავს უწყინარ ლაღობად, -

გალაკტიონი თვლის

       ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

 

 

 

ლეგენდად დარჩეს!

 

გალაკტიონი

     ტიციანთან ყოფილა უბრად,

ტიციანს

     თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,

და იჯდა თურმე

     ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -

უხორცო იყო,

     ცოტას სვსმდა და ცოტას ჭამდა,

გალაკტიონი

     შემოსულა დუქანში ამ დროს,

მარტო დამჯდარა,

     მარტოსული, და უსვამს მარტოს:

არ მიუხმია

     ის ტიციანს, არა და არა,

და ასე უბრად,

     უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.

უცებ... (მახლობლად

     პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)

გალაკტიონთან

     ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი;

პოეტი მეფე

     ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -

უკადრებია

     რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...

აჰფეთქებია

     აქ ტიციანს უეცრად დენთი,

წამოვარდნილა

     ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,

დაუდგამს ჭიქა,

     შეუხსნია კისერზე ბანტი

და უხეთქია

     რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.

და დარევიან

     პოეტები ერთპირად რეგვნებს

და ჭახაჭუხი

     შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;

და როცა ჩვენი

     ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,

დაუფრენიათ

     თხებივით და ომი დაცხრალა,

„ტიტე, ძამიკო!“

     შეშლილივით აყვირებულა

გალაკტიონი

     და ორივე ატირებულა...

ორპირის ფშანზე

      გაზედილ ბიჭებს უეცრად გული

ამოსჯდომიათ,

     ხვევნა-კოცნა შექნილა ძმური:

გადმოსცვენია

     შვების ცრემლი ტიციანს მისით.

რაც ექნებოდათ

     სამდურავი, იციან, ვიცით!

დიდი ბავშვები!

     ამდგარან და დამსხდარან ერთად

და პოეზია

     უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.

პაოლოს გარდა

     ამ საქმეში ყოფილა გოგლა,

ყოფილა სმა და

     გადარევა ყოფილა ოხრად.

ეს ყველაფერი

     მე მიამბო „არგვში“ გალამ

და, თუ ვუმატებ,

     ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,

არამი იყოს

     ის წარწერა: „სულით და გულით!“

იქ, იმ სარადაფში

     მიღებული ღვინო და პური!

გული გულს იცნობს,

     ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...

ლეგენდად დარჩეს,

     მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!

 

 

                   *  *  *

ფერადები მოჰქრის ჭრელი,

სასხლეში მოგდის შელლი...

შენ – საიდან, შენ – საიდან

ჩემი ბოტიჩელი!?

 

ზარი – მიქელ ანჯელოსი...

მკლავი – გაჰყავ სახელოში,

„აქ ჩამოვსხეთ, - ეუბნები, -

აგერ, ამ ჩეროში...“

 

ბაღში შავარდენი ნიმფით!

უძღვი მარმარილოს კიბით -

ვარდი უჩანს, ვარდი უჩანს

მოცარტს გულის ჯიბით.

 

მოვა გენიოსთა ხროვა, -

ხვდები სტუმრებს წყვილი შანდლით;

ვინ არ მოვა, ვინ არ მოვა

შენი ღვინის ხათრით!

 

ბლოკთან რაფაელიც გყავდეს!

გყავდეს, რამდენიც კი გწამდეს!

შენ არავინ გეცილება

ვან-დეიკის ლანდებს!

 

მე ვგონებდი, რომ იცოდა

მარტო ჩემი ქოხის კარი,

ახლაშენს ბაღშიაც ვხედავ -

გული მომიკალი...

 

სასახლეში მოგდის შელლი,

რუსთაველიც მოგდის შენი -

შენ რად, შენ რად, გალაკტიონ,

ჩემი ბოტიჩელი?!

 

                  *  *  *

მთელი ღამე თოვლი თოვდა

                                     (წუხელ ღვინომ გაწყინა...)

შინ შემოსვლას თრთოლვით გთხოვდა,

     თოვდა, არ დაგაძინა.

 

ვიღაც თოვლში დადიოდა,

     მთელი ღამე ჩიოდა -

არ შიოდა, არ სციოდა,

     ოღონდ... გული სტკიოდა.

 

უცბად, კუბო გააჩერეს,

     შორს ვარსკვლავი ნათობდა,

მიწა გაჭრეს, დაგასვენეს -

     გულზე თოვლი გათოვდა.

 

მთელი ღამე წრიალებდი,

     კოშმარებში ბრუნავდი,

მიდიოდი, მძვინვარებდი,

     საუკუნეს ხურავდი.

 

მე სად ვიყავ?! გულის რეჩხით

     კარი ფრთხილად გამეღო,

„ოჰ, - გეთქვა შენ, - ცეცხლი, ცეცხლი!

     ვინ ხარ? წყალი, ძამიკო!“

 

შენს საწოლთან გავმჩდარიყავ

     რას, რას წუხდი, გამეგო,

ან უბრალოდ დავმდგარიყავ,

     შენს წინ თავი ჩამეღო...

 

მთელი ღამე თოლი თოვდა

     (ქვეყნის შხამმა გაწყინა!)

შინ შემოსვლას თრთოლვით გთხოვდა,

     თოვდა, არ დაგაძინა;

 

მთელი ღამე ზარებს რეკდი,

     რკინებს გრეხდი გამწყრალი...

დილით ვერის ხიდზე შემხვდი -

     ცივი, მკაცრი, დამცხრალი.

 

მიდიოდი, მიიძვროდი

     ჭყაპით, მარტის ამინდით,

მიდიოდი, - ვინ იცოდა:

     რიგში ტყვიით ცამეტით!

 

ახლოს იყო – შეგინება

     ეჰეჰეის ბღავილი,

სართულების შეკივლება,

     სისხლიანი ყვავილი.

 

 

                           *  *  *

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ ნიჰქონდა:

იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.

 

აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდინკენ დიოდა:

იწვა გალაკტიონი – მოხუცს ბეჭი სტკიოდა.

 

ალბათ, შუბლიც სტკიოდა – მაინც, მეფურ იერით,

იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.

 

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:

იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

 

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -

იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

 

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა

და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...

 

ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,

იწვა გალაკტიონი, სივცეებზე ფიქრობდა.

 

უცბად, შამოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,

უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:

 

კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეც იქ იდგა.

„რა ჰქნა?!“ - უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.

 

„რა ჰქნა?!“ - ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა. -

იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა...

 

სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,

დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.

 

წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,

მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.

 

იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,

იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.

 

ალაგ სამარხ მიწაში იყო მარტი ამინდით

ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.

 

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,

იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა,

 

ერთი-ორი სხვაც ჰყავდა,

ვინც მშობლისთვის იბრძოდა,

მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!

  

 

                 *  *  *

პუშკინმა სკვერი აირჩია,

ლერმონტოვს ჰკლავენ ტრამალში,

სიკვდილისაკენ გასწია

ლორდ ბაირონმა ლამანშით.

პეტეფიც მაგათ მხარშია,

ისიც ქარშია ფრთამალში,

გვწამს ფედერიკო გარსია -

უხორცოსავით მამაცი!

ვთქვათ, ტრაგედია არც კია:

თავგაყოფილი დრამაში,

ვახსენოთ, ხარჯი – ხარჯია,

ესენინ, ბიჭი ლამაზი!

პოეტი - სხვაგან ასია,

საქართველოში – სამასი,

გალაკტიონი თავშია,

რაღა თქმა უნდა, ამაშიც...

დიდი პოეტი მსგავსია

და ყველა ერთი მთავარში:

სუყველა – დიდი ბავშვია,

უყვარს სიკვდილთან თამაში!

  

            *  *  *

მოგონებები მახრჩობს,

გულით ხანჯლები დამაქვს.

ყველას თავისი ახსოვს,

ყველას თავისი შხამავს.

 

მახსოვს მუშამბა ჭრელი,

მახსოვს მაგიდ დახლთან -

მახსოვს დუქანი ძველი

ჯორჯიაშვილის ბაღთან.

 

ჭიქას შეახო ტორი,

თვალი გადმომკრა იჭვით

კაცმა – რუსთველის ტოლი

თავზარდამცემი ნიჭით.

 

ომი, შიმშილი, ლპობა,

ირგვლივ სარდაფის ჯანღი,

უმარტივესი ყოფა,

უმარტივესი ხალხი.

 

გულით ვეტყოდი „მამას“,

მეტყოდა: „ძმას“ და „შვილოს“,

ვჭამდით პლებეურ ქაბაბს,

ვსვამდით საერო ღვინოს.

 

ოჰ, ის დუქანი გაქრა.

სხვები მოშენდა ჭარბად,                                                 

ვერ მიმიგნია ახლა -

სიზმარი იყო, ალბათ.

 

მოვიშხამები ოდეს,

თვითონ მოვიჩხრეკ ჯიბეს,

ჩემსას მოვძებნი ლოთებს -

სადმე ჩავყვები კიბეს.

 

გატანილია ლელო -

ლურჯ სივრცეებში დახვალ.

მოგონებაო, მკვლელო,

ჩემი პირველი ძმა ხარ!

 

თბილისს, პარიზს თუ ბერლინს

ერთი ტკივილი შხამავს...

„ხშირად ვიგონებ ვერლენს,

როგორც დაღუპულ მამას“.

  

                   *  *  * 

იყო ტიციან და იყო გოგლა -

გვაქვს კარატები ამ საუკუნით,

მაგრამ სხვა იყო ტიტანის ოხვრა -

წელწბგადმოყრილ ლომის ბუხუნი.

იყო ის წვა და სისხლისგან დაცლა,

ბედნიერებას ასე ჰპოვებდა.

თოთხმეტი ჰქონდა შიგ გულში დაშნა -

სისხლის გუბეებს გზაზე სტოვებდა.

აწ – სინანული არავითარი!

ცა - გულუბრყვილო და მოწმენდილი!

გმადლობ, თავს მადგას იგი ტიტანი,

შენი საჭრეთლით გამოკვეთილი!

წამოდი, სადმე მოვძებნოთ ბაღი,

ანუ თუ სადმე პროსპექტი არი.

დიდ პარაკლისზე შევყაროთ ხალხი

და ცას შევუდგათ ოცმეტრიანი!

 

             მკვდრები

 

 არდავიწყების

                   მწვანე კონცხთან ამოდის გემი

ზღვის უფსკრულიდან;

                   მისცემიან გემბანზე ფიქრებს.

მიცვალებულებს -

                   ალამაზებს ოცნება ჩემი -

ბევრი მათგანი

                   ქუდს მიხდის და

                        ცხვირსახოცს მიქნევს.

 

აკაკი მოკვდა,

                   მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა,

                   ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი

                   და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი

                   დახუნძლული

                        ძვირფასი მკვდრებით.

 

ხოლო ცოცხლები

                   ჩემს ნაპირზე, ჩემს გვერდით დგანან;

მგონია, ვდგავარ

                   ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;

ხელს ვართმევ ცოცხლებს,

                   მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში ჩანან

და კარგად ვიცი,

                   რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.

 

„წინ! ასწი თასი!

                   მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!“ -

ვიღაც, დიდი და

                   იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული

                   ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს,

                    და საფრენად უძნელეს სივცეს.

 

ხომ არ დაბერდა,

                   ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,

რომ, რაც დრო გადის,

                   უხორცობის წყურვილით ვთვრები,

რომ მპირდებიან

                   სამუდამო ტაძარში ქორწილს

და მეძახიან,

                   მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!

 

რა არის წლები,

                   ეპოქები რა არის ხშირად, -

მოწამებრივი,

                   ხორციელი ცხოვრების შემდეგ

უსაზღვროების

                   თუ იქცევი წილად და შვილად

და წარიშლება

                   შენთვის ზღვარი

                        და სიტყვა „შესდექ!“

 

ჩუ, ეს ვინ გლოვობს?

                   მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -

კრთის და ფრთხიალებს

                   უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.

იქ არა ერთის

                   შარავანდი ბრიალებს ლამპრად,

იქ რუსთველია

                   წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.

 

იქ, წინაპრებთან,

                   ჩემი დროს შვილებიც ჩანან.

მკერდბუმბერაზი

                   ეს ვინ დადგა მამების გვერდით?

ოჰ, რა ღირსებით,

                   რა ლომური ჭაღარით დგანან

და რა ურყევნი

                   ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!

 

აკაკი მოკვდა,

                   მოკვდა ვაჟაც, ილიაც მოჰკლეს,

გალაკტიონმა,

                   ცაში თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი

                   და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი

                                           დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით...

 

„მაშ, ასწი თასი!

                   მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!“ -

ვიღაც, დიდი და

                   იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული

                   ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს,

                   და საფრენად უძნელეს სივრცეს.

Π‘Π°ΠΉΡ‚ управляСтся систСмой uCoz