გამოცოცხლება

ხარობს გული, ხარობს გული იმას,
რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას.

რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი
(
იყო მსხვერპლი, მაგრამ მსგავსი მსხვერპლი?)

სევდიანი თვალს მოშორდა რული,
გამოცოცხლდა, გამოცოცხლდა გული.

სიხარულით კვლავ წკრიალებს ქნარი
(
იყო მკვდარი... მაგრამ მსგავსი მკვდარი? )

 

ისევ მესხის გამოხედვა

შენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა.
ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა.
ომთა გრგვინვა და დროშები თამარ მეფის ორბთა
შენ ბრწყინვალედ გამოსახე, დიდებულო შოთა!

ახსოვს იმ შენს ოქროსფერ წლებს, გორს, ასპინძას, მცხეთას
თუ რამდენჯერ სიკვდილისთვის თვალში შეგიხედავს...
სიკვდილმა ვერ ისიკვდილა, უჭკნობ დაფნის რტოთა
უკვდავების მტარებელო, დიდებულო შოთა!

მხოლოდ გმირთა თავდადების გზა იყო და არის
ღირსი დიდი სიყვარულის მშობლიური მხარის.
და იმ ვეფხისტყაოსანით ბევრი, არა ცოტა,
გამარჯვების დღე ყოფილა, დიდებულო შოთა!

თვით ქაჯეთის არ არსებობს ციხეები შავი,
ძმადშეფიცულ მეგობრების რომ არ ლეწდეს მკლავი.
მათ საზღვარი გადალახეს ათასნაირ შფოთთა,
და გვინათებს შენი სახე, მზეთა მზეო, შოთა!

თინათინის და ნესტანის სიყვარულის ღირსი
მხოლოდ გმირთა უკვდავება არის მარადისი!
შენს გარშემო ყველა დროის მღელვარება რბოდა,
უსაყვარლეს სამშობლოის მშვენებაო, შოთა!

მარგალიტთა დიდთა მტევნად და ოქროდა ჰქროდა
სიტყვათ შენთა შადრევანი, ცემა ჩოგანთ შნოთა.
შენი გული უსასრულო სიყვარულით თრთოდა,
შოთა, ერის სიქადულო, ღვთაებრივო შოთა!

 

მესხის გამოხედვა
 

ის გამოხედვა მზიური
შვილთა ვალი და სესხია,
შეგრძნება ტიტანიური,
იტყვი: ნამდვილი მესხია.

ის გამოხედვა სხვა, წრფელი,
ვერავის ვერ მოესყიდა
და ამაყობდა ქართველი
იმ ერთი ვინმე მესხითა.

იმ გამოხედვით არეებს
უკვდავი ცა მიესხურათ,
ვეფხვების შემოგარეებს
სხვა ვერვინ იტყვის მესხურად.

ის გამოხედვა გასდევდა
შთამომავლობას მესხივედ,
იბრძოდა, თავს გადასდებდა
თავგანწირული მესხივით.

არის ტალღათა მოხეთქვა
ძლიერი, არ უნებური.
მითხარით, სხვა გამოხედვა
სად არის მესხისებური?!

გრიგალია თუ სეტყვაა,
არ მეშინია მე სხვისა,
ქართველში გამოხედვაა
იმ ერთი ვინმე მესხისა.

 

მატარებლიდან

 

შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.

გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან ცხრება,
აქეთ - სადგური. იქით -
მშვიდ სოფლელების კრება.

მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.

აჰა, ღამდება. ბიჯი
და - აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი.

 

მშობლიურო ჩემო მიწავ!

 

სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს,
მთვარიანი და მზიანი
ზეცა აფრქვევს სიანკარეს.

ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!

ასწით კავკასიის ფარდა -
ეს ამერი და იმერი,
მისი ხელი ხმალს იკარ და
მისი მრავალჟამიერი.

მიყვარს მარად მხნე და ძმური
თუში, ფშავი და ხევსური,
აჭარა და თრიალეთი.

მშობლიურო ჩემო მიწავ.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს უფლებას,
შენს უფლებას სისხლით ვიცავ!

აღმოსავლეთ-დასავლეთის
გზა მიხვეულ-მოხვეული,
იავნანა მეგრელ დედის,
აფხაზური, მოხევური,

ლაზთა რბევა, სისხლის ტბორით
შეღებილი ქართლ-კახეთი!
რაჭა-ლეჩხუმია შორით,
ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!

და ვიგონებ იმერეთის
ომს ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას.
მის ჩონგურებს და წერეთლის
უდარებელ წერეთლობას.

გამაგონე ეგ ხმა ტკბილი,
დაჰკარ გრძნობით დაირასა, -
განა გული ძველის ჩრდილით
სამუდამოდ დაირაზა.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.
რომ დავიცავ ფაზისის ცას,
საირმეთა ეშხს დავიცავ!

აგერ წინამძღვრიანთკარის
ქარი არხევს ზვარის სამოსს,
და ხავერდი სავსე მთვარის
მოჰფენია საგურამოს.

მეცხრამეტევ! განთიადით
გვეგებება ოხვრა კაკლის...
ახალგაზრდა გოლიათი
ახლა ავსებს ამ დანაკლისს.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,
შენს მგზნებარე ჩანგს დავიცავ!

დიდი გზებით მიდის ძველთა
დიდება თუ დამარცხება.
ეთვისება ზაჰესს მცხეთა
და არაგვიც არა ცხრება.

უსივრცოა დროთა სივრცე
და მდიდარი - ფეროვნება,
მისი შრომა, მისი სიბრძნე,
მისი დიდი ხელოვნება. -

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს სიმართლეს,
სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ!

მტკვარს დაჰყურებს მაღლით ჯვარის
მონასტერის სიამაყე,
მოვიარე მთა და ბარი,
მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე!

ხუროთმოძღვარს აქ ჰყავს მცველი
მეომარი და მგოსანი,
და ჩუქურთმა უფრო ძველი,
ვიდრე ვეფხისტყაოსანი.

მშობლიურო ჩემო მიწავ.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ იმ ლექსთა ხმას,
იმ ჩუქურთმის შუქს დავიცავ!

მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ,
მოკირწყლული იყო ძვლებით,
მოღაღადე უკეთესად.
ვინემ უსახელო წლები.

იმ წარსულთან რა ძლიერი
ანათებს აქ დროის თვალი -
რარიგად ჩანს მშვენიერი
საქართველოს მომავალი!

მშობლიურო ჩემო მიწავ.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ იმ მომავალს.
იმ მომავლის მზეს დავიცავ!

და ხმალივით ბასრი გრძნობა
არის ფუძე ახალ ხანის,
ჰგავდეს რკინას ნებისყოფა
თვითეული ჩვენთაგანის.

გამარჯვების გზებით მიდის
თვითეული დღე ფრთამალი,
რომ არ ჩანდეს კვლავ იმ დიდი
სიდუხჭირის ნატამალი,

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მიღწევებს,
შენი დროშის ფერს დავიცავ.

ოცდაექვსი საუკუნის
წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს,
ხელნაწერნი განვლილ დროის
მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -

სუნთქვა ძველი წიგნებისა,
მშვენიერი ძველი ენა,
სული ქართლის ცხოვრებისა,
რუსთაველის აღმაფრენა!

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ უძველეს განძს,
იმ უძველეს წიგნს დავიცავ!

შლა წიგნების მიყვარს ძველის,
მშვენიერი ძველი ენა,
კიდევ - რაც ამ ოცი წელის
გადიშალა აღმაფრენა,

რაც ამბავი მოგუგუნე
ამ ანბანით აწყობილა...
სხვა მეოცე საუკუნე
არასოდეს არ ყოფილა!

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ახალ გზებს,
შენს უახლეს წიგნს დავიცავ!

ახლა ვეღარ გეტყვის ბედი,
საქართველო ნაწამებო:
ქართლს განუდგა იმერეთი,
საკუთარი სურს სამეფო.

თემურ-ლენგის ვერ წამოვა
ველურობის ხმა და ზახი.
თბილისს რომ არბევდა ხროვა
ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მშვიდობას,
შენს მთასა და ზღვას დავიცავ!

ქარმა მიანგრ-მოანგრია
ძველი ქვეყნის საბუდარი,
აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან,
ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი.

ის ვერ ითვლის გმირთა მხარ-მკლავს,
ვერც უხვობას გენიისას,
და ბრწყინვალეს ანთებს ვარსკვლავს -
ვარსკვლავს აკადემიისას.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ ერთა ძმობას,
მეგობრობის ფიცს დავიცავ!

თუ მრავალგზის დანგრეული,
კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე,
თუ მოეღო მეყვსეული -
მშენებლობის ნიაღვარი,

თუ ძალების არდაზოგვა
ამეტყველებს თვით ქვა-ლოდებს,
ეგ მისთვის, რომ ჩვენ ეპოქა
ახალ გზისკენ მოგვიწოდებს.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მიღწევებს,
შენი დროშის ფერს დავიცავ!

თუ ბუნების მოკვდავ კაცებს
გვიერთდება აღტაცება,
თუ გვამხნევებს და გვიტაცებს
განახლების დიდი მცნება,

თუ ყოველ დღის მძაფრი ჟინი
ახალ სიმაგრეებს აგებს,
ეგ მისთვის, რომ ჩვენ ლენინი
მუდამ წინსვლას გვიქადაგებს.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!

ქვეყნის მეტის მზით ავსება
საგანია ჩვენი ზრუნვის,
ჩვენ შევძელით დაფასება
ჩვენი მძლავრი საუკუნის.

გავიარეთ სევდისმგვრელი
გზათა სივრცე და საზღვარი,
გადავლახეთ ღამე ბნელი
და ბურუსი ყოველგვარი.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
გიცავდი და გიცავ მარად,
გიცავდი და კვლავ დაგიცავ!
 

მელანქოლიური მოსიმღერე
 

მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს
უნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს.
დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს

ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავს
დავკარგე და ვიგრძენი, რომ ბევრი რამ დამიკარგავს.
მქონდა დიდი ნებისყოფა, მუხას ჰგავდა, კლდეს ნარგავს,
დავკარგე და იმავე დღეს სიცოცხლეც დამიკარგავს.

აღარ მიყვარს, ო, ქალაქო, ცხოვრების სიავკარგე -
არ ვამბობ, რომ ყველაფერი, ყველაფერი დავკარგე!
ნურც ვინ მეტყვის: გულს ნუ იტეხ, გული ხომ ქვას არა ჰგავს
არაფერი, ან სულ ცოტა, ცოტა რამ დაგიკარგავს!

 

ქალაქისაკენ

 

წავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ
სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ.
ის გამოვიდა ძლიერ ადრე, ვით სიყვარული -
მთვარიან ტყეზე მიდიოდა გზა დაცვარული.

ბური. ოცნებას სიხარული გადადნობია,
გარშემო ტყეა, ზევით ვრცელი ცის ტატნობია.
ყვითელ ხაზების სინაზეში სულ ნელი ქარის
ნელი სიგრილის მოქროლებით მიმოიჩქარის.

უცებ გამოჩნდა ქვაფენილთა და სახლთა ლანდი,
ყველას მიესწრო: ერთადერთი მე დავგვიანდი.
ცხელმა ქალაქის ქვაფენილმა მე ვერ მიშველა,
შუადღის მტვერში როს უქუდო და ფეხშიშველა

მივდიოდი და გამწარებით ვიმტვრევდი თითებს,
ვინ გაგიგონებს, ვინ მოგხედავს, ვინ დაგამშვიდებს.
მაინც აღმომხდა: დედამიწავ, ო, მერამდენეჯერ
უნდა დავემხო, გეამბორო, რომ ასე შემჭერ

ჩემთვის უცნობ და მიუღებელ ცხოვრების ზვავში -
ოდესმე ნაზი, ზამბახივით უღრუბლო ბავშვი.
ო, მერამდენედ უნდა გითხრა კიდევ მადლობა
ცისკრისთვის, რასაც დილის ჰქვია მოსინათლობა;

იარებისთვის, ჩემს დასისხლულ ფეხს რომ აჩნია,
ყველაფრისათვის, რაც არა მაქვს, რაც გამაჩნია.
ჩემო ძვირფასო დედამიწავ, ძვირფასო დედა,
მხოლოდ შვილურმა სიყვარულმა აქ მომახედა.

პირქვე ვემხობი, ვიყრი მუხლებს და ასე ვამბობ:
გმადლობ, დედაო, ყველაფრისთვის უზომოდ გმადლობ.
რომ აშრიალდნენ ჩონგურები, როგორც ტყეები,
მიტოვებული, დავიწყებით სავსე ტყეები;

რომ მიჰყავს სიმთა ოქროს ნავებს სიმსუბუქეში
ჩამავალ მზეთა ნაყოფიერ მინდვრის ნუგეში.
რად მინდა, გავყვე შენს ეთერის უბეში ტრიალს
იქ, სადაც ქარი თავისუფალს მღერის ხეტიალს.

მივალ უცნობ და მიუღებელ ცხოვრების ზღვაში,
ოდესმე ნაზი, ზამბახივით უღრუბლო ბავშვი.
ბური. ოცნებას სიხარული გადადნობია,
გარშემო ტყეა, ზევით ვრცელი ცის ტატნობია.

Сайт управляется системой uCoz