ქებათა ქება ნიკორწმინდას

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი ნიკორწმინდა!

ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!

ხვეულთ დიადება
ვხედავ რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი ნიკორწმინდა!

შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!

შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი.
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

წამყე ბეთანიისაკენ!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!

ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...
სანადირო ადგილები...
 წამყე ბეთანიისაკენ!

მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

 

კუმისი

 

სილაჟვარდე მთვარის ჩუმის
მოჰფენია ცისფერ კუმისს,
ტბას დასცქერის მდუმარე ტყე
მოდარაჯე ჩამიჩუმის.

დაფიქრების, პირმოკუმვის
მოჩრდილება უვლის კუმისს,
ღელავს ფერი ხავერდისა
და სილბილე აბრეშუმის.

უეცრად შორს არღვევს ღუმილს
ხსოვნა ცეცხლის და სამუმის,
და ხმა ოძელაშვილისა
სიმშვიდეშიც აკრთობს კუმისს.

 

ლარიქს სიბირიკა

 

(larix sibirica) ციმბირის ნაძვი
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე?
ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე...
აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკა
ობოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.

სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოეტი,
სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოეთი!
განდევნა მიწამა, ცამ ვერ შეირიგა
მაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.

ონეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი,
ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოული.
დღეები სითბოსი ვერვინ დაირიგა
და აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბირიკა

იყო დაკარგული - წიაღს რაც ებადა,
ადგილს კატორღათ და გადასახლებათა.
დიდი გარდატეხის ზარი დაირეკა
და შენც მოგესმა ის, ლარიქს სიბირიკა!

აწ ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარშემო.
იტყვი: გაიღვიძა მხარემ მძინარემო -
ვითარ დიადია იმ გზათ, იმ არეთა
მძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა

აგერ მონადირე მოდის, ვით წვეული,
და მას ათასფერი მოაქვს ბეწვეული.
თოვლი, როგორც მტვერი, ისე დაირეკა
შენმა განრტოებამ, ლარიქს სიბირიკა!

ზღაპრულ სიმდიდრეთა დროა მოგროვების,
აურაცხელია ოქრო - ოქროების,
შემჭიდროებულთა არა აქა-იქა
გადაჭიმულია ტუნდრა და ტაიგა.

მიწას ციმბირისას ტყეთა ამალებით
მისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალები
რაც კი ფაბრიკების დიდი მილებია,
დიდი ქარხნების ხმას შეხმატკბილებია.

ყინვა გადავიდა, ნისლი გაირეკა -
მაისს გაუმარჯოს, ლარიქს სიბირიკა!

Сайт управляется системой uCoz