ლურჯა ცხენები

 

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

 

 

 

ატმის ყვავილები

 

რტოებში ავობს ბებერი ქარი,

ყვავილთა ჯარი  ფიფქით ბანაობს.

ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,

ნანაობს ქარი და მიქანაობს.

 

და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,

ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა,

ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს,

დაწვდა ბილილებს და აათრთოლა.

 

ატმის ხე იდგა თაიგულივით,

იქ მას მილევით უთრთოდა სული!

შორით მოსული გაზაფხულ სხივით

და ნამთა მძივით გარემოცული.

 

ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი,

ვით დედოფალი უცხო მხარეში.

სინარნარეში სწვავდა მზის ზალი

და გრძნობათ ალი - სიმწუხარეში.

 

ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,

როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,

მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა

და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.

 

მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი

და ფრთა მედგარი შემოახვია,

ეხლაც ატყვია ხეს განაბზარი,

ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.

 

როგორც პეპლები მშვიდი და ფრთხილი

შემდეგ აშლილი და აფრენილი -

გადაცვენილი ატმის ყვავილი

იყო დაღლილი და მოწყენილი

 

ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა!

მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,

ყვავილი იგი მოკვდა და ჩაქრა

ცითლად დაფარა ბაღის ბილიკი.

 

ბაღის ბილიკზე მიცდივარ და თან

გაძვრცნილ ატამთან ზღვები გროვდება,

საღამოვდება და მზის ჩასვლასთან

თანდათან მწუხრი მიახლოვდება.

 

მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?

ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,

მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი!

გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!

 

 

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან მესაფლავეს რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს მე და ღამეს?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

 

მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

 

რა სევდიან ნანას ამბობს ქარი

 

რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,

ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი.

 

დაიძინეთ,  სურვილებო - კმარა!

კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა.

 

დაიძინე შენც, იმედო ჩემო,

ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!

 

 

შენ ზღვის პირად

 

შენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი,

სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი

და გფარავდა მწვანე სუროსფერი

ცაცხვისა და ალვის ხეივანი.

შენს ღიმილში მწუხარების ჩქერი

მოულოდნელ სიყვარულად ვცანი,

როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,

როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.

ამ ღიმილში კარგი, მშვენიერი

გამოკრთოდა სევდა-კაეშანი,

როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,

ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი.

იმ ღიმილზე, იმ სევდაზე ვმღერი,

ბანს მაძლევენ ყვავილნი და მთანი.

მერი, ჩემო შორეულო მერი,

შენსკენ მოჰქრის ბედის იალქანი.

 

 

ის

 

ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა

გადააქსოვა სარკმლის მწვანე ბროლს,

სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა

და დაათოვა სურათებს, საწოლს.

 

მე დამავიწყდა ძველი წვალება

და ვალალება გრძნობათ დამხობის,

და მახსოვს მხოლოდ ცისფერთვალება

იდუმალება შორეულ ტრფობის.

 

მომიახლოვდი, ვით მთვარის შუქი,

მითხარ, მაჩუქე ოცნებათ კრება.

უჩინრად ჩნდება ვნებათ ქარბუქი...

ეს მართლა ხდება თუ მესიზმრება?

 

ალვები თოვლში

 

დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს

ივლისისფერი ყინვის თასებით!

სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,

ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.

მოკრიალებულ ჰაერში ოდეს

გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,

ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს

გადაზნექილი სიზმრების წელი!

მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,

ჩამოიშლება შუქი - პირბადე

და უცნობ რამის შორ საკურთხეველს

უნდა ვუხმობდე განთიადამდე.

დგას გაყინულთა ოცნებათ კრება:

მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...

და უჩვევ ნათელს ეალერსება

ჩვეულ სიცივის მძინარებაში.

 

ვერხვები

 

ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი

და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,

ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი

აშრიალდება უშორეს ზღაპრად.

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს

ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,

სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს

მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ...

სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!

იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...

ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.

მას შემდეგ ბედი და იალქანი

ქარის სიმძიმით გადაიხარა,

შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?

რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,

ეს იყო ვერხვის ფოთოლთა კვნესა,

დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,

მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.

 

აკაკის ლანდი

 

მდუმარე მხარეს  შორი მთებისას

დაჰხარის ღამე და ანდამატი.

იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,

გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!

 

თეთრი ჭაღარით მოსილი თმები

ელავდა ელვის ელვა-ციმციმით

და მოხიბლული იყო მთიები

დადებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.

 

მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა

ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩემი

და მოძრაობდა ღამის მნათობთა

აღელვებული ელიზიუმი.

 

გრძნობდა თანაბარ მოახლოებას

განცვიფრებული და დიდი მთები,

შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთა

მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები.

 

მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,

შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა,

მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი

ნაპერწკლის დროშით ააელფერა,

 

და საიდუმლო შუქით შემოსა

მიწყნარებული გზა იშვიათი: -

ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის

მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.

 

ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი

და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,

რომ არ აანთოს ისევ სანტელი

დავიწყებული ხატის მახლობლად.

 

იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,

იქნება ჩვენთან მარად და მარად!

ჩვენი ზღაპრების სიდიადეში,

ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.

 

არ მოგაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს

მისი, პოეტის, მაღლით ანთება.

კურთხეული იყოს, კურთხეულ იყოს,

კურთხეულ იყოს ეს მოლანდება.

 

მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

ი.ა.

ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით ჯიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.

უცებ შემკრთალი ღამე

 

ცა ვარსკვლავების ქვიშით

ველებს ეცემა ნამი...

გაყინულია შიშით

უცებ შემკრთალი ღამე.

 

უცებ შემკრთალი ღამე

უახლოვდება ქუჩას.

განწირულების ცამი,

ფერი რკინის და თუჯის.

 

ბავშვობის დღეები

 

გაფრინდა ბავშვობის დღეები,

მინდვრები,ჭალები,ტყეები,

უეცრად მოვიდა შავებით

სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან,

მწუხარე ფერხულში ჩავებით

და თვალი ცრემლებმა დაბინდა.

ბალახი,მდინარე,ხეები,

დღეები,ბავშვობის დღეები!

 

 

ედარებოდა შეშლილს

 

მაშინ სტოვებდა ყველას და ყოველს
და, ფეერიულ ალში მცურავი,
ედარებოდა შეშლილ ბეთჰოვენს,
დაუნდობელი და მომდურავი.
და მიდიოდა უბედურ ქარში,
რა იყო ქარი ერთადერთისთვის,
სამგლოვიარო მან შექმნა მარში,
რომ წყევლა-კრულვა ეთქვა ღმერთისთვის.

 

 

ობელისკი

 

ობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს,

ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ

ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი

ყველასთვის უცხო და ბნელ ქარაგმად.

 

წყალი შავია, როგორც მელანი,

შავ წყალზე ყალყზე შედგა მერანი

და სასაფლაოს მხრიდან ძერა

თავს დასტრიალებს, ვით ბედისწერა.

 

ვიგონებ აიმ მიქელ-ანჯელოს

 

ვიგონებ აიმ მიქელანჯელოს,

არაა ძნელი მთების დანდობა,

რომ ცისკრისკენ მაღალ ანგელოზს

ესაფეხუროს ლალის ტატნობი.

 

ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი

ახალი დროის დიდი მესია,

მედგარი მხრებით რომ აიტანა

მთაზე დიდება და პოეზია.

 

 

მე მოვალ

 

ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს... აჰა, ვიტანჯები!

ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან.
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!

 

 

გვიანი ოცნება

 

წიგნი ვედრებიანი,

ალოცება სატანის,

და ოცნება გვიანი

ვილიე დე ლილ-ადანის.

 

ხშირად მომეფერების

ჩემი კარგი ზმანება

და მტანჯავს მწუხარების

ყელით  გადაქანება.

 

ლურჯი, ლურჯი დღე არის,

განშორების დღე არის,

მე არ ველი უარესს. . . .

 

 

 შიშველი

 

სიმაღლე ლაჟვარდთა,

ვარსკვლავთა სიმაღლე,

სიმაღლე ზამბახისა!

ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი.

ოჰ,თქვენს თმებს შეჰფერით დაფნა და ამბორი!

ელადა,ელადა!

აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს,_

ასეთი სინათლით შუბლი უელავდა

ვენერა მილოსელს.

 

 

დრო

აზიის დაშლილი თმის შავი გიშერის
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები!
შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის, .
როს შუქად მშობლიურ ცას შეეშენები.

სარკეთა სახეებს სანთლები მოედო
და შვენის რუსთაველს შირაზის ვარდები;
სიმღერის მხურვალე დრო არის, პოეტო,
თუ ასე წარმართი გზით წარემართები.

 

 

ედგარი მესამედ
 

ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.
იყო საღამო. ლოცვები. ზარი.
და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,
რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.
ენატრებოდა ფრთებს სითამამე
უზრუნველობის, შენი სიშორის!
მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,
ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.
და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი:
საცაა, მოვა სიკვდილის წამი!
ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი
და მივდიოდით ტაძრისკენ სამი.

 

 

ელვარე და ლომფერი


ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
მაგრამ თვალმა დათვალა
მზე ბევრი და ცხრათვალა.
ო, მზით გადანაცარო,
ცხრა მუხა და ცხრა წყარო.
რუსთაველი - ხანია,
ისიც ცხრა ანბანია.
ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.

 

 

იერი

იყო დილა მშვენიერი
დილა ფერადი,
მაგრამ უცებ წამოვიდა
ცაიერადი.

ასე იყო შენი დილაც
ბედისწერამდი.
სანამ ყოფნის არ დაგკრავდა
ცაიერადი.

რომ იჭექა, გზა დაყრუვდა
სერით-სერამდი,
და მაისის წამოვიდა
ცაიერადი.

ეჰ, წამოდი, ჩემო წვიმავ,
მგონი, მეღირსა
მოთმინებით მეგრძნო რისხვა
შენი მეხისა.

რომ შენს ღელვას შეუერთდეს
ლურჯი მერანი,
ცაიერადს ჩემი ჩანგის
ცაიერადი.

იყოს ქროლა მარადისი,
მაგრამ ვერრათი
ვერ დააცხროს დროთა ჩვენთა
ცაიერადი.

 

 

 

მარმარილო

 

აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!

სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:

ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, -
ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.

და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი,
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი...
ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!

 

 

მიცქირე თვალში

 

მიცქირე თვალში,
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?

იყავი ჩუმად
და ბინდიან
თვალში მიყურე.

ნურაფერს მეტყვი,
მე არ მინდა
არავის ნანა.

მიცქირე თვალში,
ო, ჩემს თვალში
საშინელება იგრძენი განა?!

 

 

Сайт управляется системой uCoz