*  *  *

                

         უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!

         შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო,

         მიგაფრენს მუსუკის მღელვარე ნაკადი,

         ხევების ქარის ხმა, ნამქერთა ღაღადი.

         რა გრძნობა მომესმა, რა ცეცხლი, რა ნიჭი!

         ეს არის დღეს ჩენთვის ახალი ნაბიჯი.

         ქარბუქი, ნიავი, ხანძარი თუ  შუქი

         შენ უნდა გბაძავდეს და იყოს მსუბუქი. . .

 

                     რაც იქნეს იქნეს

 

          როს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ

          მენატრებიან ფრთები თეთრები,

          მაინც არავის არ ვევედრები:

          გზა გამასწავლეთ, გავიდე იქნებ.

 

          იქ სასიკვდილო მახვილებს იქნევს

          ყველა ჩონჩხები, ყველა ცხედრები,

          მაგრამ არც კვნესა, არც დაყვედრება:

          წინ გაბედულად! რაც იქნეს იქნეს!

 

 

         რა ღრიანცელში ვიდოდა გემი

         

             დაღამდა,ნისლი გადეკრა შარას,

             ტყეს დეფარა ღამის ბლონდები,

             მაგრამ გხედავ მთების იარას

             და უსათუოდ მოგაგონდები.

             რა ღრიანცელში ვიდიდა გემი

             და საშიშარი იყო ტყე-ველი,

             ყველგან,ყოველში მარხია ჩემი

             სულის ნაწილი შეუმჩნეველი.

 

     სად იყო სმენა და გაგონება?

 

        ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს,

      მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება

      თვით მურილიოს, კაელიოს, თვითონ ანგელოზს. . .

      სად იყო სენა და გაგონება?

 

      პოეტი-მასა ხალხთა კოშკის დღეს უწინარეს

      გადასცქეროდა ბლროტებას განარიდები,

      თვალგადაუწვდენ ორმოებში სისხლის მდინარე

      და ტრანშეების მიდიოდა ლაბირინტები. . .

                    

დადგა აგვისტო

 

დადგა აგვისტო. ცა რიდეული
დაისიცხება ისევ დილ-დილით;
ქალაქს ედება მზე თვითეული
ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილით.

ისევე ჩქარი და უძლეველი,
ვიცი, რადა ვარ ასე ქარული,
ჯერ ყველასაგან მიუკვლეველი
აღმოვაჩინე მე სიყვარული.

ეს სიყვარული დააცხრობს გოლვას
და გაგიჟებას უფრო უარესს,
სურვილი ისევ უშენს რევოლვერს,
ცას რომ ღრუბლებმა გადაუარეს.

ღრუბლებო შავო, მზეო საპყარო,
მე აღტაცების ზღვაში შეველი,
აღმოვაჩინე მთელი სამყარო,
ქვეყნისთვის ჯერაც მიუკვლეველი.

 

 

დღე გაფითრდა იაგუნდისა

დღე გაფითრდა იაგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაიღუპები.

საშინელი მოსკდა წვიმა,
როს მცხეთაში წავედი,
სად აზიდა ძველმა ქიმმა
მწირის ცა, ვარსკვლავები.

არ გადიღო წვიმამ გზამდე,
ტალახებს ვერ დავზელდი,
და თავიდან ფეხებამდე
მასხა, ძლიერ დავსველდი.

მე გავცივდი. ავადა ვარ,
ძლიერ, ძლიერ ავადა.
ის მწარე დღე, გსურს თუ არა,
მოვა თავისთავადა.

დღე გაფითრდა იაგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაიღუპები.

 

 

იქით ნუში, აქეთ ნუში

იქით ნუში, აქეთ ნუში,
დახეთქილი ბროწეული,
ისევ ალუჩების ბუში
და ატმების ძოწეული.

გადაუგდე ნიავს ყელი,
სიო მოჰქრის შებინდების.
მოისმინე წინანდელი
გაჟრჟოლება სიმინდების.

შორით ელავს ჩვენი თეთრი
კოშკის ძველი გალავანი,
წინაპართა ჩვენთა ხვედრი -
მათი მიწა და სავანე.

დავუბრუნდეთ... უნდობარ სულს
თითქო კარი დარაზოდეს,
შენ ნუ მკითხავ მაინც წარსულს,
არც მე გკითხავ არასოდეს.

 

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების
 

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების,
დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით;
უნაზესი ისმის ხმა საკრავების
ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით.

მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა.
იბინდება, იბინდება მთაწმინდა.
აჰ, ეგ თმები, ჩემს სახეს რომ ეხება,
შუქმა კარგი მოგონებით შეღება.

იყო ომი, იყო ცეცხლის დროება,
ლოდინია ახლა და მყუდროება
ციდან მთებზე ეშვებიან კრავები,
დაღალული წყდაბა ხმა საკრავების.

 

 

მატარებელში

 

მთები აჭრელდა როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიჰქრის ბინდებად,
ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?

 

მოგონება ჩვენი ჭალისა

საღამო ხანად ჩალანდრის ცხენი
მე მაგონებდა გორებს შორებელს,
ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი
ბინდის მეგობარს მოუშორებელს.

ცამ მოგონება გადუხალისა
მას, ვისაც სწამდა ღამის ფერები,
ეს იყო ქარი ჩვენი ჭალისა
და შემოდგომის ჩალისღერები

 

მთვარე ჭაში

 

დაღალვით ხეზე მიწოლილა
მოხუცი რაში,
მის წინ დევები იღერებენ
ეშვებს და დინგებს

და თეთრი მთვარე საიდუმლოდ
ჩასული ჭაში
განცვიფრებული უყურადებს
მიმავალ ჭინკებს.

ამ სიჩუმეში ვინ დათვალოს
გზანი, ჰუნენი?
აქ წარსულშიც და მომავალშიაც
შეჩერდებიან საუკუნენი.

 

ორი ასული ნეტარი
 

ორი ასული ნეტარი,
ორი სხვაგვარი წამება,
აქ შორეული მხედარი
გული გულს ესაბამება.

იქ - ვარსკვლავები ზედაშე,
აქ - მეოცნებე ციარი,
და სიყვარული მე და შენ
ნეტა რად გვქონდა ზიარი.

 

ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა

 

ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადაახალა.
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.

ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი,
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა.

ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი, -
გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში, ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.

 

 

 

 

 

 

Сайт управляется системой uCoz